ევროკავშირის უსაფრთხოების განზომილება და საქართველო

ევროკავშირის,   როგორც  პოლიტიკური  აქტორის  ისტორია  არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ “ხისტი ძალა” არ არის ერთადერთი შესაფერისი ფორმა კონფლიქტური სიტუაციების დასარეგულირებლად. ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნის სათავეებშივე იყო მოაზრებული სამხედრო-პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება, ეკონომიკური განვითარების პარალელურად, ყოველგვარმა მცდელობებმა 90 იან წლებამდე წარუმატებლად ჩაიარა.

დღეისათვის, იმ ფონზე, როდესაც საქართველო ღიად გამოთქვამს სურვილს ევროპული ინტეგრაციისკენ აიღოს გეზი, განსაკუთრებით თვალშისაცემია საზოგადოების ნაწილის მხრიდან ევროკავშირის მისამართით არასწორი მოლოდინების ქონა. ყოველივე ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში იყო, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს დახმარებას და რუსეთის შეჩერებას ხისტი ძალით, ან გნებავთ, სამხედრო ინტერვენციის გზით შეეცდებოდა. სინამდვილეში ევროკავშირის პოლიტიკური განზომილება დღიდან მისი აღმოცენებისა, ყოველთვის ეკონომიკური ინტეგრაციის პარალელურად და არა მასთან ერთად ვითარდებოდა. ამიტომაა რომ დღემდე ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა, მძლავრ ეკონომიკურ გაერთიანებად მიაჩნიათ და შემდეგ პოლიტიკურ/სამხედრო მოთამაშედ.

ევროპული უსაფრთხოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყოველთვის იყო უთანხმოებებისა და სირთულეების მიზეზი. ამ სფეროში ეროვნული სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის დათმობა წევრი სახელმწიფოების მხრიდან დღემდე ვერ მოხერხდა. ევროპული სუპრანაციონალიზმი, წარმატებული ეკონომიკური ინტეგრაციისგან განსხვავებით, სწორედ ამ სფეროშია ყველაზე სუსტი. ამიტომ თვალშისაცემია ინტერგავემენტალიზმის (სახელმწიფოთაშორისი ფორმატი) და ზესახელმწიფოებრიობის მუდმივი დიქოტომია. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის პოლიტიკა ხშირად ევროკავშირის ყველაზე სუსტ რგოლად მიაჩნიათ და ამ მხრივ ევროსკეპტიკოსები ხელშესახებ პერსპექტივებს არ სახავენ მომავალში.

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის არეალი მკაფიოდ შემოსაზღვრული არ არის და იგი მხოლოდ სამეზობლოს არ მოიცავს. იგი ვრცელდება ფართო ტერიტორიაზე, მრავალმხრივი პროფილით. “ქაბულიდან-პრიშტინამდე და რამალადან-კინშასამდე ევროკავშირის წარმომადგენლები იცავენ საზღვრებს, თვალყურს ადევნებენ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას, წვრთნიან სამართალდამცველებს, ქმნიან სისხლის სამართლის სამართალწარმოების სისტემებს, იცავენ გემებს მეკობრეებისგან.“

მიუხედავად ამისა, რომ ევროკავშირს 2003 წლის შემდეგ გააჩნია სამხედრო ინფრასტრუქტურა და ჰყავს სამხედრო პერსონალი, სწრაფი რეაგირების ძალების ჩათვლით, ორგანიზაციას სამხედრო გაერთიანებად მაინც ვერ მოვიაზრებთ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან განსხვავებით ევროკავშირი თითქმის არასდროს იყენებს ხისტ ძალას კონფლიქტური სიტუაციების დასარეგულირებლად და მისი მისიები საპოლიციო, სადამკვირვებლო, სამშვიდობო, სარეაბილიტაციო ხასიათით შემოიფარგლება. რეალურად ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების ფუნქციებში სწორედ პეტერსბერგის ამოცანების შესრულება შედის. (რომელიც სწორედ ამგვარ მისიებს მოიცავს)E

საქართველოში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ინსტრუმენტი მოქმედებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

15 სექტემბერს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამოქალაქო, შეუიარაღებელი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს, (EUMM) ევროკავშირის შუამავლობით დადებული 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმებების შესრულების პროცესზე დასაკვირვებლად და კონფლიქტის შემდგომ საქართველოში სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის ხელშესაწყობად. სადამკვირვებლო მისიას 2011 წლის აპრილამდე გერმანელი დიპლომატი ჰანს იორგ ჰაბერი ხელმძღვანელობდა, ხოლო დღესდღეობით იგი პოლონელმა ანდჟეი კიშკევიჩმა ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა პირველი სადამკვირვებლო მისია იუგოსლავიაში განახორციელა, 1991 წელს, (სახელწოდებით- ევროპული გაერთიანების სადამკვირვებლო მისია, EჩMM) მაშინ როდესაც ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა პირველ ნაბიჯებს დგამდა.

საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები ხაზს უსვამენ იმ პოზიტიურ გარემოებას, რომ ეს იყო ორგანიზაციის ისტორიაში, მისიის ყველაზე სწრაფად გაგზავნა დანიშნულების ადგილამდე. თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღემდე ექმნება სერიოზული პრობლემები საკუთარი მანდატით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაში, მთელი საქართველოს მასშტაბით. Mმიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის შეუიარაღებელი მისია აღმასრულებელი უფლებების გარეშე, მის ყოფნას საქართველოში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც რუსეთის ძალისხმევით საქართველოში მანდატი საბოლოოდ შეუწყდათ გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლობებს. საქართველოსთვის, რომელიც გამუდმებით იმყოფება რუსეთისაგან მომავალი ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მისიის არსებობას, თუნდაც მისი ტერიტორიის ნაწილზე.

ევროპელი ლიდერები ლისაბონის სტრატეგიაზე ამყარებენ იმედს. იგი 2009 წელს შევიდა ძალაში და უნდა იყოს ყველა იმ სირთულისა და გამოწვევის მოგვარების საფუძველი, რომელიც დღეს დგას ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის წინაშე. (და არა მარტო ამ სფეროში) რა თქმა უნდა სამომავლოდ ხელშეკრულების ეფექტურად ფუნქციონირება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რაც პირველ რიგში სასიკეთოდ აისახება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივით გათვალისწინებული უსაფრთხოების ფორმატით თანამშრომლობის გაღრმავებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მომავალს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ძალას არ ზოგავენ საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, რაც მისასალმებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში შემუშავებულ იქნას უფრო ქმედითი და ეფექტური თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც არა მხოლოდ მონიტორინგის მისიით შემოიფარგლება, არამედ საპოლიციო თანამშრომლობაზე გააკეთებს აქცენტს. თუმცა ალბათ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების ნელი და ხანგრძლივი პროცედურა, ასევე კიდევ ერთი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა, რომელიც წევრი ქვეყნების განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესებში, მექანიზმებში და შესაბამისად მოლოდინებში ვლინდება, ამ პერსპექტივას საკმაოდ შორეულს ხდის. დღეისათვის კი პოლიტიკური თანამშრომლობის პოზიტიური შედეგი ისაა, რომ
მისიის მანდატი, რომელიც თავდაპირველად 12 თვეზე იყო გათვლილი უკვე ორჯერ გაგრძელდა და ამჟამად 2011 წლის 14 სექტემბრამდეა ძალაში.

ნანა ბერუაშვილი 2011

Advertisements

Posted on აგვისტო 24, 2011, in პოლიტიკა. Bookmark the permalink. Comments Off on ევროკავშირის უსაფრთხოების განზომილება და საქართველო.

დისკუსია დახურულია.

%d bloggers like this: