Category Archives: პოლიტიკოსები

რონალდ რეიგანი

A people free to choose will always choose peace.
Ronald Reagan

რონალდ რეიგანი დაიბადა 1911 წლის 6 თებერვალს ტამპიკოში,ილინოისის შტატში.პროფესიით ყველასთვის ცნობილია,რომ გახლდათ მსახიობი,ლოს-ანჯელესში ცხოვრების პერიოდში.იგი იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი,შემდეგ კი ფირმა ’’ჯენერალ ელექტრიკის’’ სპიკერი. პოლიტიკაშიც ამ დროიდან ჩაება.თავიდან რეიგანი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო,1962 წლიდან კი რესპუბლიკელი გახდა.ამის შემდეგ ორი ვადით კალიფორნიის გუბერნატორი გახდა. (1967-73 წ.)მას ორჯერ,1968 და 1976 წლებში ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის წარუმატებელი მცდელობა.1980 წელს გაუმართლა კიდეც და შემდგომ ჯიმი კარტერის დამარცხებით,69 წლის ასაკში აშშ-ის მე -40 პრეზიდენტი გახდა.(1981-1989 წ)

პრეზიდენტის რანგში რეიგანმა ქვეყნის შიგნით ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივები წამოაყენა.მისი ეკონომიკური პოლიტიკა,რომელსაც რეიგანომიკას უწოდებდნენ,გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას,ინფლაციის კონტროლს,სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის ტემპების სტიმულირებას.

რა ხდებოდა საგარეო პოლიტიკურ არენაზე?! რეიგანს ხომ საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესის მნიშვნელოვან დამჩქარებლად მოიაზრებენ.რეიგანი ღრმად მოაზროვნე ინტელექტუალი არასდროს ყოფილა,მაგრამ იგი ზუსტად აცნობიერებდა,რომ ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში განმუხტვის შენარჩუნება მხოლოდ გაახანგრძლივებდა ’’ცივ ომს’’ მისი სითყვებითვე: ’’თავზე თმებს არ დაიპუტავდა,თუკი განმუხტვა გარდაიცვლებოდა’’. თუმცა თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში რეიგანი მაინც ცდილობდა მოსკოვთან დიალოგის გამართვას.მას გულწრფელად სჯეროდა,რომ პირადი ურთიერთობის საშუალებით იგი შეძლებდა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებში გარდატეხის შეტანას. სოლიდური ურთიერთობების დამყარება მან ვერც ბრეჟნევთან,ვერც ანდროპოვთან და ვერც ჩერნენკოსთან ვერ შეძლო,რადგან საბჭოთა ლიდერები ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალნენ.რეიგანს ამაზე ირონიულადაც უთქვამს:’’აბა რა ჩემი ბრალია,თუ ისინი ჩემს ირგვლივ თვითონ კვდებიანო’’.რეიგანმა მისი წინამორბედი კარტერის მიერ შემოღებული  ემბარგოც კი გააუქმა სსრკსთვის ხორბლის მიყიდვის თაობაზე,მაგრამ ამავდროულად მას მიაჩნდა,რომ დასავლეთი სსრკ სთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე არანაირად არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული.რეიგანი მალე დარწმუნდა,რომ მეგობრული ურთიერთობების წარმოება მოსკოვის მისამართით დროის კარგვა იყო.რეიგანის დავალებით იწყება უსაფრთხოების ახალი დოქტრინის შემუშავება,რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა ექსპანსიონიზმის არა მხოლოდ შეკავებას,არამედ მის უკუქცევას.რეიგანი იღებს გადაწყვეტილებას მკაცრი პასუხი გასცეს საბჭოთა გამოწვევას ყველგან,მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. პრეზიდენტი არწმუნებს კონგრესს,რომ საჭიროა ავღანელი მუჯაჰედებისთვის დახმარების გაზრდა.მალე მუჯაჰედები მზარდ წინააღმდეგობას გაუწევენ საბჭოთა ჯარს.მათ გაუჩნდებათ ’’სტინგერები’’,რომლებიც შიშის ზარს სცემენ საბჭოთა ავიაციას.(კონგრესმენ ჩარლი ვილსონის უდიდესი წვლილი) 1983 წლის მარტში აშშ-მა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა კარიბის კუნძულ გრენადაზე,სადაც შეიარაღებული გადატრიალების გზით 1979 წელს ხელისუფლებაში მორის ბიშოფის მარქსისტული მთავრობა მოვიდა.ამ კუნძულზე საბჭოთა ბულგარელებმა,ჩრდილო კორეელმა სპეციალისტებმა,დაიწყეს სამხედრო-საჰაერო ბაზის მშენებლობა. 1983 წლისთვის გრენადაში 700 მდე კუბელი სამხედრო იმყოფებოდა. გრენადაში საბჭოთა ინტერვენცია მკაცრად გააკრიტიკეს არა მხოლოდ საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში,არამედ მოკავშირეებმაც,მათ შორის ბრიტანეთმა და კანადამ.მიუხედავად ამისა,რეიგანი კვლავ ადასტურებდა თავის პოლიტიკურ ნებას,არ დაეშვა კომუნიზმის შემდგომი გავრცელება აშშ-ს დახმარებით გაძლიერდა ნიკარაგუის მარქსისტული რეჟიმის შეიარაღებული ოპოზიცია.საბოლოოდ მათ აიძულეს ხელისუფლებას ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და გაიმარჯვეს კიდეც.ვაშინგტონის დახმარებით ანგოლაში გაძლიერდა ოპოზიციური ’’უნიტა’’,რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიწყება კუბის სამხედრო ნაწილების გაყვანა ამ ქვეყნიდან. 1983 წლის აპრილში დასავლეთ ბერლინში ტერორისტებმა დისკოთეკა ააფეთქეს,რის შედეგადაც ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ. აშშ-ს სპეცსამსახურებმა დაადგინეს,რომ ამის უკან ლიბიის ლიდერი მუამერ კადაფი იდგა.რეიგანის განკარგულებით რამდენიმე დღეში აშშ-მა სარაკეტო დარტყმებით გაანადგურა ლიბიის სტრატეგიული ობიექტები,მათ შორის კადაფის რეზიდენცია.ამ ინციდენტსაც მრავალი კრიტიკა მოჰყვა.

რეიგანის დოქტრინას იდეოლოგიური მიზანმიმართულება სჭირდებოდა,რაც აშკარად გამოიკვეთა მის მიერ 1982 წელს ინგლისის პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში. პრეზიდენტის სიტყვა თავისი სულისკვეთებით გავდა ჩერჩილის 1946 წელს წარმოთქმულ  ’’ფულტონის სიტყვას’’. ახლა რეიგანი აგრძელებდა ჩერჩილის საქმეს. ’’კარლ მარქსი სწორი იყო.ჩვენ მართლაც მომსწრენი ვართ დიდი რევოლუციური კრიზისისა.მაგრამ კრიზისს ადგილი აქვს არა დასავლეთში,არამედ საბჭოთა კავშირში,ქვეყანაში,რომელიც ისტორიის დინების წინააღმდეგ მიდის.უარყოფს ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებას და ამასთანავე ვერ კვებავს თავის მოქალაქეებს’’.იმავე 1983 წელს რეიგანი სიტყვით გამოვიდა ევანგელისტთა ეროვნულ ასოციაციაში და საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა.

 აშშ იწყებდა ფრონტალურ შეტევას საბჭოთა იმპერიაზე.შეტევის მთავარ მიმართულებად რეიგანმა აშშ-ის სამხედრო პოტენციალის თვისობრივი გაძლიერება შეარჩია. პრეზიდენტის ინიციატივით კონგრესმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები.1985 წლისთვის პენტაგონის ბიუჯეტი 1980 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. რეიგანმა განაახლა კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში შეჩერებული პროექტები ე.წ ძლიერი რადიაციის იარაღისა და ახალი B-1 ბომბდამშენის შესაქმნელად. დაიწყო მუშაობა MX ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზე. რეიგანმა ფაქტობრივად შეაჩერა SALT -2 ხელშეკრულების რატიფიკაცია ამერიკის კონგრესში და აქცენტი სსრკ სთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაიტანა (START). კრემლში დაასკვნეს,რომ რეიგანი საერთოდ უარს ამბობდა შეიარაღების კონტროლის პროცესზე. რეიგანმა შესთავაზა მოსკოვს ე.წ ნულოვანი ვარიანტი,რომლის მიხედვით  სსრკ ს უნდა დაეშალა თავისი ცნობილი SS-20 ტიპის რაკეტები,ხოლო აშშ საპასუხოდ უარს იტყოდა დასავლეთ ევროპაში ’’პერშინგის’’ საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსებაზე.კრემლმა ამ შეთავაზებაზე,რა თქმა უნდა,უარი თქვა. რეიგანმა მიიღო გადაწყვეტილება საშუალო რადიუსის რაკეტების დასავლეთ ევროპაში განთავსების თაობაზე და ამ თემაზე ევროპის ლიდერებთან დაიწყო მოლაპარაკებები. დე გოლის საფრანგეთმა და ასევე დასავლეთ გერმანიამ თანხმობა განაცხადეს. ტეტჩერის ბრიტანეთმაც ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა თანხმობა,მის ტერიტორიაზე ’’პერშინგის’’ განთავსებასთან დაკავშირებით. 1892 წლის აპრილში არგენტინის სამხედრო ხუნტამ ჯარი გადასხა ფოლკლენდის კუნძულებზე,რომელიც დიდი ბრიტანეთის სადავო ტერიტორიად ითვლებოდა ატლანტიკის ოკეანეში. ბრიტანეთის საზღვაო-სამხედრო ფლოტმა სულ რამდენიმე დღეში სასტიკად დაამარცხა რიცხობრივად უპირატესი არგენტინის ჯარი.ეს გამარჯვებაც,ტეტჩერთან ერთად,რეიგანის წარმატებადაც იქნა აღქმული.

ვაშინგტონის გამალებული შეიარაღების ინიციატივათა საპასუხოდ მოსკოვმა 1983 წ. 22 ნოემბერს დატოვა აშშ სთან შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკების პროცესი.

კრემლს წინ ელოდა ყველაზე დიდი ’’სიურპრიზი’’ რეიგანისგან. ეს იყო SDI-სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა. იგი გულისხმობდა კოსმოსურ სივრცეში ისეთი თავდაცვითი სისტემის დაყენებას,რომელიც ჰაერში გაანადგურებდა მოწინააღმდეგის ბალისტიკურ რაკეტებს.,ანუ აშშ იწყებდა ფიქრს ისეთი კოსმოსური ’’ფარის’’ შექმნაზე,რომელიც არაეფექტურს გახდიდა ნებისმიერ ’’ხანჯალს’’,რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო ის. ასეთი ორიგინალური ტექნოლოგიური მიკვლევით ინგრეოდა სსრკ-ს ისტორიული მონაპოვარი-სტრატეგიული პარიტეტი აშშ-სთან.  სსრკ-ს აღარ შესწევდა უნარი ამ უძვირესი პროექტისთვის წინააღმდეგობა გაეწია.სსრკ-ში ამტკიცებდნენ,რომ ამერიკა ომისთვის ემზადებოდა,ამის თქმის საბაბს ისიც იძლეოდა,რომ 1983 წელს ნატოს წევრებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დასავლეთ ევროპაში. სსრკ ში სერიოზულად შფოთავდნენ SDI ს გამო.დაიწყო მოძრაობა ლოზუნგით:’’არა ვარსკვლავურ ომს’’.მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართებოდა სხვადასხვა ქალაქებში…..

საბჭოთა კავშირი,იმპერია რომელში შემავალ სხვადასხვა ხალხსაც აერთიანებდათ მხოლოდ უტოპიური იდეოლოგია და ცენტრალურად დაგეგმილი,ნგრევის პირას მისული ეკონომიკა,ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინგრეოდა…რონალდ რეიგანი კი იყო ადამიანი,რომელმაც ბოროტების იმპერიის ნგრევის დაჩქარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.

ვაცლავ ჰაველი: ზნეობრივი პოლიტიკის სახე

 

 

 

 

ნანა ბერუაშვილი, 2011

“…..ვისაც აქვს გული და გემოვნების შეგრძნება, მას შეუძლია წარმატებული პოლიტიკოსი გახდეს და უფრო მეტიც, ის პოლიტიკისათვის არის შექმნილი’’…..

საბჭოთა კავშირში ’’პერესტროიკის’’ დაწყებასთან ერთად, ჩეხოსლოვაკიაში გააქტიურდა ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც სერიოზულ მასშტაბებს იძენდა. 1988 წლიდან ვაცლავ ჰაველი იკვეთება , როგორც ოპოზიციის ლიდერი , რომელიც ნელ-ნელა ეროვნულ ლიდერადაც გადაიქცა.
1988 წელსვე, იგი პირველად გამოდის ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიით,მილიონობით მაყურებლის წინაშე. ვაცლავ ჰაველის პოპულარობა მკვეთრად იზრდება. იგი მტკიცე ნებას გამოთქვამდა ქვეყანა დაბრუნებოდა ევროპულ ოჯახს.”ჩვენი სურვილია, ვიცხოვროთ თავისუფალ, შემოქმედებითსა და აღორძინებულ ჩეხოსლოვაკიაში. გვინდა დავუბრუნდეთ ევროპას და არასოდეს ვუღალატებთ ჩვენს იდეალებს…”(ვაცლავის ხმა,1989 წლის 14 ნოემბერი)
’’მალე კომუნისტურ რეჟიმს დავამხობთ’’, მისი ეს სიტყვები გამართლდა კიდეც. 1989 წლის მშვიდობიანმა, ’’ხავერდოვანმა რევოლუციამ’’ ჩეხოსლოვაკიაში, ბოლო მოუღო საბჭოთა რეჟიმს. ვაცლავ ჰაველი რევოლუციის ავანგარდში მოექცა, როგორც სახალხო მოძრაობის ლიდერი. მალევე პარლამენტის ერთხმად არჩევის შედეგად ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ხდება. სხვათაშორის, თავის ბოლო წიგნში ’’გთხოვთ, მოკლედ’’, აღნიშნავს: ’’ რაც უფრო ვშორდები იმ მოვლენებს, სულ უფრო მეტად მეჩვენება, რომ უკანასკნელი ვიყავი მათ შორის, ვინც იდეას ჩემი პრეზიდენტობის შესახებ სერიოზულად მოეკიდა’’. პრეზიდენტია იქამდე, სანამ ჩეხოსლოვაკია ორად გაიყოფა, ხოლო შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის პრეზიდენტად ირჩევენ.
ჩეხოსლოვაკიის გაყოფასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, – ’’საწყენია, რომ სლოვაკებმა ჩვენთან ერთად ცხოვრება არ მოინდომეს, თუმცა, რაკი რეფერენდუმმა დაადასტურა, რომ ეს ხალხის ნებაა, მას უნდა პატივი ვცეთ!’’
ისტრორიამ აჩვენა, რომ ეს მშვიდობიანი ’’გაყრა’’ ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა იმ პერიოდში, დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ჰაველი ბრძნულად მოიქცა. სწორედ მისი წყალობაა, რომ მოვლენები იუგოსლავური სცენარით არ განვითარდა.
დრამატურგი, ესსეისტი, ’’ქარტია 77 ის’’ თანაავტორი, ადამიანის უფლებათა დამცველი, დისიდენტი, ადამიანი, რომელიც წარსულში საბჭოთა კავშირს სასტიკად ებრძოდა და რომელიც ამის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული. პოლიტიკოსი, რომლის მოღვაწეობაც გულიდან წამოსულ პოლიტიკაზე, ზნეობაზე და მორალზეა დაფუძნებული და არა ეგოისტურ, პრაგმატულ ინტერესებზე და რაღაცა თეზისებზე.
მისი მიმართვები, ხედვები, ყოველთვის გამორჩეულად ადამიანური პოლიტიკის სულისკვეთებას გამოხატავდა. ამ პოლიტიკის გატარება კი, ჰაველს, არაადამიანური იდეოლოგიის ათწლოვანი მმართველობის შემდეგ, განსაკუთრებით სურდა.
ადამიანი, რომელსაც უყვარს პოლიტიკა, ანუ ხალხის სამსახურში უანგაროდ ყოფნა. მის თითეულ სიტყვაში იგრძნობა ფაქიზი დამოკიდებულება და დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი საქმისადმი, საზოგადოების კეთილდღეობაზე ფიქრისადმი.
’’პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ტექნოლოგია, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს ხალხის სამსახურს,რამდენადაც შესაძებელია უანგაროს,გარკვეულ იდეალებზე დაფუძნებულს,რომელიც ზრუნავს ჩვენზე მაღლა მდგომ ზნეობრივ პრინციპებზე,ხელმძღვანელობს კაცობრიობის გრძელვადიანი ინტერესებით და არა მხოლოდ საზოგადოების წუთიერი სურვილებით. მსახურებას, რომელიც უარს აცხადებს ამა თუ იმ კერძო და პრაგმატული ინტერესების სათამაშოდ გადაქცევაზე, რომელთა უკანაც საბოლოოდ იმალება მხოლოდ ერთი რამ: მცდელობა ნებისმიერ ფასად საჭესთან დარჩენისა’’

ამ აზრს ვაცლავ ჰაველი ყველაზე უკეთ და ღრმად, ალბათ, ’’ზაფხულის ფიქრებში’’ ავითარებს, სადაც მთელი სიცხადით ჩანს პოლიტიკოსის გულწრფელი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, კარგი პოლიტიკოსისადმი. ეს და ასევე შემდგომი მონაკვეთი, ყველაზე დიდი საპირისპირო არგუმენტიცაა, მათთვის, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, პირიქით და ეს ვაცლავ ჰაველმა საკუთარი საქმიანობის მაგალითზე დაამტკიცა.

’’ტყუიან ისინი, ვინც გვიმტკიცებენ, თითქოს პოლიტიკის არსი ძალაუფლებით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა და არა ზნეობა. პოლიტიკანობას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. პირველს კი შეუძლია მეორის ჩანაცვლება, მაგრამ შედეგი ხანმოკლე იქნება. საუკეთესო შემთხვევაში პოლიტიკანი შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და ეს მისი კარიერის გვირგვინი და დასასრული იქნება. საეჭვოა, რომ კაცობრიობა ამით უკეთესი გახდეს. ნამდვილი პოლიტიკა კი, იგი ღირსია, ასე იწოდებოდეს, არის ერთადერთი, რასაც მზად ვარ, მთელი ჩემი ძალები შევწირო. იგი მოძმეთა ჩვეულებრივ სამსახურში, საზოგადოების სამსახურში და იმათ სამსახურში მდგომარეობს, ვინც ჩვენს შემდეგ იცხოვრებს. ასეთი პოლიტიკა ზნეობრივია, ვინაიდან მასში ხორციელდება საყოველთაო ურთიერთპასუხისმგებლობა…’’
როგორც ვხედავთ, სწორედ ამ კონტექსტში ხედავს ვაცლავ ჰაველი ზნეობას პოლიტიკაში, და არა , როგორც ბევრი პრაგმატულად მოაზროვნე ფიქრობს, უტოპიურ აზრებში.
ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც საკუთარი ცხოვრების გზას პოლიტიკურ სარბიელზე ხედავენ, ვაცლავ ჰაველის გზა, მისი ხედვები, იდეალები მისაბაძი და გასათვალისწინებელია. არ შეიძლება, გიყვარდეს პოლიტიკა და არ ეთანხმებოდე აზრებს, რომლების ციტირებასაც აქ მოვიყვან.

’’პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე. ბინძურები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებულნი. მე მხოლოდ იმას ვუშვებ, რომ ადამიანების მოღვაწეობის ეს სფერო უფრო მეტად უბიძგებს ადამიანს სიბინძურისკენ, ვიდრე სხვა საქმიანობა. შესაბამისად, პოლიტიკა ადამიანისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. არ არის მართალი, თითქოს პოლიტიკოსისთვის გარდაუვალია სიცრუე და ინტრიგობის ქსელის გაბმა, ამ სისულელეს ის პირები ავრცელებენ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ცდილობენ, მოსწყვიტონ ადამიანები საზოგადოებრივ საქმიანობას. ერთი სიტყვით, ვისაც აქვს გული და გემოვნების შეგრძნება, მას შეუძლია წარმატებული პოლიტიკოსი გახდეს და უფრო მეტიც, ის პოლიტიკისათვის არის შექმნილი.
პოლიტიკის საფუძველია არა სიცრუე, არამედ პოლიტიკური ალღო, რომელიც გვკარნახობს, ვისთან, სად და როგორ მოიქცე. არ არის მართალი, თითქოს მტკიცე პრინციპები პოლიტიკისათვის მიუღებელია. საჭიროა მტკიცე პრინციპებს მოვახმაროთ მოთმინება, საღი აზროვნება, ზომიერების გრძნობა და სურვილი, გაუგო სხვა ადამიანს’’.

ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც მისი არ სჯეროდათ, ალბათ იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინათ პოლიტიკოსი ასეთი ადამიანური სახით ყალბი არ ყოფილიყო.
ვაცლავ კლაუსი ერთ-ერთი მათგანია. მან 2001 წელს აღნიშნა: ’’ არ მჯერა მისი სიტყვების, მისი ფასეულობების, მისი საქმის. არ მესმის მისი სამოქალაქო საზოგადოების. ჩემთვის ეს ცარიელი ფრაზაა… მასზე უფრო ელიტური მთელ ცხოვრებაში არავინ მინახავს. მე ჩვეულებრივი კაცი ვარ. ის კი არა”.
’’და მაინც, მსგავსი საგულისხმო გამონაკლისების გარდა, ყველა უყოყმანოდ აღიარებს ჰაველის მორალური და პოლიტიკური მიღწევების მასშტაბს, მის როლს ევროპის ახლებურად ფორმირებაში. ქვეყანას, რომელმაც თავისი საუკეთესო მოაზროვნეები დეპორტაციების, ჰოლოკოსტის, დევნის, ემიგრაციის და რეპრესიების გამო დაკარგა, ჰაველმა ჩეხური იდეალიზმისა და მომავლის განცდა დაუბრუნა. ჯერ დისიდენტის, შემდეგ კი, პრეზიდენტის რანგში ჰაველი აღმოჩნდა ჩეხეთის ყველაზე მკაფიო ხმა სამოქალაქო თავისუფლების და ადამიანის უფლებების აღდგენისა და საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებისთვის; იმ დროს, როცა პოსტ-კომუნისტური აპათია და სიხარბე პიკს აღწევდა. ჰაველი იყო სცენარისტი და ესეისტი, რომელიც წერდა ისე, თითქოს, ცენზურა არც არსებობდა; და როცა ის გახდა პოლიტიკოსი, იქცეოდა ისე, თითქოს, მისი პატარა ქვეყნის პირდაპირი მისია ევროპაში ახალი წესრიგის დამყარება იყო. ჰაველის მორალური ავტორიტეტის და მორალური შარმის დამსახურება იყო ის, რომ საზოგადოებაზე უსაზღვრო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტონი ბლერი, ბილ კლინტონი, სხვა დიდი სახელმწიფოების ლიდერები – ჰაველი უდიდეს გავლენას თითოეულ მათგანზე ახდენდა. ნატოს კონცეფციის ახლებური განსაზღვრა და სწრაფი გაფართოებაც მეტწილად ჰაველის დამსახურება იყო.’’
ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს ვაცლავ ჰაველს დევიდ რემნიკი, თავის ცნობილ სტატიაში ’’წასვლა სასახლიდან: ვაცლავ ჰაველი’’, სადაც პოლიტიკოსის განვლილი გზა, (არა მარტო პოლიტიკური, რა თქმა უნდა) ცალსახად დადებით პრიზმაში აქვს განხილული, ალბათ სხვაგვარად არც შეიძლება დაწერო.
ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტს 2003 წელს გამოეთხოვა და პოლიტიკური არენაც დატოვა, თუმცა მისი დამოკიდებულება სხვადასხვა პოლიტიკური თემებისადმი კვლავაც ძალიან საინტერესოა ფართო საზოგადოებისთვის. იგი დღესაც, თანამებრძოლებთან ერთად, ხმამაღლა მოუწოდებს ევროპას, რომ გაითვალისწინოს ისტორიის გაკვეთილები, ანუ თავიდან აირიდოს იმ შეცდომების გამეორების რისკი, რომლებიც შავ ლაქად აცხია მეოცე საუკუნეს. ’’ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს’’ 22 სექტემბერს ვაცლავ ჰაველისა და მისი თანამოაზრეების მიერ გამოცემული ღია წერილი, რომელიც ერთდროულად გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის “გარდიანში”, იტალიის “კორიერე დელა სერაში”, გერმანიის “ველტში”, საფრანგეთის “მონდში”, ჩეხეთის “მლადა ფრონტა დნესში”, ღია და პირდაპირ გზავნილებს უგზავნის ევროკავშირს, რომელმაც ყოველი ღონე უნდა იხმაროს ძლიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობას არ შესწიროს პატარა ქვეყნის ინტერესები, რომელსაც დახმარება სჭირდება. ევროკავშირი, რომელიც მიუნხენის გარიგებისა და რკინის ფარდის ცდუნებათა საწინააღმდეგოდაც შეიქმნა ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რომ არ დაუშვას ტრაგიკული ისტორიის გამეორება, რომელიც დღეს, რუსეთის ხელით, ახალ ბერლინის კედელს ავლებს, ახლა უკვე სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. დაახლოებით ასეთი სულისკვეთებისაა აღნიშნული ღია წერილი…

ის გამორჩეული პრეზიდენტი იყო, ჰაველმა შექმნა მყარი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დღეს ევროპული ოჯახის თვალსაჩინო წევრია.
ზოგს მიაჩნია, რომ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში, ბევრი მას უკვე უწოდებს მითად ქცეულ პრეზიდენტს, ჩემი სუბიექტური აზრით, ერთიც და მეორე შეფასებაც კარგად მიესადაგება ადამიანს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ფურცელი დაწერა ჩეხი ხალხის და მთელი ევროპის ისტორიაში.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუ კი იგი ღირსეული და პრინციპული პიროვნებაა, საკუთარი იდეალებისადმი ერთგული, იყოს ღირსეული პოლიტიკაშიც, ეს არის ყველაზე მთავარი რამ, რაც ჩანს ვაცლავ ჰაველის, როგორც პიროვნების და როგორც პოლიტიკოსის განვლილი გზიდან.

