’’შესავალი თანამედროვე აზროვნების’’ წინააღმდეგ და დასაცავად

 

ფილოსოფიას არასოდეს დავუინტერესებივარ აქამდე, თუმცა ბოლო ხანს ძალიან გამიტაცა ნიცშემ, კანტმა, ადამ სმიტმა, ჯონ სტიუარტ მილმა, ფრიდრიხ ჰაიეკმა, განსაკუთრებით კი  ჰეგელმა. მიუხედავად სხვადასხვა თემატიკაზე აქცენტირებისა, მთავარი რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, აზროვნების ფილოსოფიური მიმართულებაა.

ფილოსოფია  კოლუმბის მიერ აღმოჩენილი ამერიკასავითაა ჩემთვის,  რომელიც დღითიდღე უფრო მეტად მიტაცებს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ის მიმართულება იყო, რომელსაც ვერასდროს ჩავწვდებოდი, ვერ გავითავისებდი და მარტივად რომ ვთქვათ ვერც გავიგებდი.  თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთი შეხედვით ’’გადაულახავ წინააღმდეგობას’’, როგორც წესი აუცილებლად ისევ მივუბრუნდები ხოლმე, შეიძლება დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც ვცდილობ ’’დარჩენილი’’ ახლიდან ’’დავძლიო’’ ხოლმე. ასე მოხდა ახლაც. ’’დავძლიე’’ და თან ისე მონდომებით, რომ მგონი საკმაოდ მძაფრად ჩამითრია კიდეც.

ერთი პატარა აღსარებაც მაქვს ამასთან დაკავშირებით სათქმელი. ილიას უნივერსიტეტში სწავლის დროს ბაკალავრის პირველ კურსზე სავალდებულო საგანი სწორედ ფილოსოფია იყო, ზუსტი სახელწოდებით: ’’შესავალი თანამედროვე აზროვნებაში’’ , სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ფილოსოფოსების მნიშვნელოვანი ნაშრომების შემოკლებულ ვარიანტებს ვსწავლობდით, ასევე მარქსის, ენგელსის, უზნაძის, დარვინის და სხვათა აზრებს. ამათგან დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ, აღნიშნული საგნის სწავლის პერიოდში, მხოლოდ რამდენიმე ავტორის ნაშრომი მაქვს ზერელედ გადაკითხული და ისიც ვერ გაგებული. მახსენდება ’’მაგია, მეცნიერება და რელიგია’’, ავტორი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ძალიან კარგად იკითხებოდა, თუმცა ღრმად არც ჩავძიებულვარ და არც გავცნობივარ. მეორე რამაც ’’დაუვიწყარი ემოციები’’ გამოიწვია ჩემში ერვინ შროდენგერი იყო, სიმართლე გითხრათ მათემატიკურ ამოცანებზე უკეთესად ნამდვილად არ გამიგია ამ კაცს რისი თქმა უნდოდა, ან ჩვენ რას გვერჩოდნენ ასეთ რაღაცებს რომ გვაკითხებდნენ, სხვათაშორის დიდი ხანი იმ აზრზე ვიყავი, რომ პირველ კურსელმა სტუდენტმა არ უნდა ისწავლოს ეს, ’’სტაჟიანი’’ ფილოსოფოსებისთვის ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა სხვა დანარჩენთათვის საკმაოდ რთული საგანი.

ისიც კარგად მახსოვს, რომ როდესაც მარქსს და ენგელსს ვკითხულობდი,მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც, ზოგადად, ვიცოდი რა იყო კომუნიზმი, ბურჟუაზია, პროლეტარული რევოლუცია და უკლასო საზოგადოების იდეა, მაინც ვერ დავწერე აზრიანი თემა სემინარზე, პირიქით, რაღაც ამოკოპირებული ’’შპარგალკა’’ გადმოვწერე. ისიც კი აღარ მახსოვდა რა ამოვიკითხე იმ ნაწერებში.

მოკლედ, ჩემი და ფილოსოფიის ’’ურთიერთშეთანხმება’’ უნივერსიტეტში სწავლის საწყის ეტაპზე ვერ მოხერხდა. ამას მინიმუმ რამდენიმე მიზეზი აქვს.

1)   პედაგოგიურ ფაკულტეტზე ვაბარებდი სულხან საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში და განწყობა და მოტივაციაც საამისო მქონდა სწორედ.

2)   ადაპტაციის პერიოდში ვიყავი და ხშირად ლექციის დრო და აუდიტორიაც მეშლებოდა.

3)   უბრალოდ არ მაინტერესებდა ამდენ ’’გაურკვეველ’’ და უცნობ თემებს შევჭიდებოდი.

ნოდარ ლადარიას ლექციები მახსოვს. იმდენად უინტერესო იყო ეს ყველაფერი ჩემთვის ერთი სული მქონდა გაეცდინა, ან მალე დაესრულებინა საუბარი, რომელიც უბრალოდ არ მესმოდა. ამასაც ორი მიზეზი ქონდა. პირველი იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი და მშვიდი ხმის ტემბრი აქვს და მეორე არ მაინტერესებდა და არ ვისმენდი, ან ვისმენდი და ვერ ვიგებდი.

ერთი სიტყვით, დღეს ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ნოდარ ლადარია პირველ კურსზე სწავლის პერიოდში სრულიად უინტერესო და დამღლელი საგნის ლექტორი იყო.

შემდეგ მახსოვს მეორე, ან მესამე კურსზე ლადარიას ღია, თავისუფალ ლექციაზე(  ლექციის ვიდეო ჩანაწერს აკეთებდნენ და სტუდენტების დასწრება აუცილებელი იყო) მოვხვდი შემთხვევით. უბრალოდ შევედი, თავისუფალი დრო მქონდა. მაკიაველის ირგვლივ მიმდინარეობდა საუბარი. სწორედ ამ პერიოდში, ცოტა არ იყოს, ვინანე კიდეც, რომ  მანამდე ლადარიას ლექციებს ყურადღებით არ ვისმენდი.

მკითხველს ლოგიკური კითხვა გაუჩნდება, თუ არაფერს არ ვკითხულობდი, ან ვკითხულობდი და ვერ ვწვდებოდი აზრის მნიშვნელობას, დღეს რატომ ვუთმობ ამ სტატიას სწორედ ფილოსოფიას და სწორედ ’’საძულველ’’ საგანს.

პასუხი მარტივია, ოთხი წლის წინ ძალიან ბევრ ისეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ირგვლივ განვითარებულს, რომელიც ახლა ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია.

ფილოსოფია კი სფეროა, რომელიც, ჩემი სუბიექტური აღქმით, ყველაზე უფრო ღრმა, ამოუცნობ და თან ამავდროულად მარტივ და პრაქტიკულ თემებზე აკეთებს აქცენტირებას.

’’ახალგაზრდობა სიცოცხლის ის მშვენიერი ხანაა, როდესაც ადამიანი გაჭირვებულობის შეზღუდულ მიზანთა სისტემას ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია და უნარი აქვს თავისუფალი, უანგარო მეცნიერული მოღვაწეობისა; როდესაც ასევე ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია იგი ამაოების უარყოფით სულს, წმინდა კრიტიკული კვლევის უშინაარსობას. ჯერ კიდევ ჯანსაღ გულს შესწევს სითამამე, ჭეშმარიტება მოითხოვოს, ხოლო ჭეშმარიტების სამეფო ის სამეფოა, რომელშიც ფილოსოფია სულდგმულობს, რომელსაც ფილოსოფია აგებს და რომლის თანამონაწილენი ჩვენ ვხდებით ფილოსოფიის შესწავლით. რაც კი ცხოვრებაში ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, იდეისაგანაა; ფილოსოფიის მიზანია ამ იდეას მის ჭეშმარიტ სახესა და ზოგადობაში მისწვდეს, გონის სამეფო თავისუფლების სამეფოა. ყველაფერი, რაც კი ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, რასაც კი ღირებულება და აღიარება აქვს, გონითი ბუნებისაა; ხოლო გონის ეს სამეფო მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლის შეგნებით, იდეათა ჩაწვდომით არსებობს ’’. ( ჰეგელი – ნაწყვეტი 1818 წლის 22 ოქტომბერს, ბერლინში წაკითხული ლექციიდან )

       

მოკლედ, ჩვენი სიცოცხლე მარადისობის ერთი ფურცელია, ცოცხალი ფურცელი, რომელსაც აქვს დასაწყისიც და დასასრულიც, მარტივია თითეული გამოწვევა, რომელსაც იგი გვიმზადებს და გვთავაზობს, მაგრამ ამავდროულად ამ გამოწვევებში მთელი ფილოსოფიაცაა ჩადებული,ის რაც ყველაზე მეტად გვიზიდავს, აზარტს გვმატებს და გვიბიძგებს განვაგრძოთ არსებობა. ესაა სწორედ ყველაზე მძაფრი მიზეზი, თუ რატომ ვუფრთხილდებით საკუთარ სიცოცხლეს, საგანძურს, რომელზე ძვირფასიც მეორე არ გაგვაჩნია. ძალიან ჰგავს ერთმანეთს სიცოცხლე და ფილოსოფია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანებს ქმნის, ხოლო მეორეს ადამიანი თავად ქმნის,- ჭეშმარიტების, თავისუფლების ძიება ორივეგან პირველ ადგილზეა. ფილოსოფიას შეუძლია სხვანაირი სამყარო დაგვანახვოს, შეიძლება უფრო რთულად აღქმადი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი და საინტერესო. J ჰეგელის აზრის ციტირება უკვე მოვიყვანე, რომ ’’რაც კი ცხოვრებაში ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, იდეისაგანაა’’, საკუთარი იდეებისა  და შეხედულებების ნაკრები კი თავად უნდა შევკრიბოთ, იმის მიხედვით, თუ რა არის ჩვენთვის მთავარი და პრიორიტეტული, რით გვსურს ვიხელმძღვანელოთ ცხოვრებაში. მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე,მრავალმა გარემოებამ, მრავალმა ადამიანმა, რომელთა ფილოსოფიური, ანალიტიკური, თუ სხვა სახის ნააზრევი ჩემთვის მისაღები გახდა, ამარჩევინა გზა, რომელსაც გავივლი, როგორც ინდივიდუალიზმის, თავისუფლების, სამართლიანობის და რაც ყველაზე მთავარია განსხვავებული აზრებისა და ადამიანების შემწყნერებლობის მომხრე და დამცველი, ლიბერალიზმიც ხომ დიდწილად ამას გულისხმობს.

 

ნანა ბერუაშვილი

 

 

 

 

 

 

Advertisements

Posted on October 27, 2010, in საზოგადოება. Bookmark the permalink. Comments Off on ’’შესავალი თანამედროვე აზროვნების’’ წინააღმდეგ და დასაცავად.

Comments are closed.

%d bloggers like this: