”არ შეეხოთ ჯულიან ”ვიკილიქს” ასანჟს!”

“In a world of universal deceit, telling the truth is a revolutionary act”. George Orwell

ნანა ბერუაშვილი

http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=256

რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაა, როდესაც კონფიდენციალური მასალა, რომლის გახმაურებაც სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის არასასურველია, ფართო საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. მეორეს მხრივ რატომ უნდა განვიკითხოთ მისი გამავრცელებელი, თუ კი ამ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება საზოგადოებისთვის ობიექტური რეალობის მიწოდებას და იმის ხაზგასმას, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების უმაღლესი პოლიტიკური პირები დაუფიქრებლად დგამენ და კვლავაც გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ორმაგი სტანდარტების პრინციპიდან იქნება გამომდინარე. ჯულიან ასანჟი, ავსტრალიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ჟურნალისტი და ჰაკერი. ვიკილიქსის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაშფოთა, განსაკუთრებით კი ამერიკის და ევროპის უმაღლესი სახელმწიფო ესტაბილიშმენტის თავისტკივილად იქცა. ჟულიენ ასანჟმა მსოფლიო საზოგადოებას უახლოეს დღეებში კარგად დაანახვა , თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფლობდე უტყუარ ინფორმაციას, ინფორმაცია ხომ დღეს ყველაზე მთავარ იარაღად იქცა. როგორც თავად აღნიშნავს, მან ზუსტად იცის, თუ რა ტიპის ინფორმაციას სდევს მსოფლიოში ყველაზე დიდი რეაქცია. ოცდამეერთე საუკუნე ახალი მსოფლიო წესრიგის საუკუნედ შეგვიძლია მივიჩნიოთ, დიდი ხანია ყველა თანხმდება იმაზე, რომ თანამედროვე ეპოქა ესაა საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქა, რომელსაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გლობალიზებული მსოფლიო. ახალი მსოფლიო წესრიგი თვისობრივად ახალ მიდგომებსა და საშუალებებს ამკვიდრებს, სახელმწიფო და სხვა არასახელმწიფო აქტორებს როგორც ჩანს გაუჭირდებათ უკვე აპრობირებული მეთოდებით მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების შესაფერხებელი ზომების გატარება. ჯულიან ასანჟის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ძალიან კარგად გარკვეულ ინდივიდებს შესწევთ უნარი ფარდა ახადონ ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას. ასანჟმა საკუთარი საიტის მეშვეობით რამდენიმე დამხმარესთან ერთად, მრავალი გასაიდუმლოებული არხის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოიპოვა უმნიშვნელოვანესი ვიდეო ჩანაწერები და დოკუმენტაციები ავრანეთისა და ერაყის სამხედრო კამპანიების შესახებ, საიტი არა მხოლოდ ამერიკის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს კონტურებს ხაზავს, არამედ ევროპა – რუსეთ – ამერიკა – საქართველოს ურთიერთობებზე და სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებულ კულუარულ და ხშირ შემთხვევაში მერყევ პოზიციებზე ამახვილებს ყურადღებას. თავად ასანჟისთვის ვიკილიქსის მეშვეობით, ფარული ინფორმაციის საჯაროდ გამოტანის მოტივი მარტივია: “2006 წლიდან იმ იდეოლოგიით ვხელმძღვანელობთ, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ორგანიზაციები, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ” – აღნიშნავს იგი ჟურნალ თაიმის რედაქტორთან რიჩარდ სთენგლთან სკაიპით ჩაწერილი ინტერვიუს დროს და აქვე დასძენს, რომ “მისი გუნდის მიზანი არა გამჭვირვალე საზოგადოების, არამედ სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაა”. თუ კი ასანჟისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, კონფიდენციალური დოკუმენტების საჯაროდ ”გამოფენა”, ამ ყველაფრით გაღიზიანებულმა პრეზიდენტმა პარაკ ობამამ ჟულიან ასანჟი ლამის ტერორისტად შერაცხა და მის მიმართ მკაცრი სადამსჯელო ზომების გატარება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც სკანდალური ვებ გვერდის დამფუძნებელზე შვედეთის ხელისუფლებამ ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა, გაუპატიურების ბრალდებით, ჟულიენ ასანჟი ლონდონის პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით მივიდა. მოგვიანებით ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ადვოკატების განცხადებით, ისინი ასანჟის შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასცილებლად იბრძოლებენ, რათა იქიდან ამერიკაში არ მოხდეს მისი გადაყვანა. თავად დაკავებული გაუპატიურების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ მას ამერიკელი დიპლომატების კონფიდენციალური წერილების გამოქვეყნების გამო დევნიან. “WikiLeaks სამოქალაქო თვალსაზრისით მორჩილი ორგანიზიციაა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მსოფლიო მეტად ცივილური გავხადოთ და ვიმოქმედოთ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ცივილურ განვითარებას ეწინააღმდეგებიან. არსებობის ოთხი წლის მანძილზე ჩვენს წინააღმდეგ 100-ზე მეტი სასამართლო პროცესი იყო აღძრული და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვედით,” ამბობს ჟულიენ ასანჟი. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი სახელმწიფოების მმართველ წრეებს ერთი სული აქვთ ჟულიენ ასანჟი სამუდამოდ ციხეში გამოკეტილი ნახონ, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით და ათეულ ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მრავალ საიტზე არიან გაერთიანებული ინტერნეტ სივრცეში და ყოველ წუთს ასანჟის მისამართით გამამხნევებელ, მხარდამჭერ სიტყვებს არ იშურებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებლები, სადაც გარდა იმისა, რომ ვიკილიქსის გვერდს მილიონზე ბევრად მეტი წევრი ჰყავს, ასევე ნახავთ ამგვარი სახელწოდების ჯგუფსაც: “Don’t touch Mr Julian “WikiLeaks” Assange”, რომელიც წევრების აქტური მხარდაჭერით ყველასგან გამოირჩევა. ბევრი ადამიანისთვის ჟულიენ ასანჟი გმირია, ადამიანი, რომელიც ერთადერთი “იარაღით” სიმართლით, არ შეუშინდა დაპირისპირებოდა “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”. იმასაც კი ითხოვენ ვიკილიქსის დამფუძნებელი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ. ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად წარმოთქმულ ასეთი ტიპის მოსაზრებებს უკვე მრავლად ნახავთ: “მსოფლიომ დაიმსახურა მოუყვნენ სიმართლე”. “შეიძლება დააპატიმრო ადამიანები, მაგრამ წინ ვერ აღუდგები იდეებს.” “სიმართლეს ტერორიზმის სახელს არქმევენ, მაშინ, როდესაც ხშირად ყველაზე დიდი ტერორისტებივით ჩვენი არჩეული ხეისუფლებები მოქმედებენ.” ასანჟის დასაცავად და ასევე, წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში ჰაკერებს შორის “ომია” ატეხილი. როგორც http://mashable.com. იუწყება ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა იმ კომპანიების ვებგვერდებს მიაყენეს ზიანი, რომლებმაც ვიკილიქსისთვის მომსახურების გაწევაზე უარი თქვეს. იმის გამო, რომ შვედურმა ბანკმა PostFinance მ რამდენიმე დღის წინ ჟულიენ ასანჟის საბანკო ანგარიში დახურა, ჰაკერებმა ბანკის ვებ გვერდს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. პრობლემები შეექმნა mastercard ის ვებ გვერდსაც, რომელმაც “არალეგალური საქმიანობის” გამო ვიკილიქსს მომსახურება შეუწყვიტა. უფრო მეტიც, http://mashable.com. ის ინფორმაციით, ანონომურ ჰაკერთა ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე იქნება ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც „ხელისუფლების ზეწოლას დაემორჩილებიან” და ვიკილიქსის წინააღმდეგ იმოქედებენ. აღსანიშნავია, რომ ასანჟისთვის მხოლოდ ბოლო თვეების მოვლენები არ გამხდარა პოპულარობის მიღწევის მთავარი საშუალება. ჟულიან ასანჟი საკმაოდ პრესტიჟულ ჟურნალისტად და გავლენიან ადამიანად ითვლება. მიღებული აქვს Economist index on Consorship Award (2008), Amnesty International Media Award (New Media) 2009წ, 2010 წელს კი სემ ადამსის ჯილდო. 2010 წლის სექტემბერში ბრიტანული გამოცემის”New Statesmen”-ის მიერ იგი 23-ე ადგილზე დასახელდა “მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან პერსონას შორის”. ამასთან ერთად დასახელებულია სხვადასხვა გამოცემების შემდეგ ნომინაციებში “ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო”, “2010 წლის პერსონა” და ა.შ როგორც ჩანს ჟულიენ ასანჟი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი მსოფლიო ლიდერებს სამართლიანობის და წესრიგის თავისებურ გაგებას და ფორმებს სთავაზობს. ეს კი საკმაოდ არასასიამოვნო და დამაფიქრებელია მათთვის, ვინც კულისებს მიღმა სხვა “თამაშს უკვეთავს”. დემოკრატიული ქვეყნები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საკუთარ (და არა მხოლოდ) მოსახლეობას გამუდმებით ახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ლიბერალური ფასეულობების რეალობაში გატარება და პირველ რიგში სიტყვის თავისუფლება, ალბათ მინიმუმ უნდა დაფიქრდეს, მანამ სანამ ჯულიან ასანჟის მიმართ მკაცრი ტონით საუბარს გააგრძელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დასჯაზე. ინფორმაციული თავისუფლების უნივერსალური პრინციპი ხომ მარტივ ფორმულაში მდგომარეობს, უბრალოდ ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ სიმართლე.

http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=256

Advertisements

Posted on დეკემბერი 11, 2010, in პოლიტიკა, საზოგადოება. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. რამოდენიმე წინააღმდეგობრივი პასაჟებია ამ სტატიაში. და ილუზიების სფეროა, ვიღაცას შეეძლოს N რაოდენობით კონფიდენციალური ინფორმაციების ლამის ყოველდღიურად გამოფენა. როგორც კი პირველი უკანონო შემთხვევა დადგებოდა, მერწმუნე, პასუხს აგებინებდნენ. ამიტომაც მისი საქციელი ან უკანონოა და აწყობთ და დიდი მამგების მფარველობის ქვეშ აგრძელებს, ან კანონიერია და ფეხებს ვერ სჭამენ. 🙂 როგორც წესი, მსგავს ადამიანებს/ორგანიზაციებს იყენებენ გარკვეული მიზნის მისაღწევად გარკვეული ძალები. შედეგის შემთხვევაში ან იხურებიან ან ქრებიან :). მოკლე ბევრი წინააღმდეგობაა და მაგრამ ის ყველაზე სასაცილოა, რომ ეს ერთი კაცი ვერ მოიშორა მსოფლიომ 🙂

%d bloggers like this: