Category Archives: საზოგადოება

”არ შეეხოთ ჯულიან ”ვიკილიქს” ასანჟს!”

“In a world of universal deceit, telling the truth is a revolutionary act”. George Orwell

ნანა ბერუაშვილი

http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=256

რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაა, როდესაც კონფიდენციალური მასალა, რომლის გახმაურებაც სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის არასასურველია, ფართო საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. მეორეს მხრივ რატომ უნდა განვიკითხოთ მისი გამავრცელებელი, თუ კი ამ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება საზოგადოებისთვის ობიექტური რეალობის მიწოდებას და იმის ხაზგასმას, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების უმაღლესი პოლიტიკური პირები დაუფიქრებლად დგამენ და კვლავაც გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ორმაგი სტანდარტების პრინციპიდან იქნება გამომდინარე. ჯულიან ასანჟი, ავსტრალიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ჟურნალისტი და ჰაკერი. ვიკილიქსის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაშფოთა, განსაკუთრებით კი ამერიკის და ევროპის უმაღლესი სახელმწიფო ესტაბილიშმენტის თავისტკივილად იქცა. ჟულიენ ასანჟმა მსოფლიო საზოგადოებას უახლოეს დღეებში კარგად დაანახვა , თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფლობდე უტყუარ ინფორმაციას, ინფორმაცია ხომ დღეს ყველაზე მთავარ იარაღად იქცა. როგორც თავად აღნიშნავს, მან ზუსტად იცის, თუ რა ტიპის ინფორმაციას სდევს მსოფლიოში ყველაზე დიდი რეაქცია. ოცდამეერთე საუკუნე ახალი მსოფლიო წესრიგის საუკუნედ შეგვიძლია მივიჩნიოთ, დიდი ხანია ყველა თანხმდება იმაზე, რომ თანამედროვე ეპოქა ესაა საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქა, რომელსაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გლობალიზებული მსოფლიო. ახალი მსოფლიო წესრიგი თვისობრივად ახალ მიდგომებსა და საშუალებებს ამკვიდრებს, სახელმწიფო და სხვა არასახელმწიფო აქტორებს როგორც ჩანს გაუჭირდებათ უკვე აპრობირებული მეთოდებით მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების შესაფერხებელი ზომების გატარება. ჯულიან ასანჟის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ძალიან კარგად გარკვეულ ინდივიდებს შესწევთ უნარი ფარდა ახადონ ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას. ასანჟმა საკუთარი საიტის მეშვეობით რამდენიმე დამხმარესთან ერთად, მრავალი გასაიდუმლოებული არხის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოიპოვა უმნიშვნელოვანესი ვიდეო ჩანაწერები და დოკუმენტაციები ავრანეთისა და ერაყის სამხედრო კამპანიების შესახებ, საიტი არა მხოლოდ ამერიკის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს კონტურებს ხაზავს, არამედ ევროპა – რუსეთ – ამერიკა – საქართველოს ურთიერთობებზე და სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებულ კულუარულ და ხშირ შემთხვევაში მერყევ პოზიციებზე ამახვილებს ყურადღებას. თავად ასანჟისთვის ვიკილიქსის მეშვეობით, ფარული ინფორმაციის საჯაროდ გამოტანის მოტივი მარტივია: “2006 წლიდან იმ იდეოლოგიით ვხელმძღვანელობთ, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ორგანიზაციები, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ” – აღნიშნავს იგი ჟურნალ თაიმის რედაქტორთან რიჩარდ სთენგლთან სკაიპით ჩაწერილი ინტერვიუს დროს და აქვე დასძენს, რომ “მისი გუნდის მიზანი არა გამჭვირვალე საზოგადოების, არამედ სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაა”. თუ კი ასანჟისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, კონფიდენციალური დოკუმენტების საჯაროდ ”გამოფენა”, ამ ყველაფრით გაღიზიანებულმა პრეზიდენტმა პარაკ ობამამ ჟულიან ასანჟი ლამის ტერორისტად შერაცხა და მის მიმართ მკაცრი სადამსჯელო ზომების გატარება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც სკანდალური ვებ გვერდის დამფუძნებელზე შვედეთის ხელისუფლებამ ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა, გაუპატიურების ბრალდებით, ჟულიენ ასანჟი ლონდონის პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით მივიდა. მოგვიანებით ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ადვოკატების განცხადებით, ისინი ასანჟის შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასცილებლად იბრძოლებენ, რათა იქიდან ამერიკაში არ მოხდეს მისი გადაყვანა. თავად დაკავებული გაუპატიურების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ მას ამერიკელი დიპლომატების კონფიდენციალური წერილების გამოქვეყნების გამო დევნიან. “WikiLeaks სამოქალაქო თვალსაზრისით მორჩილი ორგანიზიციაა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მსოფლიო მეტად ცივილური გავხადოთ და ვიმოქმედოთ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ცივილურ განვითარებას ეწინააღმდეგებიან. არსებობის ოთხი წლის მანძილზე ჩვენს წინააღმდეგ 100-ზე მეტი სასამართლო პროცესი იყო აღძრული და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვედით,” ამბობს ჟულიენ ასანჟი. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი სახელმწიფოების მმართველ წრეებს ერთი სული აქვთ ჟულიენ ასანჟი სამუდამოდ ციხეში გამოკეტილი ნახონ, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით და ათეულ ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მრავალ საიტზე არიან გაერთიანებული ინტერნეტ სივრცეში და ყოველ წუთს ასანჟის მისამართით გამამხნევებელ, მხარდამჭერ სიტყვებს არ იშურებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებლები, სადაც გარდა იმისა, რომ ვიკილიქსის გვერდს მილიონზე ბევრად მეტი წევრი ჰყავს, ასევე ნახავთ ამგვარი სახელწოდების ჯგუფსაც: “Don’t touch Mr Julian “WikiLeaks” Assange”, რომელიც წევრების აქტური მხარდაჭერით ყველასგან გამოირჩევა. ბევრი ადამიანისთვის ჟულიენ ასანჟი გმირია, ადამიანი, რომელიც ერთადერთი “იარაღით” სიმართლით, არ შეუშინდა დაპირისპირებოდა “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”. იმასაც კი ითხოვენ ვიკილიქსის დამფუძნებელი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ. ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად წარმოთქმულ ასეთი ტიპის მოსაზრებებს უკვე მრავლად ნახავთ: “მსოფლიომ დაიმსახურა მოუყვნენ სიმართლე”. “შეიძლება დააპატიმრო ადამიანები, მაგრამ წინ ვერ აღუდგები იდეებს.” “სიმართლეს ტერორიზმის სახელს არქმევენ, მაშინ, როდესაც ხშირად ყველაზე დიდი ტერორისტებივით ჩვენი არჩეული ხეისუფლებები მოქმედებენ.” ასანჟის დასაცავად და ასევე, წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში ჰაკერებს შორის “ომია” ატეხილი. როგორც http://mashable.com. იუწყება ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა იმ კომპანიების ვებგვერდებს მიაყენეს ზიანი, რომლებმაც ვიკილიქსისთვის მომსახურების გაწევაზე უარი თქვეს. იმის გამო, რომ შვედურმა ბანკმა PostFinance მ რამდენიმე დღის წინ ჟულიენ ასანჟის საბანკო ანგარიში დახურა, ჰაკერებმა ბანკის ვებ გვერდს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. პრობლემები შეექმნა mastercard ის ვებ გვერდსაც, რომელმაც “არალეგალური საქმიანობის” გამო ვიკილიქსს მომსახურება შეუწყვიტა. უფრო მეტიც, http://mashable.com. ის ინფორმაციით, ანონომურ ჰაკერთა ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე იქნება ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც „ხელისუფლების ზეწოლას დაემორჩილებიან” და ვიკილიქსის წინააღმდეგ იმოქედებენ. აღსანიშნავია, რომ ასანჟისთვის მხოლოდ ბოლო თვეების მოვლენები არ გამხდარა პოპულარობის მიღწევის მთავარი საშუალება. ჟულიან ასანჟი საკმაოდ პრესტიჟულ ჟურნალისტად და გავლენიან ადამიანად ითვლება. მიღებული აქვს Economist index on Consorship Award (2008), Amnesty International Media Award (New Media) 2009წ, 2010 წელს კი სემ ადამსის ჯილდო. 2010 წლის სექტემბერში ბრიტანული გამოცემის”New Statesmen”-ის მიერ იგი 23-ე ადგილზე დასახელდა “მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან პერსონას შორის”. ამასთან ერთად დასახელებულია სხვადასხვა გამოცემების შემდეგ ნომინაციებში “ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო”, “2010 წლის პერსონა” და ა.შ როგორც ჩანს ჟულიენ ასანჟი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი მსოფლიო ლიდერებს სამართლიანობის და წესრიგის თავისებურ გაგებას და ფორმებს სთავაზობს. ეს კი საკმაოდ არასასიამოვნო და დამაფიქრებელია მათთვის, ვინც კულისებს მიღმა სხვა “თამაშს უკვეთავს”. დემოკრატიული ქვეყნები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საკუთარ (და არა მხოლოდ) მოსახლეობას გამუდმებით ახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ლიბერალური ფასეულობების რეალობაში გატარება და პირველ რიგში სიტყვის თავისუფლება, ალბათ მინიმუმ უნდა დაფიქრდეს, მანამ სანამ ჯულიან ასანჟის მიმართ მკაცრი ტონით საუბარს გააგრძელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დასჯაზე. ინფორმაციული თავისუფლების უნივერსალური პრინციპი ხომ მარტივ ფორმულაში მდგომარეობს, უბრალოდ ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ სიმართლე.

http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=256

Advertisements

’’შესავალი თანამედროვე აზროვნების’’ წინააღმდეგ და დასაცავად

 

ფილოსოფიას არასოდეს დავუინტერესებივარ აქამდე, თუმცა ბოლო ხანს ძალიან გამიტაცა ნიცშემ, კანტმა, ადამ სმიტმა, ჯონ სტიუარტ მილმა, ფრიდრიხ ჰაიეკმა, განსაკუთრებით კი  ჰეგელმა. მიუხედავად სხვადასხვა თემატიკაზე აქცენტირებისა, მთავარი რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, აზროვნების ფილოსოფიური მიმართულებაა.

ფილოსოფია  კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ამერიკასავითაა ჩემთვის,  რომელიც დღითიდღე უფრო მეტად მიტაცებს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ის მიმართულება იყო, რომელსაც ვერასდროს ჩავწვდებოდი, ვერ გავითავისებდი და მარტივად რომ ვთქვათ ვერც გავიგებდი.  თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთი შეხედვით ’’გადაულახავ წინააღმდეგობას’’, როგორც წესი აუცილებლად ისევ მივუბრუნდები ხოლმე, შეიძლება დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც ვცდილობ ’’დარჩენილი’’ ახლიდან ’’დავძლიო’’ ხოლმე. ასე მოხდა ახლაც. ’’დავძლიე’’ და თან ისე მონდომებით, რომ მგონი საკმაოდ მძაფრად ჩამითრია კიდეც.

ერთი პატარა აღსარებაც მაქვს ამასთან დაკავშირებით სათქმელი. ილიას უნივერსიტეტში სწავლის დროს ბაკალავრის პირველ კურსზე სავალდებულო საგანი სწორედ ფილოსოფია იყო, ზუსტი სახელწოდებით: ’’შესავალი თანამედროვე აზროვნებაში’’ , სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ფილოსოფოსების მნიშვნელოვანი ნაშრომების შემოკლებულ ვარიანტებს ვსწავლობდით, ასევე მარქსის, ენგელსის, უზნაძის, დარვინის და სხვათა აზრებს. ამათგან დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ, აღნიშნული საგნის სწავლის პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე ავტორის ნაშრომი მაქვს ზერელედ გადაკითხული და ისიც ვერ გაგებული. მახსენდება ’’მაგია, მეცნიერება და რელიგია’’, ავტორი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ძალიან კარგად იკითხებოდა, თუმცა ღრმად არც ჩავძიებულვარ და არც გავცნობივარ. მეორე რამაც ’’დაუვიწყარი ემოციები’’ გამოიწვია ჩემში ერვინ შროდენგერი იყო, სიმართლე გითხრათ მათემატიკურ ამოცანებზე უკეთესად ნამდვილად არ გამიგია ამ კაცს რისი თქმა უნდოდა, ან ჩვენ რას გვერჩოდნენ ასეთ რაღაცებს რომ გვაკითხებდნენ, სხვათაშორის დიდი ხანი იმ აზრზე ვიყავი, რომ პირველ კურსელმა სტუდენტმა არ უნდა ისწავლოს ეს, ’’სტაჟიანი’’ ფილოსოფოსებისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა სხვა დანარჩენთათვის საკმაოდ რთული საგანი.

ისიც კარგად მახსოვს, რომ როდესაც მარქსს და ენგელსს ვკითხულობდი,მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც, ზოგადად, ვიცოდი რა იყო კომუნიზმი, ბურჟუაზია, პროლეტარული რევოლუცია და უკლასო საზოგადოების იდეა, მაინც ვერ დავწერე აზრიანი თემა სემინარზე, პირიქით, რაღაც ამოკოპირებული ’’შპარგალკა’’ გადმოვწერე. ისიც კი აღარ მახსოვდა რა ამოვიკითხე იმ ნაწერებში.

მოკლედ, ჩემი და ფილოსოფიის ’’ურთიერთშეთანხმება’’ უნივერსიტეტში სწავლის საწყის ეტაპზე ვერ მოხერხდა. ამას მინიმუმ რამდენიმე მიზეზი აქვს.

1)   პედაგოგიურ ფაკულტეტზე ვაბარებდი სულხან საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში და განწყობა და მოტივაციაც საამისო მქონდა სწორედ.

2)   ადაპტაციის პერიოდში ვიყავი და ხშირად ლექციის დრო და აუდიტორიაც მეშლებოდა.

3)   უბრალოდ არ მაინტერესებდა ამდენ ’’გაურკვეველ’’ და უცნობ თემებს შევჭიდებოდი.

ნოდარ ლადარიას ლექციები მახსოვს. იმდენად უინტერესო იყო ეს ყველაფერი ჩემთვის ერთი სული მქონდა გაეცდინა, ან მალე დაესრულებინა საუბარი, რომელიც უბრალოდ არ მესმოდა. ამასაც ორი მიზეზი ქონდა. პირველი იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი და მშვიდი ხმის ტემბრი აქვს და მეორე არ მაინტერესებდა და არ ვისმენდი, ან ვისმენდი და ვერ ვიგებდი.

ერთი სიტყვით, დღეს ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ნოდარ ლადარია პირველ კურსზე სწავლის პერიოდში სრულიად უინტერესო და დამღლელი საგნის ლექტორი იყო.

შემდეგ მახსოვს მეორე, ან მესამე კურსზე ლადარიას ღია, თავისუფალ ლექციაზე(  ლექციის ვიდეო ჩანაწერს აკეთებდნენ და სტუდენტების დასწრება აუცილებელი იყო) მოვხვდი შემთხვევით. უბრალოდ შევედი, თავისუფალი დრო მქონდა. მაკიაველის ირგვლივ მიმდინარეობდა საუბარი. სწორედ ამ პერიოდში, ცოტა არ იყოს, ვინანე კიდეც, რომ  მანამდე ლადარიას ლექციებს ყურადღებით არ ვისმენდი.

მკითხველს ლოგიკური კითხვა გაუჩნდება, თუ არაფერს არ ვკითხულობდი, ან ვკითხულობდი და ვერ ვწვდებოდი აზრის მნიშვნელობას, დღეს რატომ ვუთმობ ამ სტატიას სწორედ ფილოსოფიას და სწორედ ’’საძულველ’’ საგანს.

პასუხი მარტივია, ოთხი წლის წინ ძალიან ბევრ ისეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ირგვლივ განვითარებულს, რომელიც ახლა ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია.

ფილოსოფია კი სფეროა, რომელიც, ჩემი სუბიექტური აღქმით, ყველაზე უფრო ღრმა, ამოუცნობ და თან ამავდროულად მარტივ და პრაქტიკულ თემებზე აკეთებს აქცენტირებას.

’’ახალგაზრდობა სიცოცხლის ის მშვენიერი ხანაა, როდესაც ადამიანი გაჭირვებულობის შეზღუდულ მიზანთა სისტემას ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია და უნარი აქვს თავისუფალი, უანგარო მეცნიერული მოღვაწეობისა; როდესაც ასევე ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია იგი ამაოების უარყოფით სულს, წმინდა კრიტიკული კვლევის უშინაარსობას. ჯერ კიდევ ჯანსაღ გულს შესწევს სითამამე, ჭეშმარიტება მოითხოვოს, ხოლო ჭეშმარიტების სამეფო ის სამეფოა, რომელშიც ფილოსოფია სულდგმულობს, რომელსაც ფილოსოფია აგებს და რომლის თანამონაწილენი ჩვენ ვხდებით ფილოსოფიის შესწავლით. რაც კი ცხოვრებაში ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, იდეისაგანაა; ფილოსოფიის მიზანია ამ იდეას მის ჭეშმარიტ სახესა და ზოგადობაში მისწვდეს, გონის სამეფო თავისუფლების სამეფოა. ყველაფერი, რაც კი ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, რასაც კი ღირებულება და აღიარება აქვს, გონითი ბუნებისაა; ხოლო გონის ეს სამეფო მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლის შეგნებით, იდეათა ჩაწვდომით არსებობს ’’. ( ჰეგელი – ნაწყვეტი 1818 წლის 22 ოქტომბერს, ბერლინში წაკითხული ლექციიდან )

       

მოკლედ, ჩვენი სიცოცხლე მარადისობის ერთი ფურცელია, ცოცხალი ფურცელი, რომელსაც აქვს დასაწყისიც და დასასრულიც, მარტივია თითეული გამოწვევა, რომელსაც იგი გვიმზადებს და გვთავაზობს, მაგრამ ამავდროულად ამ გამოწვევებში მთელი ფილოსოფიაცაა ჩადებული,ის რაც ყველაზე მეტად გვიზიდავს, აზარტს გვმატებს და გვიბიძგებს განვაგრძოთ არსებობა. ესაა სწორედ ყველაზე მძაფრი მიზეზი, თუ რატომ ვუფრთხილდებით საკუთარ სიცოცხლეს, საგანძურს, რომელზე ძვირფასიც მეორე არ გაგვაჩნია. ძალიან ჰგავს ერთმანეთს სიცოცხლე და ფილოსოფია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანებს ქმნის, ხოლო მეორეს ადამიანი თავად ქმნის,- ჭეშმარიტების, თავისუფლების ძიება ორივეგან პირველ ადგილზეა. ფილოსოფიას შეუძლია სხვანაირი სამყარო დაგვანახვოს, შეიძლება უფრო რთულად აღქმადი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი და საინტერესო. J ჰეგელის აზრის ციტირება უკვე მოვიყვანე, რომ ’’რაც კი ცხოვრებაში ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, იდეისაგანაა’’, საკუთარი იდეებისა  და შეხედულებების ნაკრები კი თავად უნდა შევკრიბოთ, იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენთვის მთავარი და პრიორიტეტული, რით გვსურს ვიხელმძღვანელოთ ცხოვრებაში. მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე,მრავალმა გარემოებამ, მრავალმა ადამიანმა, რომელთა ფილოსოფიური, ანალიტიკური, თუ სხვა სახის ნააზრევი ჩემთვის მისაღები გახდა, ამარჩევინა გზა, რომელსაც გავივლი, როგორც ინდივიდუალიზმის, თავისუფლების, სამართლიანობის და რაც ყველაზე მთავარია განსხვავებული აზრებისა და ადამიანების შემწყნერებლობის მომხრე და დამცველი, ლიბერალიზმიც ხომ დიდწილად ამას გულისხმობს.

 

ნანა ბერუაშვილი

 

 

 

 

 

 

კონფლიქტის ტრანსფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის

 2009 წლის 26-29 ნოემბერი

 მშვიდობა და უსაფრთხოება ის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია,რომელთა გარეშე ყოველგვარი განვითარება წარმოუდგენელია.

მსოფლიოს ხალხთა მრავალსაუკუნოვანი ისტორია მაგალითია იმისა,რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ომი საბოლოო ჯამში მაინც არასოდესაა მომგებიანი…

ამ ღირებულებას ალბათ ყველაზე მეტად აფასებენ ისინი,ვინც უშუალოდ გამოსცადა საკუთარ თავზე,თუ რას ნიშნავს კონფლიქტში ცხოვრება,თუ რას ნიშნავს გინდოდეს მშვიდობა და სანაცვლოდ ომს გთავაზობდნენ,არავისთვის სასურველ ომს.

’’კონფლიქტის ტრანსფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის’’,სემინარი,რომელიც გაიმართა ბორჯომში,იყო მცირე,თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი,2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველა სახის გაფუჭებული და დაძაბული  ურთიერთობების ფონზე.

ქართველი ახალგაზრდა სოციალისტების და რუსი სოციალ დემოკრატების რამდენიმედღიანი თანამშრომლობა და მეგობრობა,არის ცალსახა დადასტურება იმისა,რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,ყველაზე რთული ვითარებიდანაც კი შეიძლება გამოსავალი ვიპოვოთ,ყველაზე დიდი დაძაბულობის ფონზეც კი შესაძლებელია კომპრომისული გზების ძიებისკენ რეალური ნაბიჯები გადავდგათ.

რაც ყველაზე მთავარია,ჩვენ ერთმანეთი გავიცანით,როგორც ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების წარმომადგენლებმა,თუმცა ვითარების რეალურმა აღქმამ და გაცნობიერებამ მკაფიოდ დაგვანახვა ის გარემოება,რომ ყველა ქართველი აპრიორი ცუდი არაა და პირიქით,ყველა რუსი საქართველოს მტერი არაა. ჩვენ რამდენიმედღიანი თანაცხოვრების მანძილზე გვქონდა უამრავი ერთობლივად სააზროვნო ამოცანა.მათში წარმატებით თავის გართმევა საჭიროებდა როგორც საკუთარი ხედვების დაფიქსირებას,ისევე მეორე მხარის მონაწილეობას.ჩვენ შევძელით ერთმანეთის აზრების მოსმენა,პატივისცემა და რაც მთავარია ერთმანეთის ხედვების შეჯერებით საერთო კომპრომისული გზების ძიება.

წარმატებული პოლიტიკა წარმატებული პიროვნული ურთიერთობების ფონზე იქმნება.ისტორია ამის მრავალ მაგალითს ინახავს. დღევანდელ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ამ ყველაფრის მკვეთრ დეფიციტს ვხედავთ.იმას რასაც აფუჭებენ პოლიტიკოსებიი დაუფიქრებელი ნაბიჯებით,მომავალ თაობას გასდევს ტვირთად და ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე,რომ დღეს,თანამედროვე მსოფლიოში შესაძლებელია იმ ქვეყანასთან დიალოგიც კი,ვისაც მტრად ვთვლით,რადგან უბრალო ხალხი არასოდესაა ერთმანეთის მტერი.ისინი არასწორი პოლიტიკის მსხვერპლი არიან ყველაზე ხშირად. თუნდაც ჩვენი მცირე სემინარის ფონზე,ნათლად უნდა გავაცნობიეროთ და გვჯეროდეს ის,რომ მტრობა,დაძაბულობა,მუდმივი ომის მდგომარეობაში ყოფნა,ეს არ არის ის,რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ ნებისმიერი ადამიანი,მსოფლიოს ყველა კუთხიდან.დღეს თითეული ჩვენგანის არჩევანი მშვიდობა,სტაბილურობა და განვითარება უნდა იყოს. ამის მზაობა დავინახეთ ჩვენი მეგობარი რუსი ახალგაზრდა სოციალ დემოკრატების მხრიდან და ამის დიდი სურვილი გვამოძრავებს ჩვენც.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სემინარის მიმდინარეობისას იყო,ის რომ მასში თავად რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა,მათ შორის ვიყავი მეც.მე სწორედ ერთერთი მათგანი ვარ,ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის აგრესიის მსხვერპლი გახდა.

ამის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში,რომ მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობაშია გამოსავალი ჩიხიდან და მხოლოდ ურთიერთგაგებაა საწინდარი უთანხმოებათა აღმოფხვრის.  იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ერთმანეთის მიერ დაშვებული შეცდომები ვაღიარეთ,მე მათ ვაპატიე,თუმცა მათი დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობს,რომ რუსეთის მოქალაქეები არიან,ქვეყნისა,რომელმაც სამად გახლიჩა სუვერენული საქართველო.აღსანიშნავია ისიც რომ პირადად ახალგაზრდა რუსი სოციალ-დემოკრატები არასოდეს იწონებდნენ საკუთარი ხელისუფლების ასეთ მიდგომას საქართველოსადმი.

გავიდა სემინარისთვის განკუთვნილი დღეები და ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ იმ იმედით და სურვილით,რომ დადგება დღე როდესაც ერთმანეთს შევხვდებით არა როგორც აგრესორი ქვეყნის და მისი მსხვერპლის წარმომადგენლები,არამედ როგორც თანასწორი, თავისუფალი და განვითარებული ორი ქვეყნის წარმომადგენლები,მანამდე კი დიდი დროა და ჩვენი ურთიერთობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდება,მტრობის ფონზე მეგობრობა.

ნანა ბერუაშვილი

მივცეთ ერთმანეთს ბედნიერების საშუალება

ყველაფერს ნუ ამბობ ,რასაც ფიქრობ,მითხრა ერთხელ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა,თუმცა სამწუხაროდ ეს ის შემთხვევაა,როდესაც მას არ დავეთანხმე.

ყოველთვის ვიტყვი იმას,რასაც ვფიქრობ,ეს ჩემთვის აქსიომასავითაა.
პირდაპირობა გაცილებით უკეთესია,ვიდრე,ის რაც ცოტა ხნით დამალულ(თუმცა ადრე თუ გვიან მაინც გამჟღავნებად აზრს მოსდევს ხოლმე თან)……………..

ყოველი ადამიანი იბადება თანასწორი, თავისუფალი და არავის არა აქვს უფლება მათი შევიწროების, მათთვის ცხოვრების წესის დადგენის. ყოველი ადამიანი საკუთარ ინდივიდუალურ არჩევანში არის თავისუფალი. ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ რომ არ გვაქვს უფლება განვიკითხოთ სხვათა შეხედულებები, ცხოვრების წესი, ორიენტაცია. ჩვენი ვალი არის მხოლოდ ის, რომ ვიზრუნოთ თითეული ადამიანის ბედნიერებაზე. არა მხოლოდ საზოგადოების ფართო ჯგუფების ბედნიერებაზე არამედ კონკრეტული ინდივიდების. ჩვენ ყველანი ერთ სამყაროში ვცხოვრობთ რომელიც წარმავალია და ამიტომ არ გვაქვს ფუფუნება იმისა რომ სხვისი არჩევანი განვიკითხოთ, უბრალოდ შევეგუოთ სხვას ისეთს, როგორიც არის.

თითეულ ადამიანს უნდა ყოფნიდეს სიმამაცე,ხმა აიმაღლოს უსამართლობის წინააღმდეგ.

თითეული ადამიანი,როდესაც რაღაცას აკეთებს,ღრმად უნდა იყოს დარწმუნებული იმაში,რომ საკუთარ სინდისთან მართალია.

ფართო მასების აზრი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია,თუმცა სწორედ მაშინ ხარ ყველაზე დიდსულოვანი,როდესაც ამ მასების გულის მოგებაზე კი არ ფიქრობ,არამედ საკუთარი სათქმელი გაგაჩნია მათ წინაშე,თუნდაც საწინააღმდეგო აზრი იყოს ეს. აზრი ,რომელსაც კი არ დამალავ,რათა უარყოფითად არ იმიქმედოს მისმა გაცხადებამ უმრავლესობის ცნობიერებაზე,არამედ ბოლომდე დაიცავ შენს სათქმელს.

არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს: უმცირესობაშიც იგივე არსებები არიან,ვინც უმრავლესობაში,უბრალოდ გაცილებით ნაკლები რაოდენობის.

რაც შეეხება იმას,თუ რამდენი თანაზიარი ეყოლება შენს აზრებს: ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არაა ბრბომ ხელში აგიყვანოს და გაგაფანატოს,ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის,რომ შენს იდეალებს ემსახურო პირნათლად, გულწრფელად

ნანა ბერუაშვილი

სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალოქო საზოგადოება
.
ტერმინის განმარტება:
რა არის სამოქალაქო საზოგადოება?
სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდუუმების სპონტანური თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების სფერო,რომელიც კანონით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისა და თვითნებური რეგლამენტაციისგან.სამოქალაქო საზოგადოებაში მოქმედებენ ინდივიდები,სოციალური ჯგუფები,არასამთავრობო ორგანიზაციები და ელიტარული ჯგუფები,რომლებსაც აქვთ უნარი და საშუალება გავლენა მოახდინონ როგორც საზოგადოებაზე,ისე ხელისუფლებაზე.
სამოქალაქო საზოგადოება არსებობს იმ ინტერესთა მრავალფეროვნების ფორმით,რომელთა არსებობის უფლებას ეს საზოგადოება ცნობს.სამოქალაქო საზოგადოება არის არა ერთჯერადი საზოგადოებრივი შეთანხმების პროდუქტი,არამედ თვით ამ შეთანხმებათა ძიებისა და დიალოგის წარმართვის დინამიკური პროცესი.შეთანხმების ძიება არის თანაცხოვრების შეუჩერებელი ფორმა,რომლის საფუძველზეც მიიღწევა დინამიკური წონასწორობა მუდმივად ცვლად საზოგადოებაში,რომელშიც განუწყვეტლივ იბადება და კვდება არასამთავრობო და ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები;ყალიბდება,ტრანსფორმირდება და ქრება ასოციაციური სტრუქტურები;ისახება,ღვივდება და ცხრება კონფლიქტები;ადგილს იმკვიდრებს და კარგავს ახალი და ძველი ჭეშმარიტება.სამოქალაქო საზოგადოება არის თავისუფალ ადამიანთა ისეთი კრებული,რომელსაც ახასიათებს არა იმდენად საერთო,რამდენადაც გაზიარებული ღირებულებები,სწრაფვა ისეთი სოციალური სწავლის პროცესისკენ,რომელშიც მთავარია არა იმდენად კომპრომისი,რამდენადაც ერთმანეთის გაგებისთვის მზადყოფნა.სამოქალაქო საზოგადოება თავისი არსით ისეთი საზოგადოებრივი წყობაა რომლის დროსაც ადამიანს გარანტირებული აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური ყოფიერების ფორმათა არჩევანი,აღიარებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები,უზრუნველყოფილია იდეოლოგიური პლურალიზმი.სამოქალაქო საზოგადოება იმ დონეზე აკონტროლებს სახელმწიფოს,რომ მის მიერ საზოგადოების მომსახურების ფორმით გარანტირებულიიყოს სამოქალაქო საზოგადოების ისეთი მასაზრდოებელი ფაქტორებისა და სავალდებულო პირობების დაცვა,როგორიცაა საკუთრების მრავალფეროვნება და თანაბრობა,შრომისა და

მეწარმეობის თავისუფლება,იდეოლოგიის მრავალფეროვნება და თავისუფალი მასმედია,ადამიანის უფლება-თავისუფლებების ურღვეობა და ა.ს.შ.2სამოქალაქო საზოგადოებას ფართო და ვიწრო გაგებით განსაზღვრავენ:სოციალურ და პოლიტიკურ თეორიაში მიღებულია უფრო ფართო განსაზღვრება,რომელიც უკავშირდება ამ ცნების წარმოშობას კლასიკურ ლიბერალურ თეორიაში ისეთ მოაზროვნეებთან,როგორებიც არიან ჯონ ლოკი და ადამ ფერგიუსონი.სამოქალაქოსაზოგადოება განსხვავდება ’’ბუნებითი საზოგადოებისაგან’’,სადაც არის ქაოსი და ადამიანები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ.საზოგადოების სამოქალაქო ხასიათი ამ გაგებით უკავშირდება იმ შეზღუდვებს,რომლებსაც ადამიანები ნებაყოფლობით უწესებენ საკუთარ თავს,რათა მათი ცხოვრება უფრო უსაფრთხო და პროდუქტიული გახდეს. საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების სფეროში მოიაზრება სოციალური ურთიერთობებისა და აქტივობების ის ფორმები რომლებიც არ გვხვდება ოჯახის,ბიზნესისა და სახელმწიფოს სფეროებში.1-ოჯახი პიროვნულ და ბუნებით კავშირებს ეყრდნობა,სამოქალაქო საზოგადოება კი საჯარო სივრცეშია,ანუ ის სცდება ახლობლურ,პიროვნული ურთიერთობების საზღვრებს.2-ბიზნესი ცალსახად მოგებაზეა ორიენტირებული.თუმცა ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების გადაკვეთაზეა მედია,რომელიც მიუხედავად იმისა,რომ კომერციულ გათვლებზე დგას,სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება საზოგადოებრივი ინტერესებისა და ღირებულებების გავრცელება და პოპულარიზაცია,რის გარშემოც ხდება საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზაცია.3-სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობაზე ცოტა მეტ ხანს შევჩერდები:ასევე სახელმწიფოც რა თქმა უნდა სამოქალაქო საზოგადოების სფეროს გარეთ გვხვდება,თუმცა მათ შორის კავშირები ძალზედ მნიშვნელოვანია. სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაახელისუფლების საქმიანობაზე კონტროლი,რათა ზემოქმედება მოახდინოს მის საქმიანობაზე.ამრიგად სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სფეროებია.ისინი წესით არ ერევიან ერთმანეთის საქმიანობაში,მაგრამ ახორციელებენ ურთიერთშეზღუდვას და ურთიერთკონტროლს.სამოქალაქო საზოგადოება ზემოქმედებას ახდენს ხელისუფლებაზე,რათა მისი მხრიდან გამოირიცხოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები.ხელისუფლება კანონის საფუძველზე არეგულირებს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს,რათა მასში აღმოიფხვრას კრიმინალური ელემენტების საქმიანობა და დანაშაულებრივი ელემენტები.

სამოქალაქო საზოგადოების ჩასახვა,ფორმირება და სრულყოფა თავად სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების ხარისხს,ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმსა და მის მიმდინარეობას უკავშირდება.ასევე თავის მხრივ,იმის მიხედვით თუ როგორია საზოგადოება,რა სახის ურთიერთობები არსებობს მასში,ყალიბდება სახელმწიფოს მართვის სისტემაც.ქვეყანაში დემოკრატიული,ორგანიზაციული ფორმის არსებობის პირობებში თუ საზოგადოება არ არის მზად მართვაში თანამშრომლობისთვის და მონაწილეობისთვის,მაშინ ხელისუფლება იძულებული ხდება თავის თავზე აიღოს მართვის მთელი ფუნქცია,რაც გამორიცხავს ქვეყნის,როგორც მთლიანის დემოკრატიულობას და აიძულებს მმართველ ძალას ტოტალიტარული თუ არა ავტორიტარული გახდეს.ხელისუფლებამ რომ მართვითი ფუნქციები განახორციელოს,მას სამოქალაქო საზოგადოება სჭირდება.მოკლედ,დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა თავის თავში გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებას,როგორც დემოკრატიულად ყოფნის უფრო მაღალ საფეხურს.ასევე დავამატებ ერთ მნიშვნელოვან გარემოებასაც,სამოქალაქო საზოგადოებას და სახელმწიფოს ერთმანეთთან პარტიები აკავშირებენ.მიუხედავად იმისა რომ პარტიათა ძირითადი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში აღებაა,ისინი მაინც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებია ბუნებით.
ტერმინი ვიწრო გაგებით ხშირად უიგივდება არასამთავრობო ორგანიზაციებს,ანუ მესამე სექტორს.ისინი შეიძლება ეფუძნებოდნენ მოხალისეობას,ქველმოქმედებას,ფილანტროპიას.არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ ’’ვაჩ დოგებს’’ წარმოადგენენ.ე.წ ’’ნგო’’ები ორიენტირებულნი არიან კოოპერაციასა და შემწყნარებლობაზე.მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენენ ეთნიკური და რასობრივი კონფლიქტების გადაწყვეტისას და სარგებლობენ დიდი ნდობით.როგორც ავღნიშნე პოლიტიკურ თეორიაში სამოქალაქო საზოგადოების ცნების მნიშვნელობა ძირითადად იმით განისაზღვრება,რომ ის მდგრადი გაწონასწორებული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის საფუძველია.განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიული სისტემა კონსოლიდირებული,ფესვგადგმული ვერ იქნება..

მასალა:
1-ლევან ბერძენიშვილი,გიგა ბოკერია;სამოქალაქო საზოგადოება;თბილისი-1998.
2-ვახტანგ ერქომაიშვილი:რა არის სამოქალაქო საზოგადოება?თბილისი;1997.
3-გია ნოდია;სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში:მიღწევები და გამოწვევები;თბილისი-2005.

ნანა ბერუასშვილი