ასეთი იყო ადოლფ ჰიტლერის ხვედრი თავდაპირველად

უინსტონ ჩერჩილი

1918 წლის ოქტომბერში კომინოსთან ბრიტანელთა შემოტევისას ერთი გერმანელი კაპრალი ქლორგაზით მოიწამლა და დროებით მხედველობა დაკარგა.სანამ იგი პომერანიის ჰოსპიტალში იწვა,გერმანიამ მარცხიც იწვნია და რევოლუციაც.ერთი უსახელო ავსტრიელი საბაჟო მოხელის ვაჟს ყმაწვილურ ოცნებებში თავი დიდ მხატვრად ესახებოდა.ვენის სამხატვრო აკადემიაში რომ ვერ მოხვდა,გაჭირვებაში ჩავარდნილი ერთხანს დედაქალაქში დარჩა საცხოვრებლად,მოგვიანებით კი მიუნხენში გადასახლდა.დროდადრო სახლების მღებავად მუშაობდა,უმეტესად კი ნებისმიერ შემთხვევით სამუშაოს გამოჰკრავდა ხოლმე ხელს.სულს იქით არაფერი ებადა და სასტიკი,თუმც ფარული ბოღმით გულგასიებული მტრული თვალით უცქერდა მის წარმატებათა გზაზე დაბრკოლებად აღმართულ კაცობრიობას.ბედუკუღმართობას კომუნისტთა რიგებში არ მიუყვანია.მის გულში სულ უფრო და უფრო ღვივდებოდა მისთვის არაბუნებრივად კეთილშობილური და ყოველგვარ ზღვარს გადასული გრძნობა თავისი რასის ერთგულებისა,გერმანიისა და გერმანელი ხალხის მხურვალე და მისტიური თაყვანისცემისა.ომი რომ გაჩაღდა,მგზნებარე მზადყოფნით ეცა იარაღს და ოთხი წელი იმსახურა ბავარიის პოლკში,დასავლეთის ფრონტზე.ასეთი იყო ადოლფ ჰიტლერის ხვედრი თავდაპირველად.

კონრად ადენაუერი

’’ადენაუერი-ყველაზე ჭკვიანი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწეა,ბისმარკის დროიდან მოყოლებული’’ ჩერჩილი

’’ყველაზე ნიჭიერი ადამიანი ყველა გერმანელს შორის’’ შარლ დე გოლი

’’მან უპირობოდ აირჩია დასავლეთი,თუნდაც გერმანიის გაერთიანების გადადების ფასად’’ ჰენრი კისინჯერი

ხალხი მას ალერსით მოხუცს ეძახდა. ალბათ გერმანიის არც ერთი კანცლერი ყოფილა ასეთი პოპულარული, როგორც კონრად ადენაუერი (1876–1967). ამ კაცს სამართლიანად უწოდებენ ახალი გერმანიის მშენებელს. მართლაც, ადენაუერმა ჩაიბარა დანგრეული სახელმწიფო და დატოვა ძლიერი განვითარებული დემოკრატიული ქვეყანა.

ნაციზმის პრინციპული მოწინააღმდეგე

ადენაუერმა პოლიტიკური მოღვაწეობა გასული საუკუნის 20–იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს ის იყო კიოლნის გუბერნატორი, პრუსიის სახელმწიფო საბჭოს წევრი. ამ დროს ნათლად გამოიკვეთა მისი პოლიტიკური მრწამსიც. ადენაუერი მთლიანად იზიარებდა ქრისტიანულ და დემოკრატიულ ფასეულობებს, თუმცა ქრისტიან–დემოკრატიული პარტია გერმანიაში ჯერ არ იყო შექმნილი. გერმანულ პოლიტიკურ წრეებში მას ასეთი რეპუტაცია ჰქონდა:

– ადენაური იდეალისტია. ის მორწმუნე–ქრისტიანია და, ამასთან, დემოკრატიც.

მაშინდელ გერმანიაში კომუნისტები და ნაცისტები პოპულარობით სარგებლობდნენ, ამიტომ ბევრი გაურბოდა ხმამაღლა დაეფიქსირებინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მათდამი. ადენაუერს ამისი არ ეშინოდა:

– ტელმანიცა და ჰიტლერიც ადამიანის ქვენა გრძნობებზე თამაშობენ. მათი ხელისუფლებაში მოსვლა გერმანიისთვის დამღუპველია.

ადენაუერმა ეს პოზიცია არ შეიცვალა არც მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ჰინდენბურგი დათანხმდა ჰიტლერის კანცლერის პოსტზე დანიშვნას.

– ეს კატასტროფის დასაწყისია, – განაცხადა მან.

მალე ჰიტლერმა დაასამარა დემოკრატიის შემორჩენილი ნაშთები. პრეზიდენტი ჰინდენბურგი გადადგა. გერმანიაში აიკრძალა ყველა პარტია, ნაცისტურის გარდა. ჰიტლერმა თავი ფიურერად გამოაცხადა. დაიწყო ოპოზიციონერთა და ებრაელთა სასტიკი დევნა. მალე ჰიტლერი კიოლნში ჩავიდა. ადენაუერი მაშინ კიოლნის გუბერნატორი იყო. როგორც კი შეიტყო, ფიურერი უნდა გვეწვიოსო, სასწრაფოდ მოიწვია თათბირი:

– მე მომახსენეს, რომ ქალაქში გამოფენილია ნაცისტური დროშები სვასტიკით. მართალია ეს?

– მართალია, ჰერ გუბერნატორო.

– დაუყოვნებლივ მოხსენით! – ადენაუერმა ამ სიტყვებს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

– მაგრამ, ჰერ გუბერნატორო…

– მე მგონი, გასაგებად გითხარით. წადით და დაუყოვნებლივ ჩამოხსენით დროშები! ბატონ ჰიტლერს უთხარით, რომ სასწრაფო საქმეები გამომიჩნდა, ამიტომ მას ჩემი მოადგილე დახვდება, მასპინძლობასაც ის გაუწევს!

ჰიტლერმა არ აპატია ასეთი თავხედობა. მალე ადენაუერი გესტაპომ დააპატიმრა. საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრის პერსპექტივა რეალური იყო. ნაცისტებს მხოლოდ იმან შეუშალა ხელი, რომ ადენაუერი ძალზე პოპულარული იყო ინტელიგენციის წრეში. იმხანად კი ჰიტლერს ჰაერივით ესაჭიროებოდა ინტელიგენციის მხარდაჭერა.

– გაათავისუფლეთ ადენაუერი! ვიმედოვნებ, პატიმრობამ ჭკუა ასწავლა და მომავალში აღარ მოაწყობს ასეთ ოინებს! – გასცა განკარგულება ჰიტლერმა.

ადენაუერმა მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და განაგრძო ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა. 1944 წელს ადენაუერი კვლავ დააპატიმრეს. ის სასწაულით გადაურჩა სიკვდილს.

გერმანია არ არსებობს, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის აღორძინდეს

1945 წელს დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი. გერმანია განადგურდა. მის ნაცვლად არსებობდა რუსული, ამერიკული და ინგლისური საოკუპაციო ზონები. ნაცისტების ბოროტმოქმედებებმა გერმანელ ერს მთელს მსოფლიოში გაუტეხა სახელი.

გერმანიას ჩამოაჭრეს ტერიტორიები, დააკისრეს რეპარაციები, მისი ლიდერები, როგორც სამხედრო დამნაშავეები, დასაჯეს, გერმანული არმია დაშალეს. მალე გერმანია გაყვეს. დასავლეთში შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომლის კანცლერიც გახდა ადენაუერი. აღმოსავლეთში კი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ), სადაც რუსების დახმარებით მარიონეტული კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.

კანცლერმა ადენაუერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

– რუსეთს სურს გერმანიის გაერთიანება, ანუ მისი სრულად დაპყრობა!

– ფაქტია, რომ დღეს გერმანია ნანგრევებშია!

– დღეს გერმანია არ არსებობს, – ადენაუერმა ნაღვლიანად გადააქნია თავი, – მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ის აღორძინდეს!

კანცლერი ენერგიულად შეუდგა გერმანიის აღორძინებას.

პირველი წარმატებები

ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც გულწრფელად სურდა ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული გერმანიის შექნა, აშშ გახლდათ. ომის შემდგომ პირველ წლებში მხოლოდ ვაშინგტონში ესმოდათ, რომ ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელი იყო გერმანიის გარეშე. ამიტომაც გფრ–ს გამოეყო დიდძალი ფულადი დახმარება. აშშ ყოველმხრივ მხარს უჭერდა ადენაუერს, მაგრამ კანცლერს ესმოდა, რომ მარტოდენ ეს საკმარისი არ იყო:

– ახალი გერმანიის შექმნა წარმოუდგენელია ახალი იდეოლოგიის და ძირეული ეკონომიკური რეფორმების გარეშე!

ადენაუერის აზრით, იდეოლოგიური ბაზისი ქრისტიანულ–დემოკრატიული ღირებულებები უნდა ყოფილიყო. მათ დამკვიდრებას ხელს უწყობდა ადენაუერის მიერ შექმნილი ქრისტიან–დემოკრატიული პარტია. ეკონომიკური რეფორმების წარმატება კი დიდად განაპირობა ეკონომიკის მინისტრად მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის, ერჰარდის დანიშვნამ.

– იმოქმედეთ ენერგიულად! არ მოერიდოთ არაპოპულარული ზომების გატარებას! მე მხარს გიჭერთ! – ასე დამოძღვრა ერჰარდი ადენაუერმა.

ერჰარდმა წარმატებით იმუშავა. 1953 წლისთვის გფრ–ს ეკონომიკამ ომამდელ მაჩვენებელს მიაღწია. ეს პირველი წარმატება იყო. არანაკლები წარმატებით მიმდინარეობდა ახალი სახელმწიფო აპარატის ფორმირებაც. ჩატარდა სრულფასოვანი დენაციფიკაცია. დაისაჯა ყველა, ვისაც სამხედრო დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ამავე დროს, ადენაუერი სასტიკად ილაშქრებდა უკიდურესობების წინააღმდეგ, როდესაც ნაცისტების დევნის საბაბით მიმდინარეობდა სახელმწიფი აღმშენებლობის საბოტაჟი.

– დასჯას ექვემდებარებიან მხოლოდ ისინი, ვინც სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და არა ყველა, ვინც ჰიტლერული პარტიის წევრი იყო ან ნაცისტების დროს ეკავა თანამდებობები არმიასა თუ სპეცსამსახურებში! – განაცხადა ადენაუერმა.

მალე აღორძინდა გერმანული არმია (ბუნდესვერი), რომელიც ყველაზე ძლიერი და მობილური იყო ევროპაში. ადენაუერი განუხრელად ცდილობდა, რომ გფრ ნატოს წევრი გამხდარიყო.

– არსებულ ვითარებაში ნეიტრალიტეტი ფიქციაა! მხოლოდ ნატოს შეუძლია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა! – განაცხადა ადენაუერმა პარლამენტის ტრიბუნიდან. 1955 წელს დასავლეთ გერმანია ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი.

ფრიად საინტერესოდ წარიმართა გერმანიის დაზვერვის ფორმირება, რომელსაც სათავეში გელენი ედგა. ადენაუერი ყოველმხრივ უჭერდა მას მხარს. გელენის ორგანიზაციაზე ზრუნვა კანცლერმა თავის მარჯვენა ხელს, გლობკეს დაავალა. როგორც კი გფრ მეტ–ნაკლებად მომძლავრდა ეკონომიკურად, გელენის ორგანიზაციას ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა გადაურიცხეს.

აშშ–ს დახმარებამ და ადენაუერის ბრძნულმა პოლიტიკამ გამოიღო შედეგი: დასავლეთ გერმანია ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო.

მოსკოვმა თავი დაგვანებოს

დასავლეთ გერმანიის აღორძინებამ მოსკოვის გაცოფება გამოიწვია. საბჭოთა გაზეთები სახავდნენ ადენაუერს ერთგვარ ახალ ჰიტლერად, რომელმაც შექმნა ძლიერი სახელმწიფო და რომელიც ცოტა ხანში ახალ ომსაც გააჩაღებდა.

ადენაუერს, როგორც ქრისტიან–დემოკრატს, სძულდა კომუნიზმი, სძულდა საბჭოთა კავშირი, რომელმაც გახლიჩა მისი სამშობლო. აქედან აიხსნება მისი მკვეთრი გამონათქვამები როგორც სსრკ–ს, ისე გდრ–ს მიმართ:

– არ არსებობს არავითარი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა! არსებობს საბჭოთა საოკუპაციო ზონა!

მიუხედავად ამისა, ადენაუერი არ აპირებდა ძალისმიერი გზით გადაეჭრა პრობლემა. გფრ–ში ინერგებოდა დემოკრატიული ღირებულებები. დასავლეთ გერმანია არც ფიზიკურად და არც სულიერად იყო მზად ომის გასაჩაღებლად. პირიქით მას თავად ეშინოდა რუსული აგრესიისა, ამიტომაც ეძებდა მოკავშირეს ვაშინგტონში. როდესაც 1953 წლის ზაფხულში გდრ–ში ანტიკომუნისტურმა აჯანყებამ იფეთქა, ადენაუერი აშკარად შეშფოთებული იყო:

– რუსები ამას საბაბად გამოიყენებენ და დაგვარტყამენ!

კანცლერი განსაკუთრებით შეაშინა 1956 წლის უნგრულმა მოვლენებმა. საბჭოთა გაზეთები გაჰკიოდნენ, რომ უნგრეთის აჯანყება დასავლეთ გერმანიის ტერიტორიიდან მომზადდა, რომ თითქოს აქ იმყოფებოდა მეამბოხეთა ბაზები. როდესაც ხრუშჩოვმა უნგრეთში ტანკები შეიყვანა, ადენაუერმა გელენი იხმო:

– რაინჰარდ, რამდენად რეალურია რუსული საფრთხე?

– მაპატიეთ, ჰერ კანცლერ, ვერ გავიგე.

– რუსული გაზეთები გაჰკივიან, რომ უნგრეთის აჯანყება ჩვენი ტერიტორიიდან მომზადდა, რომ თურმე გფრ–ში იმყოფება უნგრელ პარტიზანთა ბაზები. შესაბამოსად რუსეთმა უნდა განახორციელოს დარტყმა ჩვენს ტერიტორიაზეც, რათა გაანადგუროს პარტიზანთა მითიური ბაზები.

გელენმა დაამშვიდა კანცლერი, თუმცა ადენაუერი საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დაწყნარდა, როდესაც ამერიკელებმა ოფიციალურად მისცეს უსაფრთხოების გარანტია.

ეპილოგი

1963 წელს 87 წლის კონრად ადენაუერი ნებაყოფლობით გადადგა. ოთხი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა. თავის შემდეგ მან დატოვა ძლიერი დემოკრატიული გერმანია, ამიტომაც ისტორიამ ასე მოკლედ შეაფასა მისი მოღვაწეობა:

– კანცლერი, რომელმაც ააღორძინა გერმანია!

*                  *                   *                       *                          *                        *                      *
საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ასპექტები:ადენაუერის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი იყო გერმანიის დაბრუნება საერთაშორისო თანამეგობრობაში და ჰიტლერელების აგრესიით დაზარალებული ქვეყნის გაუცხოების გადალახვა,რაც არცთუ ისე ადვილი განსახორციელებელი გახლდათ.

თანდათან,ნაბიჯ-ნაბიჯ ადენაუერმა დაიწყო ამ მიზნის განხორციელება. 1951 წელს გფრ გახდა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

(18 April 1951: the Treaty of Paris establishes the ECSC (European Coal and Steel Community): Paul Van Zeeland, Belgian Minister for Foreign Affairs; Joseph Bech, Minister for Foreign Affairs of Luxembourg; Carlo Sforza, Italian Minister for Foreign Affairs; Robert Schuman, French Minister for Foreign Affairs; Konrad Adenauer, Germand Federal Chancellor and Minister for Foreign Affairs; Dirk Uipko Stikker, Dutch Minister for Foreign Affairs (from left to right))

საგარეო პოლიტიკაში გადადგმული შემდეგი ნაბიჯები მიზნად ისახავდა აშშ-სთან ევროპის მეზობელ ქვეყნებთან დაახლოებას,რასაც ემსახურებოდა მისი ვიზიტები საფრანგეთში,იტალიაში,ინგლისში,ხოლო ორი წლის შემდეგ აშშ-ში.

1955 წელს ადენაუერის გერმანია ნატოს წევრი გახდა.

1955 წლის სექტემბერში ადენაუერი ოფიციალური ვიზიტით ეწვია მოსკოვს.

(In the picture, taken on September 11, 1955, we see standing in front of Maxim Gorki’s former dacha, which the Soviet host made available for use by the German delegation, from left to right: Nikolai Bulganin (Chairman of the Council of Ministers), Konrad Adenauer, Nikita Khrushchev (First Secretary of the Central Committee of the Soviet Union), Mikhail Pervuchin (First Deputy Chairman of the Council of Ministers); at left, behind Adenauer, stands Kurt-Georg Kiesinger (then chairman of the Bundestag’s foreign affairs committee). Photo by Hanns Hubmann.)

ადენაუერი გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი გახლდათ: იგი მიემხრო დასავლეთს,რომელთანაც კავშირში იგი ქვეყნის გაერთიანების საკითხის გადაჭრის წინაპირობასაც ხედავდა.(ე.წ ადენაუერის გზა დღეს ერთობ აქტუალური თემაა საქართველოსთვის)ადენაუერი კომუნისტურ იდეოლოგიასთან ყოველგვარი კომპრომისის წინააღმდეგ გამოვიდა. ამრიგად,გაერთიანებულ გერმანიას იგი ხედავდა მხოლოდ დასავლეთის სამყაროსთან და მისი ნეიტრალიზაციის ყველა გეგმას უარყოფდა.

თავის მემურარებში ადენაუერი წერდა:’’გერმანელებს არ შეეძლოთ დაეშვათ გერმანიის გაერთიანება დასავლეთის ბლოკთან კავშირის შესუსტების და ევროპული ინტეგრაციის მიღწევაზე უარის თქმის ფასად.წინააღმდეგ შემთხვევაში,მისი აზრით,ევროპის ცენტრში გაჩნდებოდა დაუცველი,არავითარი კავშირებით გარანტირებული ქვეყანა.’’

მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობებში.

( French president, Charles de Gaulle, left, and German chancellor, Konrad Adenauer, signed the Elysee treaty at Versailles)

ადენაუერის დიპლომატიის და პოლიტიკური  კარიერის გვირგვინად მიაჩნიათ 1963 წლის 22 იანვარი,როდესაც პარიზში ელისეს მინდორზე იგი,გფრ-ის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი ერთმანეთს გადაეხვივნენ.საუკუნეობრივი ერთაშორისი მტრობა დაძლეულ იქნა.ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებას. ’’ ნუ დაივიწყებთ-წარმოსთქვა მაშინ კონრად ადენაუერმა,-რომ მე ერთადერთი კანცლერი ვარ,რომელიც უმთავრესად ევროპის ერთიანობას მიიჩნევს,ხოლო შემდეგ საკუთარი სახელმწიფოსი.მე მზად ვარ მსხვერპლად შევწირო გერმანული გაერთიანება,თუ ჩვენ შევქმნით და შევალთ ძლიერ დასავლურ ბანაკში.ევროპული მომავალი საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთგაგებაში არის.’’

უფრო ადრე ,1961 წელს იგი ამბობდა:’’ჩვენი მიზანია,რომ მომავალი ევროპა გახდეს ერთიანი სახლი ყველა ევროპელისთვის,რომ ის გახდეს თავისუფლების ნავსაყუდარი.’’

ტონი ბლერი

The art of Leadership is saying no,not yes. It is very easy to say yes. Tony Blair. მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი კათოლიკე გახდა, რწმენა გახდა მთავარი წარმართველი ძალა მის ცხოვრებაში და შესაბამისად იგი ფიქრობს მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური კონფლიტების მოგვარებას. ვატიკანის ყოველდღიურ გაზეთ “L’Osservatore Romano”-სთან საუბრისას ტონი ბლერმა აღნიშნა რომ იგი იზიარებს რომის პაპის შეხედულებას იმასთან დაკავშირებით რომ ღმერთის ნების გამოხატულებაა უმთარესი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში და საზოგადოებაში. კათოლიკეთა კონფერენციაზე, იტალიაში, ქალაქ რიმინიში ტონი ბლერი გამოვიდა სიტყვით და ისაუბრა კათოლიკე ეკლესიის შესახებ, თავისი გადაწყვეტილების შესახებ და გაზეთის ინფორმაციით დარბაზი მის გამოსვლას ოვაციებით და ფეხზე ამდგარი ტაშის კვრით შეხვდა. ვატიკანის გაზეთი თავშეუკავებელი იყო მისი შეფასებისას, როდესაც დაიწერა რომ ტონი ბლერი არის “ჯენტლმენი, განათლებული, მომღიმარი და თავაზიანი რაც იშვიათად ჩანს სხვებში”.

ორგვერდიან ინტევიუში ბლერი ასევე იხსენებს ისტორიას რომელიც დაკავშირებულია მის ბებიასთან, რომელმაც ბლერი გააფრთხილა ბავშვობისას, როდესაც იგი ავად იყო რომ მას შეეძლო ჩაედინა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს მოეყვანა ცოლად კათოლიკე და “სწორედ ეს გავაკეთე” – განაცხადა ბლერმა. მიუხედავად მისი ამბიციებისა რომ გამხდარიყო როკ ვარსკვლავი ან ფეხბურთელი, იგი წავიდა უნივერსიტეტში. სწორედ უნივერსიტეტში შეხვდა იგი თავის მომავალ მეუღლეს ჩერის, რომელიც აქტიური კათოლიკე იყო. სწორედ ჩერი იყო ის პიროვნება, რომელმაც შეასრულა დიდი როლი ტონი ბლერის საბოლოო გადაწყვეტილებაში, როდესაც მან დატოვა პრემიერის თანამდებობა ორი წლის წინ. ეს გარდაქმნა “იყო ბილიკი იმ 25 წლიანი პერიოდისა რომელსაც მე მივყვებოდი”, ამაში დამეხმარა გადამწყვეტი წირვა პაპის იოანე პავლე II-ისა, რომელმაც სპეციალურად ჩაატარა იგი – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. კათოლიციზმის უნივერსალურობა მიმზიდველია “თუ შენ ხარ კათოლიკე შეგიძლია წახვიდე სადაც მოგესურვება მთელს მსოფლიოში და გახდე მონაწილე კათოლიკური წირვისა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში”. ადამიანები, რომელნიც ყველაზე ნაკლებად აცნობიერებენ ამას, არიან ბრიტანელი ჟურნალისტები, რომელნიც კვლავ მოუმზადებელნი არიან რელიგიისათვის, დაანებეთ თავი კათოლიკობას და პოლიტიკოსებს – განაცხადა ექს-პრემიერმა. ეს სირცხვილია, მაგრამ ეს ასეა. მე შემიძლია ვუთხრა ეს ნორმალურ ადამიანებს, განსხვავებით მათგან, ვინც საუბრობს ტელევიზიით ან წერს გაზეთებში. ექს-პრემიერის შვილები ასევე კათოლიკეები არიან და იგი მუდმივად ესწრება საკვირაო წირვას. ამას აკეთებდა მაშინაც, როდესაც იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ თავისი საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გამხდარიყო კათოლიკე დროებით შეაჩერა, ვინაიდან არ სურდა ყოფილიყო ისტორიაში პირველი კათოლიკე პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთისა, მოერიდა რა სკანდალის ატეხვას ბრიტანეთის საზოგადოებაში. “რწმენა და კათოლიკური ეკლესია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და განსაკუთრებით ოჯახში, როდესაც საქმე ეხება ძლიერ, შეკრულ და ბედნიერ ოჯახს, ბავშვების აღზრდას და სწორ განათლებას”. ინგლისურ მედიაზე დაყრდნობით მოამზადა დავით ივერიელმა ენტონი ჩარლზ ლინტონ ბლერი დაიბადა 1953 წლის 6 მაისს ედინბურგში. 1997-2007 წლებში იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი. 1994-2007 წლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. 2004 წლის 10 მაისს ტონი ბლერს თაამდებობის დატოვება მისმა მეგობარმა და თანამებრძოლმა ლეიბორისტმა ლორდ დეივიდ პატნემმა ურჩია. 2004 წლის ივნისში პრემიერი პოსტის დატოვებას აპირებდა,თუმცა ბრიტანული კაბინეტის მინისტრებმა ეს განზრახვა გადააფიქრებინეს,დაარწმუნეს რა ,რომ იგი სარგებლობდა ხალხის მხარდაჭერით და სიყვარულით,ამიტომ თანამდებობის დატოოვება აუხსნელი და უსაფუძვლო იქნებოდა. საბოლოოდ 2004 წლის ივლისში ბლერმა განაცხადა,რომ თანამდებობაზე კიდევ 5 წლით დარჩენას აპირებდა. 2005 წელს პრემიერს გადადგომის შესახებ განცხადება შეახსენეს და თვალთმაქცობაში ამხილეს. სხვათაშორის ბლერის გადადგომის შესახებ დებატები  კიდევ ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა,განსაკუთრებით ერაყული კამპანიის კონტექსტში. ტონი ბლერის მმართველობის პერიოდში ლეიბორისტებმა-პირველად ქვეყნის ისტორიაში შეძლეს ზედიზედ სამჯერ გამარჯვება არჩევნებში. სწორედ ეს არგუმენტი ისმოდა ყველაზე ხშირად სევდიანი ერაყული ავანტურის წინააღმდეგ. 2007 წლის 27 ივნისს ბრიტანეთის დედოფალმა ტონი ბლერის თხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. მალე ბლერი დაინიშნა ახლო აღმოსავლეთში დესპანად,კვარტეტის:ევროკავშირის,გაეროს,ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სახელით. ტონი ბლერის კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა ევროკავშირის პირველი პრეზიდენტის თანამდებობაზე,თუმცა ეს პოსტი ბელგიის პრემიერ მინისტრს,ახლა უკვე ევროკავშირის პრეზიდენტს-ვან რუმპუის ერგო. 2003 წელს მიიღო გადაწყვეტილება ერაყში ბრიტანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ. ბლერი აცხადებს,რომ ერაყის ომში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო,მიუხედავად იმისა,რომერაყში მასობრივი განადგურების იარაღის კვალი არ აღმოჩნდა. ტონი ბლერის თქმით ერაყის იმდროინდელი ლიდერი სადამ ჰუსეინი მთელი რეგიონისთვის წარმოადგენდა საფრთხეს,რადგან მან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა. იყავი მოთამაშე და არა დამკვირვებელი! – ასე ჟღერს ტონი ბლერის პირველი შეგონება. ბლერის დიდი ბრიტანეთი ნამდვილად არ შემოიფარგლებოდა დამკვირვებლის მოკრძალებული როლით კოსოვოში, სიერა ლეონეში, ავღანეთსა და ერაყში. ის ცვლილებები, რომლებიც ამ ქვეყნებში მოხდა, ბრიტანული პოლიტიკის შედეგიც არის. მეორე შეგონება ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას ეხება. ბლერის აზრით, ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ დაუშვას იზოლაციონიზმი, რომ ანტიამერიკული განწყობები ევროპისთვის მხოლოდ ცუდის მომტანი შეიძლება იყოს და არავითარ შემთხვევაში – ხელშემწყობი პროგრესული ერთიანი ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის. დიდ ბრიტანეთს ჩინეთსა და ინდოეთთან როგორც ტრადიციული, ასევე ახალი ინტერესები აკავშირებს, თუმცა გაერთიანებული სამეფო ამ ინტერესებს მშვენივრად აბალანსებს ევროპულ და ამერიკულ ბმულებთან.მიუხედავად განსხვავებისა ამერიკასა და ევროპას შორის, ჩვენ ერთსა და იმავე ღირებულებებს ვეფუძნებით და, სწორედ, ამ ღირებულებების დაცვაა ჩვენი ერთად ყოფნის საფუძველი. ეს ღირებულებები მოითხოვენ ძლიერ ევროატლანტიკურ ალიანსს და მათი დაცვა ნიშნავს ეფექტურ და ქმედუნარიან ევროკავშირს, ევროპულ ინსტიტუტებს, – წერს ტონი ბლერი.

იყავი მკვეთრი გლობალურ ტერორიზმთან – ბლერის ეს შეგონება როდი ნიშნავს მხოლოდ მკვეთრ ქმედებებს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ, არამედ ეს არის მოწოდება სიფხიზლისკენ, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეს ტერორიზმის არც ერთი – მათ შორის, იდეოლოგიური – გამოვლინება, შეუმჩნეველი არ დარჩეს რევოლუციური კომუნიზმის ფორმების ნაირსახეობანი, რომლებიც მიმიკრიისა და შენიღბვის უნარით გამოირჩევიან. სწორედ აქედან გამომდინარეობს ტონი ბლერის მეოთხე შეგონება: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები. როგორი შეიძლება იყოს ხვალინდელი დღის წესრიგი ტონი ბლერის პასუხი ცალსახაა – ხვალინდელ დღის წესრიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მკაცრად დადგება, ვიდრე ოდესმე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც მსოფლიო არენაზე, ისე სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში. The economist-ისა და ინტერნეტწყაროს მიხედვით მოამზადა თეიმურაზ ჟორდანიამ

ჰავიერ სოლანა

ჰავიერ სოლანას წერილს აქვეყნებს (Foreignpress)

2009 წელი ევროკავშირის საქმიანობაში, რომელსაც ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, ერთგვარ გარდამტეხ ეტაპად იქცა. წელს ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას 10 წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირმა ხელი შეუწყო საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას და რეალური გავლენა იქონია ადამიანების ცხოვრებაზე მთელს მსფოლიოში. იმავდროულად, ჩვენ ახალი ეპოქის მიჯნაზე ვდგავართ, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლით აღინიშნება, დოკუმენტით, რომელიც მოწოდებულია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას ახალი ბიძგი მისცეს

გასული 10 წლის განმავლობაში ჩვენ ძალადობის თავიდან აცილების, მშვიდობის აღდგენისა და შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ მოსახლეობის ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების მიზნით, სამ კონტინენტზე 10 ოპერაცია განვახორციელეთ. ქაბულიდან-პრიშტინამდე და რამალადან-კინშასამდე, ევროკავშირის წარმომადგენლები იცავენ საზღვრებს, თვალყურს ადევნებენ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას, წვრთვნიან სამართალდამცველებს, ქმნიან სისხლის სამართლის სამართალწარმოების სისტემებს, იცავენ გემებს ზღვის პირატების თავდასხმებისგან. ჩვენს წარმატებებს მოჰყვა ის, რომ ჩვენ სულ უფრო ხშირად მოგვმართავენ კრიზისულ სიტუაციებში ან საომარი კონფლიქტების შემდგომ პერიოდში დახმარების თხოვნით. ჩვენ ვსარგებლობთ ნდობით, პატივს ვცემთ ტრადიციულ ღირებულბებს და გაგვაჩნია აუცილებელი ნება აღნიშნული მიზნების შესრულებისთვის.

ევროკავშირი 1999 წელს გაჩნდა. ჩვენი სტრატეგიის ერთიანი და მრავალმხრივი ბუნება მაშინ ახალი მოვლენა იყო და დღესაც, ევროკავშირი კვლავ ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ძალუძს არსებული ძალებისა და რესურსების მთელი სპექტრის გამოყენება, რომელიც ავსებს მასში შემავალი სახელმწიფოების ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რათა ისინი როგორც კრიზისების არდაშვების და პრევენციის, ასევე მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტების შემდეგ ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებისთვის გამოიყენოს.

სწორედ ეს არის ევროკავშირის მთავარი ღირებულებითი მახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშანი. ჩვენ ერთმანეთს ვუთავსებთ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას, სახელმწიფო მშენებლობის მხარდაჭერას და ქვეყნის მართვის პროცესის მოწესრიგებაში ხელშეწყობას – კრიზისების მოგვარებას, ტექნიკურ და ეკონომიკურ დახმარებას, პოლიტიკურ დიალოგს და შუამავლურ მოღვაწეობას.

კომბინირებული სამხედრო-სამოქალაქო მიდგომა ევროკავშირს მოქნილობის გამჟღავნებისა და გადაწყვეტის ისეთი ვარიანტების შეთავაზების საშუალებას აძლევს, რომელთაგან თითოეული მათგანი კონკრეტული რთული პრობლემისთვისაა შემუშავებული. დღევანდელი კონფლიქტები არნახული თვალსაჩინოებით გვიჩვენებენ, რომ სამხედრო გადაწყვეტა არ არის არც ერთადერთი და არც საუკეთესო, მით უფრო კრიზისის სტაბილიზაციის პერიოდში. ამავე თვალსაზრისს იზიარებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც.

ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკამ (ეუთპ) პირველი ნაბიჯები ბალკანეთში გადადგა. როდესაც 90-იან წლებში იუგოსლავიაში ომები გაჩაღდა, ჩვენ იძულებული გავხდით იმით შემოვფარგლულიყავით, რომ გვეყურებინა თუ როგორ იღუპებოდა მეზობელი ქვეყანა, რადგან შესაძლებლობა არ გაგვაჩნდა, ამ კონფლიქტზე რაიმენაირად მოგვეხდინა რეგირება. ჩვენ შესაბამისი გაკვეთილი გამოვიტანეთ, გარკვეული ორგანიზაციული ზომები მივიღეთ, აღვიჭურვეთ აუცილებელი რესურსებით, შევიმუშავეთ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები და მივიღეთ უსაფრთხოების დოქტრინა. 2003 წელს, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით ჩვენ თავიდან ავიცილეთ საომარი მოქმედებების გაჩაღება იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკაში, მაკედონიაში, საბოლოოდ კი ჩავატარეთ ოპერაცია “თანხმობა.” 2004 წელს ჩვენ ოპერაცია “ალტეა” განვახორციელეთ და ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ნატო-ს სამშვიდობო კონტიგენტი შევცვალეთ და დღესაც, ჩვენ ფართოდ ვართ წარმოდგენილები ბალკანეთზე, სადაც ორგანიზებულ დანაშაულს ვებრძვით, ვეხმარებით სამართალწარმოების სისტემის და სამართალდამცველი ორგანოების შექმნას. მაგალითად, EULEX (მართლწესრიგის აღდგენის ევროკავშირის სამოქალაქო მისია კოსოვოში) ევროკავშირის დღემდე ყველაზე მრავალრიცხოვანი მისიაა. მის შემადგენლობაში დაახლოებით 2 000 თანამშრომელია, რომლებიც ეხმარებიან პოლიციას, სასამართლო სისტემას, მოძრავ საბაჟო პუნქტებზე მუშაობენ.

ევროკავშირის საქმიანობა კრიზისების მართვის მხრივ, მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით არ შემოიფარგლება. ჩვენ მთელი რიგი მნიშვნელოვანი აქციები გავმართეთ აფრიკაში. მაგალითად, არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი პირობები შევქმენით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დარფურში კრიზისისგან დაზარალებულთა და დევნილთა დაცვისთვის გავატარეთ ზომები. შარშან ჩვენ სომალის სანაპირო წყლებში პირატებთან ბრძოლის თვალსაზირისით ჩვენი პირველი სამხედრო-საზღვაო ოპერაციის EUNAVFOR-ის ორგანიზება მოვახდინეთ.

ვინ იფიქრებდა ათი წლის წინ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპის კავშირი ინდოეთის ოკეანეში 13 ფრეგატისგან შემდგარი ჯგუფს უხელმძღვანელებდა, რომელიც პირატების თავდასხმის ეფექტურობას ნახევრამდე შეამცირებდა?

წელს ევროკავშირი ერთდროულად 12 ოპერაციას ხელმძღვანელობს – ყველაზე მეტს ვიდრე ოდესმე. 2003 წლიდან კრიზისების მართვის 23 ოპერაციაში 70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე იმ ქვეყნების მოქალქეები არიან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ ჩვენს ოპერაციებში უკვე ჩაერთვნენ: ნორვეგია, შვეიცარია, უკრაინა, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ზემოთხსენებული 23 ოპერაციიდან ექვსს სამხედრო ხასიათი ჰქონდა, ჩვიდმეტს კი სამოქალაქო. ჩვენ ავამოქმედებთ არმიის და ფლოტის პირად შემადგენლობას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენი ამოცანა – არა ომების მართვა, არამედ მშვიდობის მხარდაჭერაა.

ევროკავშირი სამხედრო კავშირი არ არის. ნებისმიერი კრიზისის, განსაკუთრებული სიტუაციის ან კონფლიქტის დარეგულირება ყოველთვის პოლიტიკური ზომებით უნდა ხორციელდებოდეს და ჩვენი საქმიანობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ყოველთვის მჭიდროდაა მიბმული პოლიტიკურ სტრატეგიასთან, რომლის გამომუშავებაც კონსენსუსის საფუძველზე ხდება.

ცხოვრებაში ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებით, ჩვენ ისეთ მოშორებულ ადგილებს მივაღწიეთ, როგორიც ასეხია (ინდონეზია), სადაც ჩვენ სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას ვაკვირდებით, რომელსაც ხელი 2004 წლის ცუნამის, ათწლიანი საქმოქალაქო ომის შემდეგ მოეწერა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შუამავლები ვიყავით მთავრობას და მოხალისეებს შორის და იარაღის ჩაბარების პროცესს ვაკონტროლებდით.

გამოცდილების და ცოდნის დაგროვების კვლადაკვალ ჩვენ სულ უფრო მასშტაბურ ოპერაციებზე გადავდიოდით. 2003 წელს ევროკავშირის მიერ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიარაღებული შეტაკებების და ბუნიაში (პროვინცია კონგოს ჩრდილო აღმოსავლეთით) ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების ნეიტრალიზაციის მიზნით, ოპერაცია “არტემიდა”-ს წარმატებულმა ჩატარებამ, ჩვენ საშუალება მოგვცა EUFOR-ის ოპერაცია ჩადსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, EUNAVFOR-ის კი სომალიში ჩაგვეტარებინა. სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკამ განაცხადა, რომ დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს EUNAVFOR-ში.

შარშან, ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორი სწრაფი მოქმედება შეგვიძლია, როდესაც სამ კვირაზე ნაკლებ დროში მისია კავკასიაში განვათავსეთ, რათა ხელი შეგვეწყო რუსეთს და საქართველოს შორის კრიზისის მოგვარებისთვის, მას შემდეგ რაც ამ ქვეყნებმა ევროკავშირის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკავშირი, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დარეგულირების მხრივ საერთაშორისო შუამავლების ოთხეულის სრულფასოვანი წევრია და ყველაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს დედამიწის ამ რეგიონში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევებში. როგორც კი ისრაელი და პალესტინის ავტონომია შეთანხმდებიან, ჩვენ მზად ვიქნებით ადგილზე შევუწყოთ ხელი მის პრაქტიკულ რეალიზაციას. ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი მისია იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც პალესტინაში სამოქალაქო პოლიციის და სისხლის სამართლის სამართალწარმოების სისტემის შექმნას ეხმარება. ოპერაცია EUNAVFOR-ზე დამატებით, ჩვენს მიერ უკვე განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ჩვენ ასევე ვგეგმავთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას სომალის უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების თვალსაზირისით.

იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ დახმარების გაწევაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნა და ღირსეული პასუხი გავცეთ მსოფლიო და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს მისი ქმედებების ეფექტურობა და თანმიმდევრულობა მსოფლიო არენაზე. დღეს ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის სერიოზული მანძილია და ის უნდა შემცირდეს.

აუცილებელია უფრო მკაფიო პრიორიტეტების გამომუშავება და გონივრული საბიუჯეტო გადაწყვეტილებების მიღება. ასევე აუცილებელია ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო კონტიგენტების მზადყოფნის გაძლიერება და შესაბამისად მათი დაფინანსების გაზდა, რათა ცხოვრებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების განხორციელება ვუზრუნველყოთ.

ევროკავშირმა მომავალშიც უნდა განავითაროს ერთიანი სამხედრო-სამოქალაქო სტრატეგია უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარების მიზნით. ასევე აუციელებლია ჩვენი მზადყოფნის გაზრდა სწრაფი რეაგირების ძალთა განთავსებისთვის. ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისთვის მეორე ათწლეული იწყება, რომლის განმავლობაშიც ხსენებული ამოცანები ლისაბონის შეთანხმების ძალაში შესვლის წყალობით განხორციელდება.

ჰავიერ სოლანამ იმდენი გააკეთა ერთიანი ევროპის პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბების საქმეში,როგორც ალბათ სხვა არავინ.მთელი ათი წლის განმავლობაში სრულიად ევროპის მოსახლეობა და მთელი მსოფლიო ხედავდა,თუ როგორ იცვლებოდა ევროპა.წარმატებული ეკონომიკური აქტორი ძალებს პოლიტიკურ არენაზეც სინჯავდა. მიუხედავად იმისა,რომ ისევ ჰავიერ სოლანასვე განცხადებით ევროპას აქვს Mr. Nice Gay ს იმიჯი და ხშირად ატარებს კონფორტული იგნორირების პოლიტიკას,ფაქტია ევროკავშირი დღეს ანგარიშგასაწევი ძალაა მსოფლიო მასშტაბით და მას შესწევს უნარი სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური აქტივობებისა.
’’ევროკავშირი გლობალური მოთამაშე გახდა მსოფლიო პოლიტიკაში და მისი ხმა ყველგან ისმის’’ ჰავიერ სოლანა

ჰავიერ სოლანა.  1999 -2009 ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

http://en.wikipedia.org/wiki/Javier_Solana