ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფასი

  სტატია იხილეთ გაზეთ რეზონანსში: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=7858

29-30 სექტემბერს ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის რიგით მეორე სამიტზე პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მისამართით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები იქნა გაჟღერებული. ევროკავშირის ინსტიტუტების მმართველმა პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებთან უფრო ღრმა და შედეგისმომცემ პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. ქართული მხარე განსაკუთრებული ინტერესით ელოდა გადაწყვეტილებას ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო რეჟითან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპეის, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტის ერჟი ბუზეკის და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ევროკომისარ კეტრინ ეშტონის განცხადებით, საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლებელია წლის ბოლოსთვის დაიწყოს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფორმატი გულისხმობს არა უბრალოდ ტარიფების ლიბერალიზაციას, ანუ განულებას, არამედ იგი ითვალისწინებს აგრეთვე არასატარიფო ბარიერების შემცირებას და ძირეული რეფორმების გატარებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში. იგულისხმება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები,  ტექნიკური რეგულირება, კონკურენციის პოლიტიკა და სხვა. ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძვლები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობა რეგულირდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის  შეთანმხებით პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძალაშია 1999 წლიდან. თანამშრომლობას ეკონომიკურ საკითხებში მოიცავს აგრეთვე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და მისი სამოქმედო გეგმაც. საქართველოს აქვს მინიჭებული  GSP +  ით, ანუ პრეფერენციათა ზოგადი რეჟმით+  სარგებლობის უფლება, რაც საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით გასვლის უფლებას ანიჭებს. დღეისათვის  დაახლოებით 7 200 დასახელების პროდუქციას აქვს ამგვარი შეღავათებით  ევროკავშირის ბაზარზე სარგებლობის უფლება.    პრიორიტეტებული საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი მზადაა ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში შექმნას ძალზე მნიშვნელოვანი  ,,ღრმა და ყოფლისმომცველი“ ვაჭრობის სივრცე (DCFTA)   საქართველოსთან  მას შემდეგ, რაც ამისთვის აუციელებელი პირობები იქნება დაკმაყოფილებული. ევროკომისიამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრიორიტეტულად 4 ძირითადი სფერო გამოყო, ეს სფეროებია: ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, სურსათის უვნებლობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და კონკურენცია.  საქართველომ ამ 4 სფეროში ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა. 1.         ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები: ამ სფეროში ძირითადი რეკომენდაციები იყო სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში სამთავრობო პროგრამის მომზადება, რომლის შემუშავება და დამტკიცება უკვე მოახდინა საქართველის მთავრობამ. ასევე შემუშავებულია, ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი ყოვლისმომცველი სტრატეგია. 2.         სურსათის უვნებლობა:  საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა სურსათის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია, კომისიის რეკომენდაცია იყო მომხდარიყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შეჩერებული მუხლების ამოქმედების დაწყება, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა და 2010 წლის 1 ივლისიდან დაიწყო საექსპორტო პროდუქციის კონტროლი. 3.         ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა:  ევროკომისიის რეკომენდაცია იყო  საქართველოს ბაზრის კვლევის დაწყება, რომელიც 2010 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ასევე, ევროკომისიის  რეკომენდაციების თანახმად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და მიიღო კანონი “დიზაინის შესახებ”, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკომისიის რეგულაციებთან. 4.         კონკურენცია:  ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად უნდა მოხდა თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებელ ორგანოდ გარდაქმნა.Eვროკომისიის რეკომენდაციის თანახმად  უნდა მოხდეს კონკურენციის შესახებ ახალი კანონის შემუშავება, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა.   სავარაუდო  ეკონომიკური  სარგებელი,  რომელის  მოტანაც  DCFTA-რეჟიმს შეუძლია ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ  ვაჭრობას  მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, განსხვავებით უბრალო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისაგან. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ცნობილი კვლევითი ჯგუფის  CASE  ს კვლევამ,  Global Insight თან ერთად აჩვენა, რომ DSFTA ს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით იმ დარგებში, სადაც ქვეყანას უკვე აქვს გამოვლენილი ფარდობითი უპირატესობები. მაგალითისთვის:  ხელშეკრულების დადებიდან 5 წლის განმავლობაში შესაძლებელია საფეიქრო პროდუქციის გამოშვება  დაახლოებით 55 % ით გაიზარდოს.  