რონალდ რეიგანი

A people free to choose will always choose peace.
Ronald Reagan

რონალდ რეიგანი დაიბადა 1911 წლის 6 თებერვალს ტამპიკოში,ილინოისის შტატში.პროფესიით ყველასთვის ცნობილია,რომ გახლდათ მსახიობი,ლოს-ანჯელესში ცხოვრების პერიოდში.იგი იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი,შემდეგ კი ფირმა ’’ჯენერალ ელექტრიკის’’ სპიკერი. პოლიტიკაშიც ამ დროიდან ჩაება.თავიდან რეიგანი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო,1962 წლიდან კი რესპუბლიკელი გახდა.ამის შემდეგ ორი ვადით კალიფორნიის გუბერნატორი გახდა. (1967-73 წ.)მას ორჯერ,1968 და 1976 წლებში ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის წარუმატებელი მცდელობა.1980 წელს გაუმართლა კიდეც და შემდგომ ჯიმი კარტერის დამარცხებით,69 წლის ასაკში აშშ-ის მე -40 პრეზიდენტი გახდა.(1981-1989 წ)

პრეზიდენტის რანგში რეიგანმა ქვეყნის შიგნით ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივები წამოაყენა.მისი ეკონომიკური პოლიტიკა,რომელსაც რეიგანომიკას უწოდებდნენ,გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას,ინფლაციის კონტროლს,სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის ტემპების სტიმულირებას.

რა ხდებოდა საგარეო პოლიტიკურ არენაზე?! რეიგანს ხომ საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესის მნიშვნელოვან დამჩქარებლად მოიაზრებენ.რეიგანი ღრმად მოაზროვნე ინტელექტუალი არასდროს ყოფილა,მაგრამ იგი ზუსტად აცნობიერებდა,რომ ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში განმუხტვის შენარჩუნება მხოლოდ გაახანგრძლივებდა ’’ცივ ომს’’ მისი სითყვებითვე: ’’თავზე თმებს არ დაიპუტავდა,თუკი განმუხტვა გარდაიცვლებოდა’’. თუმცა თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში რეიგანი მაინც ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის გამართვას.მას გულწრფელად სჯეროდა,რომ პირადი ურთიერთობის საშუალებით იგი შეძლებდა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებში გარდატეხის შეტანას. სოლიდური ურთიერთობების დამყარება მან ვერც ბრეჟნევთან,ვერც ანდროპოვთან და ვერც ჩერნენკოსთან ვერ შეძლო,რადგან საბჭოთა ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალნენ.რეიგანს ამაზე ირონიულადაც უთქვამს:’’აბა რა ჩემი ბრალია,თუ ისინი ჩემს ირგვლივ თვითონ კვდებიანო’’.რეიგანმა მისი წინამორბედი კარტერის მიერ შემოღებული  ემბარგოც კი გააუქმა სსრკსთვის ხორბლის მიყიდვის თაობაზე,მაგრამ ამავდროულად მას მიაჩნდა,რომ დასავლეთი სსრკ სთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე არანაირად არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული.რეიგანი მალე დარწმუნდა,რომ მეგობრული ურთიერთობების წარმოება მოსკოვის მისამართით დროის კარგვა იყო.რეიგანის დავალებით იწყება უსაფრთხოების ახალი დოქტრინის შემუშავება,რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა ექსპანსიონიზმის არა მხოლოდ შეკავებას,არამედ მის უკუქცევას.რეიგანი იღებს გადაწყვეტილებას მკაცრი პასუხი გასცეს საბჭოთა გამოწვევას ყველგან,მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. პრეზიდენტი არწმუნებს კონგრესს,რომ საჭიროა ავღანელი მუჯაჰედებისთვის დახმარების გაზრდა.მალე მუჯაჰედები მზარდ წინააღმდეგობას გაუწევენ საბჭოთა ჯარს.მათ გაუჩნდებათ ’’სტინგერები’’,რომლებიც შიშის ზარს სცემენ საბჭოთა ავიაციას.(კონგრესმენ ჩარლი ვილსონის უდიდესი წვლილი) 1983 წლის მარტში აშშ-მა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა კარიბის კუნძულ გრენადაზე,სადაც შეიარაღებული გადატრიალების გზით 1979 წელს ხელისუფლებაში მორის ბიშოფის მარქსისტული მთავრობა მოვიდა.ამ კუნძულზე საბჭოთა ბულგარელებმა,ჩრდილო კორეელმა სპეციალისტებმა,დაიწყეს სამხედრო-საჰაერო ბაზის მშენებლობა. 1983 წლისთვის გრენადაში 700 მდე კუბელი სამხედრო იმყოფებოდა. გრენადაში საბჭოთა ინტერვენცია მკაცრად გააკრიტიკეს არა მხოლოდ საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში,არამედ მოკავშირეებმაც,მათ შორის ბრიტანეთმა და კანადამ.მიუხედავად ამისა,რეიგანი კვლავ ადასტურებდა თავის პოლიტიკურ ნებას,არ დაეშვა კომუნიზმის შემდგომი გავრცელება აშშ-ს დახმარებით გაძლიერდა ნიკარაგუის მარქსისტული რეჟიმის შეიარაღებული ოპოზიცია.საბოლოოდ მათ აიძულეს ხელისუფლებას ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და გაიმარჯვეს კიდეც.ვაშინგტონის დახმარებით ანგოლაში გაძლიერდა ოპოზიციური ’’უნიტა’’,რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიწყება კუბის სამხედრო ნაწილების გაყვანა ამ ქვეყნიდან. 1983 წლის აპრილში დასავლეთ ბერლინში ტერორისტებმა დისკოთეკა ააფეთქეს,რის შედეგადაც ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ. აშშ-ს სპეცსამსახურებმა დაადგინეს,რომ ამის უკან ლიბიის ლიდერი მუამერ კადაფი იდგა.რეიგანის განკარგულებით რამდენიმე დღეში აშშ-მა სარაკეტო დარტყმებით გაანადგურა ლიბიის სტრატეგიული ობიექტები,მათ შორის კადაფის რეზიდენცია.ამ ინციდენტსაც მრავალი კრიტიკა მოჰყვა.

რეიგანის დოქტრინას იდეოლოგიური მიზანმიმართულება სჭირდებოდა,რაც აშკარად გამოიკვეთა მის მიერ 1982 წელს ინგლისის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში. პრეზიდენტის სიტყვა თავისი სულისკვეთებით გავდა ჩერჩილის 1946 წელს წარმოთქმულ  ’’ფულტონის სიტყვას’’. ახლა რეიგანი აგრძელებდა ჩერჩილის საქმეს. ’’კარლ მარქსი სწორი იყო.ჩვენ მართლაც მომსწრენი ვართ დიდი რევოლუციური კრიზისისა.მაგრამ კრიზისს ადგილი აქვს არა დასავლეთში,არამედ საბჭოთა კავშირში,ქვეყანაში,რომელიც ისტორიის დინების წინააღმდეგ მიდის.უარყოფს ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებას და ამასთანავე ვერ კვებავს თავის მოქალაქეებს’’.იმავე 1983 წელს რეიგანი სიტყვით გამოვიდა ევანგელისტთა ეროვნულ ასოციაციაში და საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა.

 აშშ იწყებდა ფრონტალურ შეტევას საბჭოთა იმპერიაზე.შეტევის მთავარ მიმართულებად რეიგანმა აშშ-ის სამხედრო პოტენციალის თვისობრივი გაძლიერება შეარჩია. პრეზიდენტის ინიციატივით კონგრესმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები.1985 წლისთვის პენტაგონის ბიუჯეტი 1980 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. რეიგანმა განაახლა კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში შეჩერებული პროექტები ე.წ ძლიერი რადიაციის იარაღისა და ახალი B-1 ბომბდამშენის შესაქმნელად. დაიწყო მუშაობა MX ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზე. რეიგანმა ფაქტობრივად შეაჩერა SALT -2 ხელშეკრულების რატიფიკაცია ამერიკის კონგრესში და აქცენტი სსრკ სთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაიტანა (START). კრემლში დაასკვნეს,რომ რეიგანი საერთოდ უარს ამბობდა შეიარაღების კონტროლის პროცესზე. რეიგანმა შესთავაზა მოსკოვს ე.წ ნულოვანი ვარიანტი,რომლის მიხედვით  სსრკ ს უნდა დაეშალა თავისი ცნობილი SS-20 ტიპის რაკეტები,ხოლო აშშ საპასუხოდ უარს იტყოდა დასავლეთ ევროპაში ’’პერშინგის’’ საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსებაზე.კრემლმა ამ შეთავაზებაზე,რა თქმა უნდა,უარი თქვა. რეიგანმა მიიღო გადაწყვეტილება საშუალო რადიუსის რაკეტების დასავლეთ ევროპაში განთავსების თაობაზე და ამ თემაზე ევროპის ლიდერებთან დაიწყო მოლაპარაკებები. დე გოლის საფრანგეთმა და ასევე დასავლეთ გერმანიამ თანხმობა განაცხადეს. ტეტჩერის ბრიტანეთმაც ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა თანხმობა,მის ტერიტორიაზე ’’პერშინგის’’ განთავსებასთან დაკავშირებით. 1892 წლის აპრილში არგენტინის სამხედრო ხუნტამ ჯარი გადასხა ფოლკლენდის კუნძულებზე,რომელიც დიდი ბრიტანეთის სადავო ტერიტორიად ითვლებოდა ატლანტიკის ოკეანეში. ბრიტანეთის საზღვაო-სამხედრო ფლოტმა სულ რამდენიმე დღეში სასტიკად დაამარცხა რიცხობრივად უპირატესი არგენტინის ჯარი.ეს გამარჯვებაც,ტეტჩერთან ერთად,რეიგანის წარმატებადაც იქნა აღქმული.

ვაშინგტონის გამალებული შეიარაღების ინიციატივათა საპასუხოდ მოსკოვმა 1983 წ. 22 ნოემბერს დატოვა აშშ სთან შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკების პროცესი.

კრემლს წინ ელოდა ყველაზე დიდი ’’სიურპრიზი’’ რეიგანისგან. ეს იყო SDI-სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა. იგი გულისხმობდა კოსმოსურ სივრცეში ისეთი თავდაცვითი სისტემის დაყენებას,რომელიც ჰაერში გაანადგურებდა მოწინააღმდეგის ბალისტიკურ რაკეტებს.,ანუ აშშ იწყებდა ფიქრს ისეთი კოსმოსური ’’ფარის’’ შექმნაზე,რომელიც არაეფექტურს გახდიდა ნებისმიერ ’’ხანჯალს’’,რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო ის. ასეთი ორიგინალური ტექნოლოგიური მიკვლევით ინგრეოდა სსრკ-ს ისტორიული მონაპოვარი-სტრატეგიული პარიტეტი აშშ-სთან.  სსრკ-ს აღარ შესწევდა უნარი ამ უძვირესი პროექტისთვის წინააღმდეგობა გაეწია.სსრკ-ში ამტკიცებდნენ,რომ ამერიკა ომისთვის ემზადებოდა,ამის თქმის საბაბს ისიც იძლეოდა,რომ 1983 წელს ნატოს წევრებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დასავლეთ ევროპაში. სსრკ ში სერიოზულად შფოთავდნენ SDI ს გამო.დაიწყო მოძრაობა ლოზუნგით:’’არა ვარსკვლავურ ომს’’.მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართებოდა სხვადასხვა ქალაქებში…..

საბჭოთა კავშირი,იმპერია რომელში შემავალ სხვადასხვა ხალხსაც აერთიანებდათ მხოლოდ უტოპიური იდეოლოგია და ცენტრალურად დაგეგმილი,ნგრევის პირას მისული ეკონომიკა,ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინგრეოდა…რონალდ რეიგანი კი იყო ადამიანი,რომელმაც ბოროტების იმპერიის ნგრევის დაჩქარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.

ვაცლავ ჰაველი: ზნეობრივი პოლიტიკის სახე

 

 

 

 

ნანა ბერუაშვილი, 2011

“…..ვისაც აქვს გული და გემოვნების შეგრძნება, მას შეუძლია წარმატებული პოლიტიკოსი გახდეს და უფრო მეტიც, ის პოლიტიკისათვის არის შექმნილი’’…..

საბჭოთა კავშირში ’’პერესტროიკის’’ დაწყებასთან ერთად, ჩეხოსლოვაკიაში გააქტიურდა ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც სერიოზულ მასშტაბებს იძენდა. 1988 წლიდან ვაცლავ ჰაველი იკვეთება , როგორც ოპოზიციის ლიდერი , რომელიც ნელ-ნელა ეროვნულ ლიდერადაც გადაიქცა.
1988 წელსვე, იგი პირველად გამოდის ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიით,მილიონობით მაყურებლის წინაშე. ვაცლავ ჰაველის პოპულარობა მკვეთრად იზრდება. იგი მტკიცე ნებას გამოთქვამდა ქვეყანა დაბრუნებოდა ევროპულ ოჯახს.”ჩვენი სურვილია, ვიცხოვროთ თავისუფალ, შემოქმედებითსა და აღორძინებულ ჩეხოსლოვაკიაში. გვინდა დავუბრუნდეთ ევროპას და არასოდეს ვუღალატებთ ჩვენს იდეალებს…”(ვაცლავის ხმა,1989 წლის 14 ნოემბერი)
’’მალე კომუნისტურ რეჟიმს დავამხობთ’’, მისი ეს სიტყვები გამართლდა კიდეც. 1989 წლის მშვიდობიანმა, ’’ხავერდოვანმა რევოლუციამ’’ ჩეხოსლოვაკიაში, ბოლო მოუღო საბჭოთა რეჟიმს. ვაცლავ ჰაველი რევოლუციის ავანგარდში მოექცა, როგორც სახალხო მოძრაობის ლიდერი. მალევე პარლამენტის ერთხმად არჩევის შედეგად ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ხდება. სხვათაშორის, თავის ბოლო წიგნში ’’გთხოვთ, მოკლედ’’, აღნიშნავს: ’’ რაც უფრო ვშორდები იმ მოვლენებს, სულ უფრო მეტად მეჩვენება, რომ უკანასკნელი ვიყავი მათ შორის, ვინც იდეას ჩემი პრეზიდენტობის შესახებ სერიოზულად მოეკიდა’’. პრეზიდენტია იქამდე, სანამ ჩეხოსლოვაკია ორად გაიყოფა, ხოლო შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის პრეზიდენტად ირჩევენ.
ჩეხოსლოვაკიის გაყოფასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, – ’’საწყენია, რომ სლოვაკებმა ჩვენთან ერთად ცხოვრება არ მოინდომეს, თუმცა, რაკი რეფერენდუმმა დაადასტურა, რომ ეს ხალხის ნებაა, მას უნდა პატივი ვცეთ!’’
ისტრორიამ აჩვენა, რომ ეს მშვიდობიანი ’’გაყრა’’ ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა იმ პერიოდში, დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ჰაველი ბრძნულად მოიქცა. სწორედ მისი წყალობაა, რომ მოვლენები იუგოსლავური სცენარით არ განვითარდა.
დრამატურგი, ესსეისტი, ’’ქარტია 77 ის’’ თანაავტორი, ადამიანის უფლებათა დამცველი, დისიდენტი, ადამიანი, რომელიც წარსულში საბჭოთა კავშირს სასტიკად ებრძოდა და რომელიც ამის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული. პოლიტიკოსი, რომლის მოღვაწეობაც გულიდან წამოსულ პოლიტიკაზე, ზნეობაზე და მორალზეა დაფუძნებული და არა ეგოისტურ, პრაგმატულ ინტერესებზე და რაღაცა თეზისებზე.
მისი მიმართვები, ხედვები, ყოველთვის გამორჩეულად ადამიანური პოლიტიკის სულისკვეთებას გამოხატავდა. ამ პოლიტიკის გატარება კი, ჰაველს, არაადამიანური იდეოლოგიის ათწლოვანი მმართველობის შემდეგ, განსაკუთრებით სურდა.
ადამიანი, რომელსაც უყვარს პოლიტიკა, ანუ ხალხის სამსახურში უანგაროდ ყოფნა. მის თითეულ სიტყვაში იგრძნობა ფაქიზი დამოკიდებულება და დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი საქმისადმი, საზოგადოების კეთილდღეობაზე ფიქრისადმი.
’’პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ტექნოლოგია, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს ხალხის სამსახურს,რამდენადაც შესაძებელია უანგაროს,გარკვეულ იდეალებზე დაფუძნებულს,რომელიც ზრუნავს ჩვენზე მაღლა მდგომ ზნეობრივ პრინციპებზე,ხელმძღვანელობს კაცობრიობის გრძელვადიანი ინტერესებით და არა მხოლოდ საზოგადოების წუთიერი სურვილებით. მსახურებას, რომელიც უარს აცხადებს ამა თუ იმ კერძო და პრაგმატული ინტერესების სათამაშოდ გადაქცევაზე, რომელთა უკანაც საბოლოოდ იმალება მხოლოდ ერთი რამ: მცდელობა ნებისმიერ ფასად საჭესთან დარჩენისა’’

ამ აზრს ვაცლავ ჰაველი ყველაზე უკეთ და ღრმად, ალბათ, ’’ზაფხულის ფიქრებში’’ ავითარებს, სადაც მთელი სიცხადით ჩანს პოლიტიკოსის გულწრფელი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, კარგი პოლიტიკოსისადმი. ეს და ასევე შემდგომი მონაკვეთი, ყველაზე დიდი საპირისპირო არგუმენტიცაა, მათთვის, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, პირიქით და ეს ვაცლავ ჰაველმა საკუთარი საქმიანობის მაგალითზე დაამტკიცა.

’’ტყუიან ისინი, ვინც გვიმტკიცებენ, თითქოს პოლიტიკის არსი ძალაუფლებით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა და არა ზნეობა. პოლიტიკანობას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. პირველს კი შეუძლია მეორის ჩანაცვლება, მაგრამ შედეგი ხანმოკლე იქნება. საუკეთესო შემთხვევაში პოლიტიკანი შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და ეს მისი კარიერის გვირგვინი და დასასრული იქნება. საეჭვოა, რომ კაცობრიობა ამით უკეთესი გახდეს. ნამდვილი პოლიტიკა კი, იგი ღირსია, ასე იწოდებოდეს, არის ერთადერთი, რასაც მზად ვარ, მთელი ჩემი ძალები შევწირო. იგი მოძმეთა ჩვეულებრივ სამსახურში, საზოგადოების სამსახურში და იმათ სამსახურში მდგომარეობს, ვინც ჩვენს შემდეგ იცხოვრებს. ასეთი პოლიტიკა ზნეობრივია, ვინაიდან მასში ხორციელდება საყოველთაო ურთიერთპასუხისმგებლობა…’’
როგორც ვხედავთ, სწორედ ამ კონტექსტში ხედავს ვაცლავ ჰაველი ზნეობას პოლიტიკაში, და არა , როგორც ბევრი პრაგმატულად მოაზროვნე ფიქრობს, უტოპიურ აზრებში.
ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც საკუთარი ცხოვრების გზას პოლიტიკურ სარბიელზე ხედავენ, ვაცლავ ჰაველის გზა, მისი ხედვები, იდეალები მისაბაძი და გასათვალისწინებელია. არ შეიძლება, გიყვარდეს პოლიტიკა და არ ეთანხმებოდე აზრებს, რომლების ციტირებასაც აქ მოვიყვან.

’’პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე. ბინძურები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებულნი. მე მხოლოდ იმას ვუშვებ, რომ ადამიანების მოღვაწეობის ეს სფერო უფრო მეტად უბიძგებს ადამიანს სიბინძურისკენ, ვიდრე სხვა საქმიანობა. შესაბამისად, პოლიტიკა ადამიანისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. არ არის მართალი, თითქოს პოლიტიკოსისთვის გარდაუვალია სიცრუე და ინტრიგობის ქსელის გაბმა, ამ სისულელეს ის პირები ავრცელებენ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ცდილობენ, მოსწყვიტონ ადამიანები საზოგადოებრივ საქმიანობას. ერთი სიტყვით, ვისაც აქვს გული და გემოვნების შეგრძნება, მას შეუძლია წარმატებული პოლიტიკოსი გახდეს და უფრო მეტიც, ის პოლიტიკისათვის არის შექმნილი.
პოლიტიკის საფუძველია არა სიცრუე, არამედ პოლიტიკური ალღო, რომელიც გვკარნახობს, ვისთან, სად და როგორ მოიქცე. არ არის მართალი, თითქოს მტკიცე პრინციპები პოლიტიკისათვის მიუღებელია. საჭიროა მტკიცე პრინციპებს მოვახმაროთ მოთმინება, საღი აზროვნება, ზომიერების გრძნობა და სურვილი, გაუგო სხვა ადამიანს’’.

ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც მისი არ სჯეროდათ, ალბათ იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინათ პოლიტიკოსი ასეთი ადამიანური სახით ყალბი არ ყოფილიყო.
ვაცლავ კლაუსი ერთ-ერთი მათგანია. მან 2001 წელს აღნიშნა: ’’ არ მჯერა მისი სიტყვების, მისი ფასეულობების, მისი საქმის. არ მესმის მისი სამოქალაქო საზოგადოების. ჩემთვის ეს ცარიელი ფრაზაა… მასზე უფრო ელიტური მთელ ცხოვრებაში არავინ მინახავს. მე ჩვეულებრივი კაცი ვარ. ის კი არა”.
’’და მაინც, მსგავსი საგულისხმო გამონაკლისების გარდა, ყველა უყოყმანოდ აღიარებს ჰაველის მორალური და პოლიტიკური მიღწევების მასშტაბს, მის როლს ევროპის ახლებურად ფორმირებაში. ქვეყანას, რომელმაც თავისი საუკეთესო მოაზროვნეები დეპორტაციების, ჰოლოკოსტის, დევნის, ემიგრაციის და რეპრესიების გამო დაკარგა, ჰაველმა ჩეხური იდეალიზმისა და მომავლის განცდა დაუბრუნა. ჯერ დისიდენტის, შემდეგ კი, პრეზიდენტის რანგში ჰაველი აღმოჩნდა ჩეხეთის ყველაზე მკაფიო ხმა სამოქალაქო თავისუფლების და ადამიანის უფლებების აღდგენისა და საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებისთვის; იმ დროს, როცა პოსტ-კომუნისტური აპათია და სიხარბე პიკს აღწევდა. ჰაველი იყო სცენარისტი და ესეისტი, რომელიც წერდა ისე, თითქოს, ცენზურა არც არსებობდა; და როცა ის გახდა პოლიტიკოსი, იქცეოდა ისე, თითქოს, მისი პატარა ქვეყნის პირდაპირი მისია ევროპაში ახალი წესრიგის დამყარება იყო. ჰაველის მორალური ავტორიტეტის და მორალური შარმის დამსახურება იყო ის, რომ საზოგადოებაზე უსაზღვრო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტონი ბლერი, ბილ კლინტონი, სხვა დიდი სახელმწიფოების ლიდერები – ჰაველი უდიდეს გავლენას თითოეულ მათგანზე ახდენდა. ნატოს კონცეფციის ახლებური განსაზღვრა და სწრაფი გაფართოებაც მეტწილად ჰაველის დამსახურება იყო.’’
ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს ვაცლავ ჰაველს დევიდ რემნიკი, თავის ცნობილ სტატიაში ’’წასვლა სასახლიდან: ვაცლავ ჰაველი’’, სადაც პოლიტიკოსის განვლილი გზა, (არა მარტო პოლიტიკური, რა თქმა უნდა) ცალსახად დადებით პრიზმაში აქვს განხილული, ალბათ სხვაგვარად არც შეიძლება დაწერო.
ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტს 2003 წელს გამოეთხოვა და პოლიტიკური არენაც დატოვა, თუმცა მისი დამოკიდებულება სხვადასხვა პოლიტიკური თემებისადმი კვლავაც ძალიან საინტერესოა ფართო საზოგადოებისთვის. იგი დღესაც, თანამებრძოლებთან ერთად, ხმამაღლა მოუწოდებს ევროპას, რომ გაითვალისწინოს ისტორიის გაკვეთილები, ანუ თავიდან აირიდოს იმ შეცდომების გამეორების რისკი, რომლებიც შავ ლაქად აცხია მეოცე საუკუნეს. ’’ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს’’ 22 სექტემბერს ვაცლავ ჰაველისა და მისი თანამოაზრეების მიერ გამოცემული ღია წერილი, რომელიც ერთდროულად გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის “გარდიანში”, იტალიის “კორიერე დელა სერაში”, გერმანიის “ველტში”, საფრანგეთის “მონდში”, ჩეხეთის “მლადა ფრონტა დნესში”, ღია და პირდაპირ გზავნილებს უგზავნის ევროკავშირს, რომელმაც ყოველი ღონე უნდა იხმაროს ძლიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობას არ შესწიროს პატარა ქვეყნის ინტერესები, რომელსაც დახმარება სჭირდება. ევროკავშირი, რომელიც მიუნხენის გარიგებისა და რკინის ფარდის ცდუნებათა საწინააღმდეგოდაც შეიქმნა ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რომ არ დაუშვას ტრაგიკული ისტორიის გამეორება, რომელიც დღეს, რუსეთის ხელით, ახალ ბერლინის კედელს ავლებს, ახლა უკვე სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. დაახლოებით ასეთი სულისკვეთებისაა აღნიშნული ღია წერილი…

ის გამორჩეული პრეზიდენტი იყო, ჰაველმა შექმნა მყარი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დღეს ევროპული ოჯახის თვალსაჩინო წევრია.
ზოგს მიაჩნია, რომ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში, ბევრი მას უკვე უწოდებს მითად ქცეულ პრეზიდენტს, ჩემი სუბიექტური აზრით, ერთიც და მეორე შეფასებაც კარგად მიესადაგება ადამიანს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ფურცელი დაწერა ჩეხი ხალხის და მთელი ევროპის ისტორიაში.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუ კი იგი ღირსეული და პრინციპული პიროვნებაა, საკუთარი იდეალებისადმი ერთგული, იყოს ღირსეული პოლიტიკაშიც, ეს არის ყველაზე მთავარი რამ, რაც ჩანს ვაცლავ ჰაველის, როგორც პიროვნების და როგორც პოლიტიკოსის განვლილი გზიდან.

ასეთი იყო ადოლფ ჰიტლერის ხვედრი თავდაპირველად

უინსტონ ჩერჩილი

1918 წლის ოქტომბერში კომინოსთან ბრიტანელთა შემოტევისას ერთი გერმანელი კაპრალი ქლორგაზით მოიწამლა და დროებით მხედველობა დაკარგა.სანამ იგი პომერანიის ჰოსპიტალში იწვა,გერმანიამ მარცხიც იწვნია და რევოლუციაც.ერთი უსახელო ავსტრიელი საბაჟო მოხელის ვაჟს ყმაწვილურ ოცნებებში თავი დიდ მხატვრად ესახებოდა.ვენის სამხატვრო აკადემიაში რომ ვერ მოხვდა,გაჭირვებაში ჩავარდნილი ერთხანს დედაქალაქში დარჩა საცხოვრებლად,მოგვიანებით კი მიუნხენში გადასახლდა.დროდადრო სახლების მღებავად მუშაობდა,უმეტესად კი ნებისმიერ შემთხვევით სამუშაოს გამოჰკრავდა ხოლმე ხელს.სულს იქით არაფერი ებადა და სასტიკი,თუმც ფარული ბოღმით გულგასიებული მტრული თვალით უცქერდა მის წარმატებათა გზაზე დაბრკოლებად აღმართულ კაცობრიობას.ბედუკუღმართობას კომუნისტთა რიგებში არ მიუყვანია.მის გულში სულ უფრო და უფრო ღვივდებოდა მისთვის არაბუნებრივად კეთილშობილური და ყოველგვარ ზღვარს გადასული გრძნობა თავისი რასის ერთგულებისა,გერმანიისა და გერმანელი ხალხის მხურვალე და მისტიური თაყვანისცემისა.ომი რომ გაჩაღდა,მგზნებარე მზადყოფნით ეცა იარაღს და ოთხი წელი იმსახურა ბავარიის პოლკში,დასავლეთის ფრონტზე.ასეთი იყო ადოლფ ჰიტლერის ხვედრი თავდაპირველად.

’’გმირი ფინეთი’’

…………………………………………………………………..

უინსტონ ჩერჩილი

      საღერღელაშლილი საბჭოეთი ითხოვდა: კარელიის ყელზე ფინეთის საზღვრის კარგა მანძილით გადაწევას,რათა ლენინგრადი მტრის არტილერიის სამიზნედ არ დარჩენილიყო;ფინეთის სრუტეში განლაგებული ზოგიერთი ფინური კუნძლის დათმობას; მეთევზეთა ნახევარკუნძულის იჯარით გაცემას ფინეთის ერთადერთი გაუყინვადი პეტსამოს ნავსადგურით  ჩრდილოეთის ზღვაში;და რაც მთავარია,ამ ყველაფერს აგვირგვინებდა საბჭოეთის მოთხოვნა ფინეთის სრუტის მისადგომებთან ხანკოს პორტის იჯარით გაცემისა იმ მიდამოებში რუსული სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების გასამართავად. ფინელები მზად იყვნენ ყველაფერი დაეთმოთ,ოღონდ ამ ბოლო პუნქტს ვერ დათმობდნენ.მათ მიაჩნდატ,რომ იმ წუთიდან,როგორც კი ფინეთის სრუტის გასაღები რუსებს ჩაუვარდებოდათ ხელთ,ფინეთის სტრატეგიულ და ეროვნულ უსაფრთხოებას წერტილი დაესმეოდა.

13 ნოემბერს მოლაპარაკებები ჩაიშალა და ფინეთის მთავრობა შეუდგა კარელიის ზღვაზე თავისი ჯარების მობილიზებასა და გაძლიერებას.28 ნოემბერს მოლოტოვმა  მოახდინა დენონსაცია ფინეთსა და რუსეთს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტისა.ორი დღის შემდეგ რუსებმა იერიში მიიტანეს ათას მილზე გადაჭიმულ ფინეთის ფრონტზე განლაგებულ რვა პუნქტზე.იმავ დილით წითელმა სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი.

რუსები პირველ რიგში კარელიის ზღვაზე განლაგებულ ფინელ მესაზღვრეთა გამაგრებებს შეესივნენ.ისინი მოიცავდნენ გამაგრებულ ზონას,რომლის სიღრმე ოც მილს აღწევდა და თოვლის სქელი საბურველით დაფარულ ტყიან ფართობზე გადაჭიმულიყო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.ეს გამაგრებები ’’მანერჰაიმის ხაზადაა’’ სახელწოდებული,იმ ცნობილი ფინელი მთავარსარდლის პატივსაცემად,1917 წელს ფინეთი ბოლშევიკთა ბატონობისგან რომ იხსნა. მცირერიცხოვან,შეუპოვარი სულისკვეთების მქონე და დიდად ცივილიზებულ ერზე ვეებერთელა საბჭოთა სახელმწიფოს თავდასხმით გამოწვეული აღშფოთება ინგლისში,საფრანგეთში და კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით,ამერკის შეერთებულმა შტატებში,მალე გაოცებითა და ნუგეშიანი განწყობილებით შეიცვალა. ბრძოლის პირველ კვირებს წარმატება არ მოუტანია საბჭოთა ჯარებისთვის,რომლებიც თავდაპირველად თითქმის მთლიანად ლენინგრადის გარნიზონით იყვნენ დაკომპლექტებული.ფინეთის არმიამ,რომლის სრული საბრძოლო შემადგენლობა 200000-მდე კაცს თუ მიითვლიდა,თავი ისახელა.რუსული ტანკები მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ,-მათ დაუშინეს ახალი ტიპის ხელყუმბარები,რომლებსაც მალე ’’მოლოტოვის კოქტეილი’’ შეარქვეს.

შესაძლოა,საბჭოთა მთავრობა სამხედრო მსვლელობაზე ამყარებდა იმედს.არცთუ მაინცდამაინც ძლიერი საჰაერო იერიშები,ჰელსინკსა და სხვა უბნებზე რომ განახორციელეს თავდაპირველად,შიშის დასათესავად იყო გამიზნული.თავიდან საბჭოთა ჯარები რიცხობრივად ბევრად სჭარბობდნენ მოქიშპეს,მაგრამ ბრძოლისუნარიანობით და მომზადებით ჩამორჩებოდნენ. საჰაერო თავდასხმებმა და მათ მიწა-წყალზე შემოჭრამ ბრძოლის ჟინი გაუღვივა ფინელებს.ერთ მუშტად შეიკვრნენ აგრესორის წინააღმდეგ და უაღრესად შემართულებმა,დიდოსტატური ბრძოლა გააჩაღეს. მართალია,პეტსამოსკენ დაძრულ რუსულ დივიზიას მაინცდამაინც არ გაუჭირდებოდა ამ რაიონის დამცველი  700 ფინელის უკუქცევა,მაგრამ ფინეთის ’’წელის იერიში’’ დამღუპველი აღმოჩნდა მომხვდურთატვის. ეს ადგილი ალაგ-ალაგ შეფერდებული,თითქმის მთლიანად ფიჭვნარია, იმხანად კი თოვლის მკვრივი საფარველით დაფარულიყო. სუსხი ძვალ-რბილში ატანდა.ფინელებს თხილამურებისა და თბილი ფორმის ტანსაცმლის დიდი მარაგი ჰქონდათ,უსებს კი არც ერთი ჰქონდათ და არც მეორე. უფრო მეტიც,ფინელები აღმოჩნდნენ შეუპოვარი მებრძოლები და შესანიშნავი მზვერავები-მშვენივრად მომზადებულნი ტყეში საბრძოლველად.რუსები ამაოდ ამყარებდნენ იმედს რიცხობრივ უპირატესობასა და უფრო მძიმე შეიარაღებაზე.მთელ ამ ფრონტზე ფინელ მესაზღვრეთა ნაწილები ნელ-ნელა იხევდნენ უკან,რუსთა კოლონების მიერ დევნილნი,მაგრამ როგორც კი რუსები 30 მილის სიღრმეზე შეიჭრებოდნენ,ყოველი მხრიდან თავს ესხმოდნენ ფინელები. ეს კოლონები ტყეებში ფინურ თავდაცვით ნაგებობებს აწყდებოდნენ და დღითა თუ ღამით უმოწყალო იერიშების ობიექტები ხდებოდნენ. გადაიკეტა მათი კომუნიკაციები ზურგში.მათი კოლონები წყდებოდა,ან კიდევ,ბედი თუ გაუღიმებდათ,მძიმე დანაკლისით ბრუნდებოდნენ შინ.დეკემბრის ბოლოსთვის ჩაიფუშა რუსების მთელი ეს გეგმა ’’წელის იერიშისა’’.

იმავდროულად არც ’’მანერჰაიმის ხაზის’’ იერიშის საქმე მიდიოდა უკეთ კარელიის ყელზე.ლადოგის ტბის ჩრდილოეთით ორიოდე საბჭოთა დივიზიის მიერ წამოწყებული გარშემოვლითი მსვლელობა ისევე დასრულდა,როგორც ოპერაცია შორეულ ჩრდილოეთში. ’’მანერჰაიმის ხაზის’’ წინააღმდეგ თორმეტამდე დივიზია ახორციელებდა მრავალგზის მასირებულ იერიშს,დეკემბრის ბოლოს რომ დაიწყო და მთელ თვეს გასტანა. საარტილერიო დაბომბვა საკმარისი არ აღმოჩნდა.რუსებს ,ძირითადად მსუბუქი ტანკები ჰყავდათ და მათი არაერთგზისი ფრონტალური იერიშები მოიგერიეს.რუსებმა მძიმე დანაკლისი განიცადეს,წარმატებას კი ვერა და ვერ მიაღწიეს.წარუმატებლობამ მთელს ფრონტზე,წლის ბოლოს დაარწმუნა საბჭოთა მთავრობა,რომ მას საქმე ჰქონდა ისეთ მეტოქესთან,როგორსაც სულ არ ელოდა.ამიტომაც გადაწყვიტა,მეტი ძალისხმევით შესდგომოდა საქმეს. იგი მიხვდა,რომ ჩრდილოეთში,მთიან ადგილებში,ისინი მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობით ვერ  დაჯაბნიდნენ უკეთ გაწვრთნილ და ტაქტიკურად უფრო მოქნილ ფინელებს. ჰოდა,მოისაზრა,თავი მოეყარა თავისი ძალებისთვის და ’’მანერჰაიმის ხაზი’’ საალყო ბრძოლის მეთოდით გაერღვია,რაც მასირებული არტილერიის და მძიმე ტანკების სიმძლავრის სრულად გამოყენების საშუალებას მისცემდა.ეს გვარიან მომზადებას საჭიროებდა,ამიტომ წლის ბოლოს ფინეთის მთელ ფრონტზე შეწყდა საბრძოლო მოქმედებანი და ფინელებმა გვარიანად დაჯაბნეს თავიანთი ძლევამოსილი მეტოქე.

ამ საკვირველმა ამბავმა შვება მოჰგვარა მთელს მსოფლიოს-როგორც მებრძოლ,ისე ნეიტრალურ ქვეყნებს.წითელ არმიას ამ მარცხმა გვარიანად გაუტეხა სახელი.ინგლისის გარკვეულ წრეებში ბევრი მიიჩნევდა,რომ მოსალოცად გვქონდა საქმე,ვინაიდან არცთუ დიდად გავრჯილვართ საბჭოეთის ჩვენს მხარეზე მოსაქცევად.ჰოდა საკუათარი შორსმჭვრეტველობა გვეამაყებოდა.ხალხმა მყის დაასკვნა,რომ წმენდამ დაღუპა რუსეთის არმია და რომ ეს ყველაფერი ადასტურებდა რუსთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის ორგანულ დამყაყებასა და რღვევას. ამ თვალსაზრისს არა მარტო ინგლისში იზიარებდნენ.უეჭველია ჰიტლერიც,მთელი მისი გენერალიტეტით,მწარედ ჩააფიქრა ფინეთის გაკვეთილმა,რომელმაც დიდი როლი შეასრულა მის განზრახვათა ჩამოყალიბებაში.

ენერგეტიკა,ახალი ’’იარაღი’’ რუსეთის ხელში

ნანა ბერუაშვილი

 ევროკავშირის  ამბიციები დღეს რეალურად სცდება ერთი რეგიონის ინტერესებს,მისი სამოქმედო არეალი და ინტერესის სფერო გაცილებით ფართოა,ვიდრე მხოლოდ ევროპის კონტინენტი.ეს ბუნებრივიცაა რა თქმა უნდა.იგი არ არის როგორც მორავჩიკი ამბობს მხოლოდ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მთავარი სავაჭრო ფორუმი.’’ევროკავშირი მეტია ვიდრე ორგანიზაცია და ნაკლებია,ვიდრე სახელმწიფო’’.

სტატია შეეხება სწორედ იმ სირთულეების წარმოჩენას,რის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი,როგორც ერთიანი აქტორი.აქცენტი გაკეთდება ევროკავშირ-რუსეთის ენერგეტიკულ ურთიერთობებზე.

ევროკავშირისთვის საკმაოდ სახიფათოა ერთ ენერგომომწოდებელზე დიდწილად დამოკიდებულება,რაც ამ ენერგომომხმარებლის მხრიდან არ გამორიცხავს ენერგორესურსების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას,ევროპის წინააღმდეგ.

დღეს რუსეთის ფედერაცია ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორია.იგი ევროპას საჭირო გაზის რაოდენობის დაახლოებით 30 % ს აწვდის. ბუნებრივია რუსეთის გაზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებისთვის,ისევე როგორც რუსეთისთვისაა მნიშვნელოვანი თავისი გაზი გაყიდოს ევროპის ბაზარზე.

აღსანიშნავია,რომ რუსეთი ბუნებრივ აირს ევროპას ორი მთავარი და რამდენიმე განშტოებული მილსადენის მეშვეობით აწვდის. პირველი არის ’’იამალო-ევროპა’’.იგი იამალო ნენეციის ოლქის საბადოებიდან მოდის,გაივლის ბელორუსიას,გერმანიას და პოლონეთს.მილსადენის ერთი განშტოება ბალტიის რესპუბლიკებში შედის.მისი გამტარუნარიანობა 45 მლრდ.კუბ.მ-ია წელიწადში.

მეორე მილსადენია ’’ურენგოი-უჟგოროდი’’,რომელიც უკრაინის გავლით აწვდის გაზს ევროპის ქვეყნებს.მისი გამტარუნარიანობა დაახლოებით 45 მლრდ.კუბ.მ-ია წელიწადში.’’ურენგოი-უჟგოროდი’’ს ხაზზეა მიერთებული თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან წამოსული მილსადენი,რომლის მეშვეობითაც ევროპაში თურქმენული გაზი იყიდება. ’’ეს მილსადენები საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოქმედებს.’’ურენგოი-უჟგოროდი’’ს ერთ-ერთი განშტოება ე.წ ’’ცისფერი ნაკადი’’ ნოვოროსიისკიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთში შედის.მილსადენი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ამოქმედდა,მას წელიწადში 30 მლრდ.კუბ.მეტრი გაზის გატარება შეუძლია.

რუსეთ-ევროკავშირის პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში თან ახლავს რისკებიც,რაც დაკავშირებულია რუსეთის,როგორც მზარდი ამბიციების მქონე გაზის მონოპოლისტის მისწრაფებებთან.ასევე,აქვე აღსანიშნავია,რომ,ის კანონები,რომელიც ერთიანი ევროპის ლიბერალური ეკონომიკისთვის ნორმადაა ქცეული,რუსეთის ფედერაციისთვის უცხო და შეუთავსებელია.

ოცდამეერთე საუკუნეში ბუნებრივი აირი რუსეთის ხელისუფლების ხელში მძლავრი პოლიტიკური იარაღი გახდა.ამას მოწმობს განსაკუთრებით 2003 წლის პუტინის რუსეთის დროს მიღებული რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგია,სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რუსეთის,როგორც ენერგომონოპოლისტის ამბიციები.

ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი განცხადებაც მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას,რომ ენერგიის სფეროში წამყვანი პოზიციების დაკავებას და შენარჩუნებას რუსეთის ინტერესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

’’ჩვენი კეთილდღეობა დღეს და მომავალში დამოკიდებული იქნება იმაზე,თუ რა ადგილს დავიმკვიდრებთ ენერგიის სფეროში კონკურენციაში’’ვ.პუტინი

დიდი გამოწვევაა ევროპისთვის რუსეთის ’’დაყავი და იბატონეს’’ ტიპის პოლიტიკა,რაც აისახება იმაში,რომ რუსეთი უპირატესობას ანიჭებს არა ერთიან ევროკავშირთან,არამედ მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ თანამშრომლობას,მეორეს მხრივ გამოწვევაა ევროკავშირისთვის,როგორც ერთიანი აქტორისთვის ის გარემოება,რომ მისი ცალკეული წევრი ქვეყნები თავისი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარი ეროვნული ინტერესების გადმოსახედიდან ცდილობენ.

ამის ნათელი მაგალითია ის,რომ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ახლადგანხორციელებული,თუ სამომავლო პროექტები არა მთელი ევროპის,არამედ ქვეყნების ცალკეული ჯგუფების  ინტერესებში შედის.ამიტომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დღეს სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.რუსეთის ენერგორესურსებზე მაქსიმალური დამოკიდებულება საჭიროებს მოწოდების სრულ,თუ არა ნაწილობრივ დივერსიფიკაციას მაინც. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სულ უფრო მატულობს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე და ეს ყოველივე განაპირობებს არსებული მომწოდებლის გარდა კიდევ ახალი,ალტერნატიული პარტნიორების პოვნის გზების ძიებას.ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია ევროკავშირის ქვეყნების ერთიანი ხედვა,საერთო სტრატეგია,ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ამ ყოველივეს სიძნელე კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდება,როდესაც რუსეთის ენერგეტიკული პროექტების განხილვაზე გადავალ.

დღეს ცალსახა ფაქტია ის,რომ შეთანხმებული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის,რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს იგი,ევროკავშირს მართებს მაქსიმალური ძალისხმევის მობილიზება ამ საკითხისკენ.

რუსულ-ევროპულმა ენერგოდამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი პრობლემური ასპექტები წარმოაჩინა მაშინ,როდესაც 2006 წლის იანვარში უკრაინის გაზის კრიზისი წარმოიშვა.შემდეგ ასევე რუსეთ-უკრაინას შორის მოხდა მორიგი უთანხმოება 2009 წლის იანვარში.ამ პერიოდში რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა,მის ტერიტორიაზე ტრანზიტის ჩათვლით,რამაც ავტომატურად გამოიწვია სამი კვირის მანძილზე გაზის გათიშვა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.

ამ მოვლენებმა ნათელი გახადა ის ფაქტი,რომ რუსეთს ძალა შესწევს გამოიყენოს ენერგობერკეტები,როგორც თავისი საგარეო პოლიტიკის შემადგენელი კომპონენტი. წარმოჩინდა ევროკავშირის სისუსტე და საფრთხე,რომლის წინაშეც დგას იგი. რუსეთ-უკრაინის ’’გაზის ომმა’’ კიდევ უფრო უტყუარი გახადა ის გარემოება,რომ ევროკავშრისთვის დიდი რისკის მატარებელია საერთო ხედვის,ერთიანი ევროპული სტრატეგიის გაუმართაობა ენერგეტიკის საკითხში.

ბევრი სირთულის და წინააღმდეგობის ფონზე,განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ’’გაზის ომი’’ს შემდეგ,რომლიდანაც ევროპა ალბათ ყველაზე მეტად დაზარალებული მხარე გამოვიდა,ევროკავშირში სულ უფრო აქტიურად  დაიწყეს ’’ნაბუკო’’ს გაზსადენის პროექტის ლობირება. ამ გაზსადენის მეშვეობით ევროკავშირი გეგმავს დაუკავშირდეს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს,ანუ იგი კასპიის ზღვას აზერბაიჯანის,ასევე საქართველოს,თურქეთის,ბულგარეთის,უნგრეთის,რუმინეთის და ავსტრიის გავლით ევროპასთან დააკავშირებს.გაზსადენი ძირითადად შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირით შეივსება,ასევე იგეგმება თურქმენული და ყაზახური გაზით შევსებაც.პროექტის ღირებულება დაახლოებით 7,9 მლრდ.ევროს შეადგენს.როგორც ევროპელები მიიჩნევენ,’’ნაბუკო’’ ევროპაში ’’გაზპრომის’’ ფაქტობრივი მონოპოლიის მოსპობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მცდელობაა.

გაზსადენი მისი რეალიზაციის შემთხვევაში ევროპის მოთხოვნილების საერთო მოცულობის 10 % ს დააკმაყოფილებს.დაახლოებით 31 მლრდ.კუბ მეტრი გამტარობის იქნება.სიგრძე დაახლოებით 3 000 კმ.მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ ’’ნაბუკო’’ ერთი მიმწოდებლის,ან სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არ იქნება.

ევროპა ’’ნაბუკო’’ში საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრეს ინსტრუმენტს ხედავს.თუმცა პროექტის განხორციელებას წინ მრავალი წინააღმდეგობა ეღობება. აღსანიშნავია,რომ თუნდაც ’’ნაბუკო’’ ს განხორციელების შემთხვევაში ’’გაზპრომი’’ მაინც გაზის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად დარჩება(განსაკუთრებით ჩრდილოეთის ნაკადის ამოქმედების შემდეგ,რომელსაც ამავე სტატიაში მიმოვიხილავ)

იმ ფონზე,როდესაც ევროპის ქვეყნები ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისკენ მიისწრაფიან,რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ამ პოლიტიკას საკუთარი ინდივიდუალური პროექტები დაუპირისპიროს.

რუსეთის უმნიშვნელოვანესი მცდელობა ამ კუთხით არის ’’სამხრეთის ნაკადი’’.ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ რუსეთის პროექტი ’’სამხრეთის ნაკადი’’ ’’ნაბუკო’’ს არ ეჯიბრება.თუმცა ’’სამხრეთის ნაკადს’’ დღეს სწორედ ’’ნაბუკოს’’ მთავარ კონკურენტად მოიაზრებენ.

’’სამხრეთის ნაკადი’’ არის რუსულ-იტალიური პროექტი და ითვალისწინებს ევროპისთვის  რუსული გაზის მიწოდებას შავი ზღვის გავლით.(შეთანხმება გაზპრომსა და იტალიურ ENI ს შორის) გაზსადენის ღირებულება დაახლოებით 10 მლრდ.ევრო ჯდება.მისი მეშვეობით რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებში შეინარჩუნებს და გაზრდის ენერგომომარაგების სფეროში დომინანტურ როლს.’’სამხრეთის ნაკადი’’ სულ მცირე ექვს ქვეყანაზე გაივლის.მილსადენის სიგრძე დაახლოებით 2000 კმ. იქნება,აქედან 900 კილომეტრი შავი ზღვის ფსკერზე 2 კილომეტრის სიღრმეზე გაივლის.მილსადენი რუსეთის ქალაქ ბერეგოვოიდან შავი ზღვის ბუგარულ პორტ ვერნაში ჩავა. ’’სამხრეთის ნაკადის’’ მილსადენი შემდეგ ორად გაიყოფა,სამხრეთ დასავლეთის განშტოება საბერძნეთში და შემდეგ იონის ზღვის გავლით იტალიაში წავა,ხოლო მეორე ნაწილი სერბეთისა და უნგრეთის გავლით ავსტრიაში ჩავა.( აღსანიშნავია,რომ ავსტრია ამ ეტაპზე ’’ნაბუკო’’ს ანიჭებს უპირატესობას,თუმცა რუსეთმა რაამდენიმე თვის წინ სლოვენიასთან მოაწერა წინასწარ შეთანხმებას ხელი,რამაც შესაძლოა ავსტრია გამორიცხოს პროექტიდან)

დღევანდელი სიტუაციის შეფასება შეიძლება შემდეგნაირად: ’’ნაბუკო’’სი,ისევე როგორც ’’სამხრეთის ნაკადის’’ განხორციელება,თუ განუხორციელებლობა დამოკიდებულია ერთის მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებულ თანამშრომლობაზე,ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის მცდელობაზე,მოახერხოს საკუთარი ’’დაყავი და იბატონე’’ ს პოლიტიკის მეშვეობით ერთიანი ევროპის რიგებში გაურკვევლობის,შეუთანხმებლობის და ამ ფონზე უპერსპექტივობის დანერგვა,რაც ავტომატურად წინ წამოსწევს რუსეთის ენერგორესურსების მეტ საჭიროებას,სარგებლიანობას და რაც მთავარია უპირატესობას.

ევროპის საკმაოდ ’’გაურკვეველი’’,არამოქნილი ენერგოპოლიტიკის ფონზე,თუ რუსეთის გაცილებით მყარ,მიზანმიმართულ,ამავდროულად აგრესიულ,თუმცა რაციონალურ ინტერესებზე მორგებულ ენერგოპოლიტიკას გავითვალისწინებთ,დიდი ალბათობით სავარაუდოა,რომ ამ ქვეყნის ენერგეტიკული როლი ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება ევროპაზე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტებიც.

  კიდევ ერთი დადასტურებაა ’’ჩრდილოეთის ნაკადი’’,პროექტი,რომლის ღირებულება7 მლრდ.ევროდაა შეფასებული.გაზსადენი გაივლის რუსეთის ქალაქ ვიბორგიდან გერმანულ ქალაქ ლუბმინამდე.პროექტის 51% ’’გაზპრომს’’ ეკუთვნის.რუსეთიდან გერმანიისკენ გაზსადენმა დაახლოებით 55 მლრდ.კუბ. მეტრი გაზი უნდა გაატაროს.’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ განხორციელება,რაც დღეს უკვე აბსოლიტურად  რეალისტურია,რუსეთის ენერგეტიკულ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.პროექტში ჩართვის შესახებ განაცხადა ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ.

პროექტში მონაწილეობისთვის მზადაა ვიქტორ იანუკოვიჩიც,მან ასევე მზაობა გამოთქვა ჩაერთოს ’’სამხრეთის ნაკადის’’ პროექტშიც.

’’ჩრდილოეთის ნაკადს’’ პოლიტიკურად ზურგს გერჰარდ შროდერი უმაგრებს,რომელიც მას შემდეგ რაც კანცლერობიდან წავიდა,გაზპრომის მიერ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნა.კანცლერობის პერიოდში შროდერმა გერმანიის მხრიდან ’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ მხარდაჭერა უზრუნველყო.გერმანია კი რუსულ გაზზე დამოკიდებული გახადა.ბუნებრივია ’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ გერმანიის,ასევე საფრანგეთის,ასევე ფინეთის და ა.შ რუსულ გაზზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პროექტ ’’თეთრ ნაკადს’’.

იგი ’’ნაბუკო’’სთან ერთად ერთმანეთის შემავსებელ,ერთობლივ ძალად განიხილება.’’თეთრი ნაკადის’’ იდეა უკრაინის ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს მიერ იქნა გახმოვანებული.აღნიშნული პროექტი კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირის რუმინეთსა და უკრაინაში ტრანსპორტირებას,ასევე სამომავლოდ ცენტრალური ევროპის მომარაგებასაც ითვალისწინებს.ბუნებრივი აირი სუფსამდე(შავ ზღვამდე) ბაქო-თბილისი-ერზრუმის მეშვეობით(სამხრეთ კავკასიური გაზსადენი)მივა,საიდანაც მისი   რუმინეთში ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით,წყალქვეშა მილის მეშვეობით მოხდება.ანუ,პროექტი გულისხმობს კასპიის რეგიონში არსებული ბუნებრივი გაზის სწრაფ და ეფექტურ ათვისებას. გაზსადენის მშენებლობა გეგმის მიხედვით 2015 უნდა დასრულდეს,მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 8 მლრდ.კუბ. მეტრი იქნება.მოგვიანებით ’’თეთრი ნაკადი’’ შესაძლოა ტრანსკასპიურ გაზსადენს დაუკავშირდეს.ამ შემთხვევაში გაზსადენის მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 24-32 მლრდ.კუბ.მეტრით გაიზრდება.

აღსანიშნავია ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება: იანუკოვიჩის უკრაინის პირობებში ’’თეთრი ნაკადის’’ პროექტის სამომავლო პერსპექტივები გადასახედია.

მთავარი დასკვნა,რომელიც მთელი თემის შიდა აზრში ტრიალებს,არის ის ,რომ ევროპამ უნდა მოახდინოს რაციონალური ენერგოპოლიტიკის წარმოება,რათა მისი ენერგეტიკული ბაზარი საბოლოოდ არ გადაიქცეს ’’გაზპრომის ტყვედ’’და არ გამართლდეს დღეს ერთი შეხედვით საკმაოდ ირონიული სიტყვები:  ’’ თუ ევროპამ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება არ შეამცირა 2016 წლისათვის, მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში მომუშავე რუსები, მთელს ევროპას მკაცრ განაჩენს გამოუტანენ.
“ცისფერ შუშიანი, პირამიდისებურად წაწვეტებული შენობა, გაზის გიგანტურ მონოპოლისტს, რუსულ “გაზპრომს” ეკუთვნის. სწორედ “გაზპრომის” თანამშრომლები 2016 წელს, ევროპის ჯალათები გახდებიან”, – აცხადებენ უცხოელი ექსპერტები.

 სტატია  აგებულია სხვადასხვა ინტერნეტ წყარების და სტატიების საფუძველზე.

P.S ევროკავშირის მაგივრად ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია ტერმინი- ევროპა,არა მთლიანი ევროპის გაგებით ბუნებრივია.

სხვა კულტურა

რა ენა წახდეს………

ხშირად ამბობენ ,თანამედროვე ქართულ რეალობაში,რომ ახალგაზრდებს მინიმალურად აწუხებთ,ის რაც ქვეყანაში ხდება,იცვლება,უფერულდება,ან პირიქით ახალ სახეს,ახალ სიცოცხლეს იძენს.ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალშისაცემია უფროსი თაობის წარმომადგენელთა მხრიდან. ზოგადად, ალბათ თაობათა შორის ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივიცაა,ახალგაზრდობა,ხომ ქვეყნის მომავალია,რომელიც ადრე თუ გვიან გადაიბარებს საკუთარი ქვეყნის მართვის სადავეებს,რიგი სირთულეებით,დაბრკოლებებით. ამიტომ კრიტიკა ჩვენი თაობის მისამართით სამართლიანიც კია,ქართველ ახალგაზრდებს ხომ ათმაგად,ასმაგად სჭირდებათ დაფიქრება,რომ წინამორბედთა შეცდომები,სულსწრაფობა,დაუფიქრებლობა მაგალითად გამოიყენონ. ახსოვდეთ და აღარ გაიმეორონ. მე ვაქვეყნებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი ყველაზე გამორჩეული სტუდენტის,ანი დარახველიძის აზრებს,რომელიც იქნებ უფროსი თაობის ბევრ წარმომადგენელზე უკეთაც კი აცნობიერებდეს დღეს ქვეყანაში არსებულ რეალობას.

საბოლოოდ იმის თქმა მინდა,რომ  საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სწორედაც რომ ახალგაზრდა თაობის იმედი უნდა ჰქონდეს,რადგან ბევრი კრიტიკის მიუხედავად მათი უმრავლესობა რეალურად აცნობიერებს ქვეყნის წინაშე წამიჭრილ ურთულეს პრობლემებს….

ნანა ბერუაშვილი

*                               *                               *                                      *                              *

რა ენა წახდეს…….

ანი დარახველიძე

ღამე მართლაც მშვენიერია.ირგვლივ სიჩუმე.მხოლოდ ფოთლების შრიალი…და სუნი…რაღაც მშობლიური, ძალზედ ნაცნობი და საამო.  თუმცა დროთა სვლას ჩემი ქალაქისთვისაც დაეჩნია კვალი.იმ ქალაქისათვის,რომელშიც ყოველთვის რაღაც უცნაური ჟრუანტელი მივლიდა, გულს საამოდ გაჰქონდა ბრაგაბრუგი.ეს ის ქალაქი აღარაა რომელიც მიხმობდა,უნდოდა თავის გულის წიაღში ჩავეკარი.ნაცარტუტად ქცეულა ძველი დარდიმანდი.თითქოს ტიტანიკივით ჩაიძირა.აღარც ეს სუნი…. დაიკარგა სუნი-ენა და ეს ქალაქი ბაბილონს დაემსგავსა.ეს უკვე სულ სხვაა…. უცნობი.თითქოს ახალი და შესაძლოა მომიგოთ კიდეც,რომ ეს გარდაუვალია,რადგან ყველაფერი სხვაფერდება.

თუმცა ამ ’’არაჩვეულებრივ’’ ქართველს ის კი დავიწყნია,რომ ახალი არ იქმნება ძველის დაკნინებით,ნაცარტუტად ქცევით. ჰმ?! ახსნა მართლაც რთულია რაკიღა საქმე ასეთ ’’გონიერ’’ კაცთან გვაქვს.იმდენად გონიერთან,რომ აზვირთებულ ტალღებს გაატანა ის,რითაც გაჟღენთილია თითეული ხის ძირი. მტკვარი სისხლით შეიღება და წაიღო მთავარი-სული. ისევ ქართველმა ქართველი შესწირა ახალს. ახალი-მეთქი პირობითად ვამბობ,თორემ აბა რა სიახლეა?!წყალს შესაძლოა მართლაც გაატანო ის,რაც ცუდია,მაგრამ ჯერ მასში უნდა ჩაიხედო,საკუთარი თავი ამოიცნო,თორემ სხვაგვარად ყველაფერს აზრი ეკარგება.ან კი რა იყო ცუდი?! ის,რაც გონების სათქმელს ამბობს,რომ ქართველს ისევ ქართველი თუ იმსხვერპლებს?! ეს დიდი ხნის წინ ნათქვამი სიბრძნეა,რომელიც მე-13 საუკუნიდან გადმოგვცქერის.ეს რეალობაა,თანაც მწარე…მოკლა და…თან ისე,რომ არც კი მორიდებია ლახვარი ჩაესო ცნობიერებისათვის,რაც ყველაფრის გამაერთიანებელი და შემკრებია.ის ნერგი მოსპო,რაზეც უნდა აღმოცენებულიყო.ის რაღა ქართველია რუსთაველს-რუსტრაველს რომ უწოდებ,არ ეთაკილება ’’GRAND’’ საქართველო,ან კიდევ უარესი-ხაჭაპურის ბუტიკი.მომიტევეთ,მაგრამ ნამდვილად ვერ გამომირკვევია ეს რა დარდუბალაა?!იქნებ თქვენ უკეთ უწყოდეთ!ან შესაძლოა სრულებითაც ვცდებოდე,მართლაც აღარ იყოს საჭირო .. დავფლათ,დავასამაროთ და მივივიწყოთ ჩვენი ენა,ჩვენი მეობა დიახ,დავფლათ სამარეში.

მერე ამ ორგანიზმს ჭიები და მატლები შეესევიან…ოხ,რა ამაზრზენია.წარმოიდგინეთ სხეული,უფრო სწორად საკუთარი სხეული….მას რაღაც ღრნის…შენ კი გტკივა…უფროდაუფრო გამალებით.შენ კი არ შეგიძლია ეს ტკივილი მოიშორო,ხომ ცუდი განცდაა?!ამაზე ტყუილით ვეღარ მომიგებთ.ხანდახან დგება დრო როდესაც ამის ძალ-ღონეც აღარ შეგწევთ…. ახლა სწორედ ეს დროა.

მე კი ერთს შთაგაგონებთ,თუმც იმედი მაქვს თავხედობაში არ ჩამომართმევთ. ნუ დაფლავთ უდროოდ მიწაში….ცხოვრება ბევრად უფრო რთულია ,როცა მყარად არ დგახარ,იმ დროს როცა მიწა ფეხქვეშ  გეცლება.

…ის ქალაქი თქვენი მეოხებით აღარ არსებობს.სადღაც გაუჩინარდა….დასამარდა….აზვირთებულ ტალღებს შეერწყა.

…რთულია ბაბილონში ცხოვრება….ასე უსულდგმულოდ და ერთფეროვნად.

ანი დარახველიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.  

08.01.2010

პოლიტიკური პანფლეტი

კონფლიქტის ტრანსფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის

 2009 წლის 26-29 ნოემბერი

 მშვიდობა და უსაფრთხოება ის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია,რომელთა გარეშე ყოველგვარი განვითარება წარმოუდგენელია.

მსოფლიოს ხალხთა მრავალსაუკუნოვანი ისტორია მაგალითია იმისა,რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ომი საბოლოო ჯამში მაინც არასოდესაა მომგებიანი…

ამ ღირებულებას ალბათ ყველაზე მეტად აფასებენ ისინი,ვინც უშუალოდ გამოსცადა საკუთარ თავზე,თუ რას ნიშნავს კონფლიქტში ცხოვრება,თუ რას ნიშნავს გინდოდეს მშვიდობა და სანაცვლოდ ომს გთავაზობდნენ,არავისთვის სასურველ ომს.

’’კონფლიქტის ტრანსფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის’’,სემინარი,რომელიც გაიმართა ბორჯომში,იყო მცირე,თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი,2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველა სახის გაფუჭებული და დაძაბული  ურთიერთობების ფონზე.

ქართველი ახალგაზრდა სოციალისტების და რუსი სოციალ დემოკრატების რამდენიმედღიანი თანამშრომლობა და მეგობრობა,არის ცალსახა დადასტურება იმისა,რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,ყველაზე რთული ვითარებიდანაც კი შეიძლება გამოსავალი ვიპოვოთ,ყველაზე დიდი დაძაბულობის ფონზეც კი შესაძლებელია კომპრომისული გზების ძიებისკენ რეალური ნაბიჯები გადავდგათ.

რაც ყველაზე მთავარია,ჩვენ ერთმანეთი გავიცანით,როგორც ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების წარმომადგენლებმა,თუმცა ვითარების რეალურმა აღქმამ და გაცნობიერებამ მკაფიოდ დაგვანახვა ის გარემოება,რომ ყველა ქართველი აპრიორი ცუდი არაა და პირიქით,ყველა რუსი საქართველოს მტერი არაა. ჩვენ რამდენიმედღიანი თანაცხოვრების მანძილზე გვქონდა უამრავი ერთობლივად სააზროვნო ამოცანა.მათში წარმატებით თავის გართმევა საჭიროებდა როგორც საკუთარი ხედვების დაფიქსირებას,ისევე მეორე მხარის მონაწილეობას.ჩვენ შევძელით ერთმანეთის აზრების მოსმენა,პატივისცემა და რაც მთავარია ერთმანეთის ხედვების შეჯერებით საერთო კომპრომისული გზების ძიება.

წარმატებული პოლიტიკა წარმატებული პიროვნული ურთიერთობების ფონზე იქმნება.ისტორია ამის მრავალ მაგალითს ინახავს. დღევანდელ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ამ ყველაფრის მკვეთრ დეფიციტს ვხედავთ.იმას რასაც აფუჭებენ პოლიტიკოსებიი დაუფიქრებელი ნაბიჯებით,მომავალ თაობას გასდევს ტვირთად და ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე,რომ დღეს,თანამედროვე მსოფლიოში შესაძლებელია იმ ქვეყანასთან დიალოგიც კი,ვისაც მტრად ვთვლით,რადგან უბრალო ხალხი არასოდესაა ერთმანეთის მტერი.ისინი არასწორი პოლიტიკის მსხვერპლი არიან ყველაზე ხშირად. თუნდაც ჩვენი მცირე სემინარის ფონზე,ნათლად უნდა გავაცნობიეროთ და გვჯეროდეს ის,რომ მტრობა,დაძაბულობა,მუდმივი ომის მდგომარეობაში ყოფნა,ეს არ არის ის,რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ ნებისმიერი ადამიანი,მსოფლიოს ყველა კუთხიდან.დღეს თითეული ჩვენგანის არჩევანი მშვიდობა,სტაბილურობა და განვითარება უნდა იყოს. ამის მზაობა დავინახეთ ჩვენი მეგობარი რუსი ახალგაზრდა სოციალ დემოკრატების მხრიდან და ამის დიდი სურვილი გვამოძრავებს ჩვენც.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სემინარის მიმდინარეობისას იყო,ის რომ მასში თავად რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა,მათ შორის ვიყავი მეც.მე სწორედ ერთერთი მათგანი ვარ,ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის აგრესიის მსხვერპლი გახდა.

ამის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში,რომ მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობაშია გამოსავალი ჩიხიდან და მხოლოდ ურთიერთგაგებაა საწინდარი უთანხმოებათა აღმოფხვრის.  იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ერთმანეთის მიერ დაშვებული შეცდომები ვაღიარეთ,მე მათ ვაპატიე,თუმცა მათი დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობს,რომ რუსეთის მოქალაქეები არიან,ქვეყნისა,რომელმაც სამად გახლიჩა სუვერენული საქართველო.აღსანიშნავია ისიც რომ პირადად ახალგაზრდა რუსი სოციალ-დემოკრატები არასოდეს იწონებდნენ საკუთარი ხელისუფლების ასეთ მიდგომას საქართველოსადმი.

გავიდა სემინარისთვის განკუთვნილი დღეები და ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ იმ იმედით და სურვილით,რომ დადგება დღე როდესაც ერთმანეთს შევხვდებით არა როგორც აგრესორი ქვეყნის და მისი მსხვერპლის წარმომადგენლები,არამედ როგორც თანასწორი, თავისუფალი და განვითარებული ორი ქვეყნის წარმომადგენლები,მანამდე კი დიდი დროა და ჩვენი ურთიერთობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდება,მტრობის ფონზე მეგობრობა.

ნანა ბერუაშვილი

ევროპა,როგორც გლობალური აქტორი

ევროპა Actor Sui Generis

მახასიათებლები:

  • სიდიდე: 27 წევრი სახელმწიფო

      მოსახლეობა 450 მილიონი

  • ეკონომიკური სიმძლავრე და წარმატებული თანამშრომლობის მოდელი

(9 მილიარდიანი ბაზარი,თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ერთიანი ვალუტა)

  • ჰუმანიტარული აქტორი-1992 წლიდან 7000 ზე მეტი ხელშეკრულება,5 მილიარდი ევროს გაცემა, ჰუმანიტარული დახმარება 85 ქვეყანაში.
  • ყველაზე დიდი ენერგეტიკული იმპორტიორი და მომხმარებელი.
  • ’’ღრმა’’ და ’’ფართო’’ ინტეგრაცია,როგორც პოლიტიკური ძლიერება და სისუსტეც.
  • რბილი ძალაუფლების ეფექტური მექანიზმები

(კოპენჰაგენის კრიტერიუმები,acquis- ხშირად შიდა საქმეებში კონსტრუქციული ჩარევა)

  • ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა: 123 წარმომადგენლობა მესამე სამყაროს ქვეყნებში და ხუთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, ორჯერ მეტი დიპლომატი და ხუთჯერ მეტი საელჩო აშშ სთან შედარებით.
  • ეფექტურ ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა-სტაბილურობისა და მშვიდობისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი პროცესები მცირე ნაბიჯებით.
  • საშუალებები: ეკონომიკური თანამშრომლობა,ბაზრები/ადამიანის უფლებები,საარჩევნო პროცესების მონიტორინგის განვითარებული მექანიზმები,’’რბილი’’ უსაფრთხოება და ა.შ
  • საგარეო პოლიტიკის,თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებადი მექანიზმები.
  • გამოწვევები:
  • ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა,თუ სისტემა მუდმივ ცვლილებაში?
  • ინტერგავემენტალიზმის და ზესახელმწიფოებრიობის დიქოტომია.
  • ხელშეკრულებები და შეთანხმებები-პროტო კონსტიტუცია,ჩავარდნილი საკონსტიტუციო პროექტი.
  • ზოგიერთ სექტორში ერთობლივი გადაწყვეტილებები-თუმცა ეროვნული ხელისუფლებების მკაცრი მონიტორინგი.
  •  
  • სახელმწიფოებისაგან განსხვავებით დეფიციტურია: მოსახლეობის თვითიდენტურობა,დემოკრატიული ლეგიტიმაცია(ინტერესების განსაზღვრისას) და მოტივირებულობა.(საერთო,ერთგვარი პატრიოტიზმის შეგრძნების დაბალი დონე)
  • სუსტი რგოლი: CFSP და ESDP(ბალკანეთი,ერაყი,საქართველო და რუსეთი)

თუმცა ეფექტური საერთაშორისო პოლიტიკის მექანიზმები აქვს.

  • სახელმწიფოების განსხვავებული ინტერესები , ისტორიული კონტექსტი და მექანიზმები.
  • ეროვნული სუვერენიტეტი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე.
  • შიდა გამოწვევები:ინსტიტუციური,ინსტრუმენტალური და იდეური.
  • ინსტიტუციური:მუდმივი შიდა ინსტიტუციური კონკურენცია კომპეტენციების გადანაწილებისათვის. 
  • მრავალი ლიდერის არსებობისას გამოუკვეთავი ლიდერობა. 
  • განსხვავებული ინტერესები და კვაზი სუპრანაციონალიზმის პირობებში ადვილად მოქცევადი ’’დაყავი და იბატონე’’ ს სტრატეგიაში( მაგ: პუტინის  

რუსეთი და ბუშის ამერიკა)

მორავჩიკი:’’ევროკავშირი არის ევროპის უდიდესი სახელმწიფოების სახელმწიფოთაშორისი ვაჭრობის ფორუმი’’ 

  • ინსტრუმენტალური:რთული ბიუროკრატია,წესები და რიტუალები გადაწყვეტილებების მიღებისას,ნელი პროცესი,რაც კარგია კრიზისების პრევენციისა და გრძელვადიანი პოლიტიკისათვის,მაგრამ არაეფექტური კრიზისულ სიტუაციებში(1993-94 წლებში დამაბნეველი დაგვიანებები ბოსნიაში ჰუმანიტარული დახმარებისას) 
  • გაფართოების შემდგომ კვალიფიციური უმრავლესობის შემოღების მიუხედავად,მაინც არამოქნილი სისტემა. 
  • იდეური:ევროკავშირის სხვადასხვა აღქმა,ფედერალისტური და ნაციონალისტური სენტიმენტების შეუთავსებლობა-რაც საერთო პოლიტიკური ნების გამოვლინებას უშლის ხელს. 
  • ანგლო-ფრანკული ურთიერთობები-სხვადასხვა ხედვა. 
  • ფრანკო-გერმანული ურთიერთობები-სხვადასხვა ხედვა.
  • სახელმწიფოების განსხვავებული ხედვა ევროპის როლის შესახებ გლობალურ სისტემაში(’’ხისტი’’ და ’’რბილი’’ მექანიზმების პრიორიტეტულობა,მასშტაბები და მოქმედების არეალი)
  • საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გამოწვევები:
  • ხავიერ სოლანა,აპრილი-2002 წელი:’’უფრო ეფექტური საგარეო პოლიტიკისათვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინტერესების მკაფიოდ განსაზღვრა,ერთიანი და ნათელი გზავნილების შემუშავება და შესაბამისი ინსტრუმენტები ამ პოლიტიკის განსახორციელებლად’’
  • 2003 წლის უსაფრთხოების სტრატეგია.
  • Mr. Nice Guy ს იმიჯი.
  • კომფორტული იგნორირების პოლიტიკა.
  • ოთხი ძირითადი გამოწვევა თავდაცვაში:
  1. 1.    განსხვავებული პრეფერენციები,ინტერესები და მექანიზმები.
  2. 2.    ინსტიტუციური ბალანსის ყოვლისმომცველი პრინციპი.
  3. 3.    თავდაცვაზე მცირე ხარჯები(2002 წელს აშშ ს ხარჯი თითეულ ჯარისკაცზე-26,800 დოლარი,ევროპის 4,000 დოლარი)
  4. 4.    რეალურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისგან თავის არიდება.
  • უსაფრთხო რკალი:ENP
  •  ფინანსური დახმარება: ENP 2007-2013 (Million Euros) :

Algeria      220               Moldowa      209,7

Armenia       98,4            Maroc         654

Aserbaidjan      92           Palestinan Territories      632

Belarus   20                    Syria     130

Egypt        558                  Tunesia        300

Georgia      120,4          Ukraine          494

Israel            8                 Russian Fed.          120

Jordan         265             Regional Progammes    827

Libanon        187             + Emergency Fund     xxx

Libya       8                     

Total: 5.621.00

  • აღმოსავლური პარტნიორობა
  • მომავალი პერსპექტივები:
  • საჭიროა აქცენტების გადატანა მეტყველების ენიდან მოქმედების ენაზე.
  • პოლიტიკური წინაპირობითობა-უნდა გაძლიერდეს.
  • ხედვა მულტილატერალიზმზეა დაფუძნებული(აშშ სგან განსხვავებით და რუსეთის მსგავსად)
  • ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალი განსაზღვრავს ევროპის როლს დიდწილად(ეკონომიკური კონკურენცია და პოლიტიკური,სამხედრო თანამშრომლობა)
  • გაფართოების შედეგების ინსტიტუციური ელემენტი-ინსტიტუციური პარალიზების თავიდან ასაცილებლად.
  • ევროპა საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი-საჭიროა ამის ოპერაციულ სიმძლავრედ გადაქცევა.
  • სტივ მარში და ჰანს მაკენშტაინი-დასკვნა:

ევროპის საერთაშორისო ამბიციები და დამაჯერებლობა კარგა ხანს დამოკიდებული იქნება საერთაშორისო მოვლენების განვითარებაზე და ასევე,სავარაუდოდ,პოტენციურად იმიჯის შემლახველ შეუთავსებლობაზე ევროპის ძლიერ რიტორიკასა და მის რეალურ შესაძლებლობებს/პოლიტიკურ ნებას შორის.

ჟაკ ლუის დავიდი

ჟაკ ლუი დავიდი (ფრანგ. Jacques-Louis David); (30 აგვისტო 1748, პარიზი—29 დეკემბერი 1825, ბრიუსელი) — ფრანგი მხატვარი, ფრანგული ნეოკლასიციზმის დამაარსებელი. დიდმა მხატვარმა პროფესიული განათლება პარიზის ფერმწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიაში მიირო. 1774 წელს მან პირველი პრემია დაიმსახურა კონკურსში. ამან მას საშუალება მისცა ანტიკური ხელოვნების შესასწავლად იტალიაში გამგზავრებულიყო სახელმწიფო ხარჯით. იტალიაში მოგზაურობამ, მას თვალწინ გადაუშალა ანტიკური სამყაროს სიდიადე და მშვენიერება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.

დავიდი იზიარებდა განმანათლებლობის შეხედულებებს, რომ ხელოვნება ადამიანში მაღალ მოქალაქეობრივ გრძნობებს უნდა აყალიბებდეს. ეს აზრი მან ძველი რომის რესპუბლიკის ისტორიის მაგალითებით გადმოსცა. განმანათლებელთა შეხედულებების თაყვანისმცემელი, თავისუფლების და რესპუბლიკური იდეების მქადაგებელი მხატვარი 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციას აღფრთოვანებული შეხვდა. იგი რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო. ის იყო ეროვნული კონვენტის დეპუტატი. მან მხარი დაუჭირა მეფის სიკვდილით დასჯას. მან მოაწყო და მხატვრულად გააფორმა მრავალი რევოლუციური ზეიმი.

რევოლუციის დროს თავისი რესპუბლიკური დემოკრატიული შეხედულებების გამოსახატავად სახელგანთქმულ მხატვარს ძველი რომის ისტორიისათვის მიმართვა აღარ უხდებოდა. მას შესაძლებლობა მიეცა ეს შეხედულებები თანამემანულეთა სახეებში გამოეხატა. იგი მათ პორტრეტებს ასრულებდა, მის წარმოსახვაში ისინი ძველი დროის გმირებს უტოლდებოდნენ. ამგვარ სულისკვეთებით შეიქმნა სურათი “მარატის სიკვდილი” რევოლუციის მოწინააღმდეგეებმა ავადმყოფ მარატთან შეაგზავნეს მკვლელი, რომელმაც სამკურნალო აბაზანაში მყოფი იაკობინთა ბელადი სიცოცხლეს გამოასალმა.

1794 წელს თერმიდორული გადატრიალების დროს მაქსიმილიან რობესპიერთან მეგობრობის გამო იაკობინი დავიდი დააპატიმრეს და მხოლოდ სახელგანთქმული მხატვრის დიდებამ შეუნარჩუნა მას სიცოცხლე. საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ დავიდმა პოლიტიკურ მოღვაწობას თავი დაანება.

1799 წელს ხელისუფლების სათავეში მოსულმა ნაპოლეონმა დაიახლოვა დავიდი და პრივილეგირებულ მხატვრად აქცია. დავიდის სურათები ხოტბას ასხამდნენ კონსულობის და იმპერიის ღირსეშანიშნავ ამბებს. ამდროინდელი სურათებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია . “ნაპოეონის გადასვლა სან-ბერნარზე” და “ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა”.

იმპერიის დამხობის შემდეგ, რესტავრაციის დროს, ბურბონებისაგან დევნილი “მეფის მკვლელი” იაკობინი და ნაპოლეონის კარის მხატვარტი ჟაკ ლუი დავიდი იძულებული შეიქმნა სამშობლოდან გადახვეწილიყო. სიცოცხლის ბოლო წლები მან ბრიუსელში გაატარა, სადაც დიდ დროს უთმობდა ახალგაზრდა მხატვრების აღზრდას.

დაკრძალულია წმინდა გუდულას სასაფლაოზე ბრიუსელში, ხოლო მისი გული კი – პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

მასალა: wikipedia