DCFTA მ დადებითად შეიძლება იმოქმედოს სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების გამოშვებაზე, რამაც 5 წლის შემდეგ შეიძლება 21 % ით მოიმატოს.  19 % ზრდა შეიძლება ჰქონდეს ქიმიური, რეზინის და პლასტმასის პროდუქციის წარმოებასაც. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის რეჟიმის პოზიტიური გავლენა აისახება მეტალურგიაზეც, რომლის წარმოება შესაძლებელია  30 %  ით გაიზარდოს. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ  DCFTA ს ამოქმედებამ შესაძლებელია საქართველოში ხელფასების დონე გაზარდოს, თუმცა ეს აისახება უფრო მეტად არაკვალიფიციური მუშების ხელფასზე, ვიდრე კვალლიფიციური მუშა-ხელის ანაზღაურებაზე.  ყოველივე ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ზრდის მეტი პერსპექტივა შესაძლებელია იმ დარგებს ქონდეთ, რომლებიც შრომის მაღალი ინტენსივობით ხასიათდებიან. (მეტალურგია, საფეიქრო წარმოება და ა.შ) ამასთანავე, ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო რეჟიმმა შესაძლებელია მნიშვნელოვანი დადებითი იმპულსები შეჰმატოს საექსპორტო პროდუქციის ზრდას. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მთლიანი ქართული ექსპორტის ზრდის ტემპმა შესაძლებელია 13 % ზრდას მიაღწიოს. შესაძლებელია მნიშვნელოვნად მოიმატოს ლითონის ნაწარმის ექსპორტმა, ასევე საკვები პროდუქტებისა და სასმელის ექსპორტმა. (განსაკუთრებით ნატურალური ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების) საფეიქრო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ კი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა 158 % შეადგინოს.  ზრდის  პერსპექტივა აქვს ასევე ავეჯის, საიუველირო ნაკეთობების, სათამაშოების, სპორტული ინვენტარის ექსპორტს.   სირთულეები, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობების დაწყება პრიორიტეტული საკითხია, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს მყიფე ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება, რაც ცხოვრების გაძვირებაზე აისახება. ყველაზე უფრო რთულად მოსაწესრიგებელი სავარაუდოდ სურსათის უვნებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროები იქნება. დღეისათვის მოლაპარაკებების დაწყებამდე კონკრეტულ დეტალებზე საუბარი საკმაოდ რთულია, თუმცა ევროკავშირი ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად უკვე აღნიშნულ 4 პრიორიტეტულ სფეროში მნიშვნელოვანი სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვას მოითხოვს. მაგალითისთვის: სურსათის უვნებლობის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნა, ეკონომიკის ექსპერტების აზრით, კიდევ უფრო გაზრდის  ისედაც მაღალ ინფლაციას. „ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს“ ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერის განცხადებით, იმ მოთხოვნების დროის მოკლე მონაკვეთში შესრულება, რომელსაც ევროკავშირი DCFTA ს ფარგლებში ითხოვს, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. გია ჯანდიერს მაგალითად მოჰყავს საკვების უვნებლობის შესახებ რეგულაციების გამკაცრების საკითხი და აღნიშნავს რომ: „როდესაც თბილისში იყიდება, ვთქვათ, მაწონი ან ხორცი, ამას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ისტორია, თუ სად ცხოვრობდა ეს ძროხა, სად დაიკლა, ვინ ჩამოიტანა და რამდენი დღის არის; ისიც, თუ სად დაიბადა, რას ჭამდა, სხვა ძროხებთან როგორი ურთიერთობები ჰქონდა… ეს შეიძლება ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ სწორედ ამაზე არის საუბარი. ამისთვის უნდა გაკონტროლდეს დაახლოებით 600 ათასი ოჯახი, რომელიც სოფლად ცხოვრობს. თითეულს ჰყავს ხან ორი ძროხა, ხან ხუთი ღორი, სამი ქათამი და ასე შემდეგ. საუბარია იმაზე, რომ ყველა ეს ცხოველი უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ როგორ, ამაზე წარმოდგენა ჯერ არავის აქვს.“  გია ჯანდიერის განცხადებით, „ამგვარი მკაცრი კონტროლი საქართველოს დაახლოებით 700 მილიონი ლარი დაუჯდება. ამდენივე თანხა იქნება საჭირო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად, რადგან ის იაფი პროდუქცია, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იყო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო აიკრძალება და  დახლებიდან გაქრება.“ ფაქტია, გარკვეული რისკების მიუხედავად, ხელისუფლებისთვის ევროკავშირთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის დაწყება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2011 წლის 11 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას  პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია,  2015 წლისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიოს ევროკავშირთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული პროდუქციისთვის უფრო მისაწვდომი გახდება ევროკავშირის ბაზარი. ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია წლის ბოლოსთვის დაიწყოს მოლაპარაკებები DCFTA ს თაობაზე, ხოლო შემდეგი წლისთვის უკვე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით იგეგმება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება.  ნანა ბერუაშვილი /2011

Advertisements

Posted on October 4, 2011, in პოლიტიკა. Bookmark the permalink. Comments Off on ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფასი.

Comments are closed.

%d bloggers like this: