ვაცლავ ჰაველი: ზნეობრივი პოლიტიკის სახე

 

 

 

 

ნანა ბერუაშვილი, 2011

“…..ვისაც აქვს გული და გემოვნების შეგრძნება, მას შეუძლია წარმატებული პოლიტიკოსი გახდეს და უფრო მეტიც, ის პოლიტიკისათვის არის შექმნილი’’…..

საბჭოთა კავშირში ’’პერესტროიკის’’ დაწყებასთან ერთად, ჩეხოსლოვაკიაში გააქტიურდა ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც სერიოზულ მასშტაბებს იძენდა. 1988 წლიდან ვაცლავ ჰაველი იკვეთება , როგორც ოპოზიციის ლიდერი , რომელიც ნელ-ნელა ეროვნულ ლიდერადაც გადაიქცა.
1988 წელსვე, იგი პირველად გამოდის ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიით,მილიონობით მაყურებლის წინაშე. ვაცლავ ჰაველის პოპულარობა მკვეთრად იზრდება. იგი მტკიცე ნებას გამოთქვამდა ქვეყანა დაბრუნებოდა ევროპულ ოჯახს.”ჩვენი სურვილია, ვიცხოვროთ თავისუფალ, შემოქმედებითსა და აღორძინებულ ჩეხოსლოვაკიაში. გვინდა დავუბრუნდეთ ევროპას და არასოდეს ვუღალატებთ ჩვენს იდეალებს…”(ვაცლავის ხმა,1989 წლის 14 ნოემბერი)
’’მალე კომუნისტურ რეჟიმს დავამხობთ’’, მისი ეს სიტყვები გამართლდა კიდეც. 1989 წლის მშვიდობიანმა, ’’ხავერდოვანმა რევოლუციამ’’ ჩეხოსლოვაკიაში, ბოლო მოუღო საბჭოთა რეჟიმს. ვაცლავ ჰაველი რევოლუციის ავანგარდში მოექცა, როგორც სახალხო მოძრაობის ლიდერი. მალევე პარლამენტის ერთხმად არჩევის შედეგად ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ხდება. სხვათაშორის, თავის ბოლო წიგნში ’’გთხოვთ, მოკლედ’’, აღნიშნავს: ’’ რაც უფრო ვშორდები იმ მოვლენებს, სულ უფრო მეტად მეჩვენება, რომ უკანასკნელი ვიყავი მათ შორის, ვინც იდეას ჩემი პრეზიდენტობის შესახებ სერიოზულად მოეკიდა’’. პრეზიდენტია იქამდე, სანამ ჩეხოსლოვაკია ორად გაიყოფა, ხოლო შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის პრეზიდენტად ირჩევენ.
ჩეხოსლოვაკიის გაყოფასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, – ’’საწყენია, რომ სლოვაკებმა ჩვენთან ერთად ცხოვრება არ მოინდომეს, თუმცა, რაკი რეფერენდუმმა დაადასტურა, რომ ეს ხალხის ნებაა, მას უნდა პატივი ვცეთ!’’
ისტრორიამ აჩვენა, რომ ეს მშვიდობიანი ’’გაყრა’’ ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა იმ პერიოდში, დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ჰაველი ბრძნულად მოიქცა. სწორედ მისი წყალობაა, რომ მოვლენები იუგოსლავური სცენარით არ განვითარდა.
დრამატურგი, ესსეისტი, ’’ქარტია 77 ის’’ თანაავტორი, ადამიანის უფლებათა დამცველი, დისიდენტი, ადამიანი, რომელიც წარსულში საბჭოთა კავშირს სასტიკად ებრძოდა და რომელიც ამის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული. პოლიტიკოსი, რომლის მოღვაწეობაც გულიდან წამოსულ პოლიტიკაზე, ზნეობაზე და მორალზეა დაფუძნებული და არა ეგოისტურ, პრაგმატულ ინტერესებზე და რაღაცა თეზისებზე.
მისი მიმართვები, ხედვები, ყოველთვის გამორჩეულად ადამიანური პოლიტიკის სულისკვეთებას გამოხატავდა. ამ პოლიტიკის გატარება კი, ჰაველს, არაადამიანური იდეოლოგიის ათწლოვანი მმართველობის შემდეგ, განსაკუთრებით სურდა.
ადამიანი, რომელსაც უყვარს პოლიტიკა, ანუ ხალხის სამსახურში უანგაროდ ყოფნა. მის თითეულ სიტყვაში იგრძნობა ფაქიზი დამოკიდებულება და დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი საქმისადმი, საზოგადოების კეთილდღეობაზე ფიქრისადმი.
’’პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ტექნოლოგია, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს ხალხის სამსახურს,რამდენადაც შესაძებელია უანგაროს,გარკვეულ იდეალებზე დაფუძნებულს,რომელიც ზრუნავს ჩვენზე მაღლა მდგომ ზნეობრივ პრინციპებზე,ხელმძღვანელობს კაცობრიობის გრძელვადიანი ინტერესებით და არა მხოლოდ საზოგადოების წუთიერი სურვილებით. მსახურებას, რომელიც უარს აცხადებს ამა თუ იმ კერძო და პრაგმატული ინტერესების სათამაშოდ გადაქცევაზე, რომელთა უკანაც საბოლოოდ იმალება მხოლოდ ერთი რამ: მცდელობა ნებისმიერ ფასად საჭესთან დარჩენისა’’

ამ აზრს ვაცლავ ჰაველი ყველაზე უკეთ და ღრმად, ალბათ, ’’ზაფხულის ფიქრებში’’ ავითარებს, სადაც მთელი სიცხადით ჩანს პოლიტიკოსის გულწრფელი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, კარგი პოლიტიკოსისადმი. ეს და ასევე შემდგომი მონაკვეთი, ყველაზე დიდი საპირისპირო არგუმენტიცაა, მათთვის, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, პირიქით და ეს ვაცლავ ჰაველმა საკუთარი საქმიანობის მაგალითზე დაამტკიცა.

’’ტყუიან ისინი, ვინც გვიმტკიცებენ, თითქოს პოლიტიკის არსი ძალაუფლებით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა და არა ზნეობა. პოლიტიკანობას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. პირველს კი შეუძლია მეორის ჩანაცვლება, მაგრამ შედეგი ხანმოკლე იქნება. საუკეთესო შემთხვევაში პოლიტიკანი შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და ეს მისი კარიერის გვირგვინი და დასასრული იქნება. საეჭვოა, რომ კაცობრიობა ამით უკეთესი გახდეს. ნამდვილი პოლიტიკა კი, იგი ღირსია, ასე იწოდებოდეს, არის ერთადერთი, რასაც მზად ვარ, მთელი ჩემი ძალები შევწირო. იგი მოძმეთა ჩვეულებრივ სამსახურში, საზოგადოების სამსახურში და იმათ სამსახურში მდგომარეობს, ვინც ჩვენს შემდეგ იცხოვრებს. ასეთი პოლიტიკა ზნეობრივია, ვინაიდან მასში ხორციელდება საყოველთაო ურთიერთპასუხისმგებლობა…’’
როგორც ვხედავთ, სწორედ ამ კონტექსტში ხედავს ვაცლავ ჰაველი ზნეობას პოლიტიკაში, და არა , როგორც ბევრი პრაგმატულად მოაზროვნე ფიქრობს, უტოპიურ აზრებში.
ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც საკუთარი ცხოვრების გზას პოლიტიკურ სარბიელზე ხედავენ, ვაცლავ ჰაველის გზა, მისი ხედვები, იდეალები მისაბაძი და გასათვალისწინებელია. არ შეიძლება, გიყვარდეს პოლიტიკა და არ ეთანხმებოდე აზრებს, რომლების ციტირებასაც აქ მოვიყვან.

’’პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე. ბინძურები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებულნი. მე მხოლოდ იმას ვუშვებ, რომ ადამიანების მოღვაწეობის ეს სფერო უფრო მეტად უბიძგებს ადამიანს სიბინძურისკენ, ვიდრე სხვა საქმიანობა. შესაბამისად, პოლიტიკა ადამიანისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. არ არის მართალი, თითქოს პოლიტიკოსისთვის გარდაუვალია სიცრუე და ინტრიგობის ქსელის გაბმა, ამ სისულელეს ის პირები ავრცელებენ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ცდილობენ, მოსწყვიტონ ადამიანები საზოგადოებრივ საქმიანობას. ერთი სიტყვით, ვისაც აქვს გული და გემოვნების შეგრძნება, მას შეუძლია წარმატებული პოლიტიკოსი გახდეს და უფრო მეტიც, ის პოლიტიკისათვის არის შექმნილი.
პოლიტიკის საფუძველია არა სიცრუე, არამედ პოლიტიკური ალღო, რომელიც გვკარნახობს, ვისთან, სად და როგორ მოიქცე. არ არის მართალი, თითქოს მტკიცე პრინციპები პოლიტიკისათვის მიუღებელია. საჭიროა მტკიცე პრინციპებს მოვახმაროთ მოთმინება, საღი აზროვნება, ზომიერების გრძნობა და სურვილი, გაუგო სხვა ადამიანს’’.

ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც მისი არ სჯეროდათ, ალბათ იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინათ პოლიტიკოსი ასეთი ადამიანური სახით ყალბი არ ყოფილიყო.
ვაცლავ კლაუსი ერთ-ერთი მათგანია. მან 2001 წელს აღნიშნა: ’’ არ მჯერა მისი სიტყვების, მისი ფასეულობების, მისი საქმის. არ მესმის მისი სამოქალაქო საზოგადოების. ჩემთვის ეს ცარიელი ფრაზაა… მასზე უფრო ელიტური მთელ ცხოვრებაში არავინ მინახავს. მე ჩვეულებრივი კაცი ვარ. ის კი არა”.
’’და მაინც, მსგავსი საგულისხმო გამონაკლისების გარდა, ყველა უყოყმანოდ აღიარებს ჰაველის მორალური და პოლიტიკური მიღწევების მასშტაბს, მის როლს ევროპის ახლებურად ფორმირებაში. ქვეყანას, რომელმაც თავისი საუკეთესო მოაზროვნეები დეპორტაციების, ჰოლოკოსტის, დევნის, ემიგრაციის და რეპრესიების გამო დაკარგა, ჰაველმა ჩეხური იდეალიზმისა და მომავლის განცდა დაუბრუნა. ჯერ დისიდენტის, შემდეგ კი, პრეზიდენტის რანგში ჰაველი აღმოჩნდა ჩეხეთის ყველაზე მკაფიო ხმა სამოქალაქო თავისუფლების და ადამიანის უფლებების აღდგენისა და საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებისთვის; იმ დროს, როცა პოსტ-კომუნისტური აპათია და სიხარბე პიკს აღწევდა. ჰაველი იყო სცენარისტი და ესეისტი, რომელიც წერდა ისე, თითქოს, ცენზურა არც არსებობდა; და როცა ის გახდა პოლიტიკოსი, იქცეოდა ისე, თითქოს, მისი პატარა ქვეყნის პირდაპირი მისია ევროპაში ახალი წესრიგის დამყარება იყო. ჰაველის მორალური ავტორიტეტის და მორალური შარმის დამსახურება იყო ის, რომ საზოგადოებაზე უსაზღვრო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტონი ბლერი, ბილ კლინტონი, სხვა დიდი სახელმწიფოების ლიდერები – ჰაველი უდიდეს გავლენას თითოეულ მათგანზე ახდენდა. ნატოს კონცეფციის ახლებური განსაზღვრა და სწრაფი გაფართოებაც მეტწილად ჰაველის დამსახურება იყო.’’
ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს ვაცლავ ჰაველს დევიდ რემნიკი, თავის ცნობილ სტატიაში ’’წასვლა სასახლიდან: ვაცლავ ჰაველი’’, სადაც პოლიტიკოსის განვლილი გზა, (არა მარტო პოლიტიკური, რა თქმა უნდა) ცალსახად დადებით პრიზმაში აქვს განხილული, ალბათ სხვაგვარად არც შეიძლება დაწერო.
ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტს 2003 წელს გამოეთხოვა და პოლიტიკური არენაც დატოვა, თუმცა მისი დამოკიდებულება სხვადასხვა პოლიტიკური თემებისადმი კვლავაც ძალიან საინტერესოა ფართო საზოგადოებისთვის. იგი დღესაც, თანამებრძოლებთან ერთად, ხმამაღლა მოუწოდებს ევროპას, რომ გაითვალისწინოს ისტორიის გაკვეთილები, ანუ თავიდან აირიდოს იმ შეცდომების გამეორების რისკი, რომლებიც შავ ლაქად აცხია მეოცე საუკუნეს. ’’ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს’’ 22 სექტემბერს ვაცლავ ჰაველისა და მისი თანამოაზრეების მიერ გამოცემული ღია წერილი, რომელიც ერთდროულად გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის “გარდიანში”, იტალიის “კორიერე დელა სერაში”, გერმანიის “ველტში”, საფრანგეთის “მონდში”, ჩეხეთის “მლადა ფრონტა დნესში”, ღია და პირდაპირ გზავნილებს უგზავნის ევროკავშირს, რომელმაც ყოველი ღონე უნდა იხმაროს ძლიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობას არ შესწიროს პატარა ქვეყნის ინტერესები, რომელსაც დახმარება სჭირდება. ევროკავშირი, რომელიც მიუნხენის გარიგებისა და რკინის ფარდის ცდუნებათა საწინააღმდეგოდაც შეიქმნა ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რომ არ დაუშვას ტრაგიკული ისტორიის გამეორება, რომელიც დღეს, რუსეთის ხელით, ახალ ბერლინის კედელს ავლებს, ახლა უკვე სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. დაახლოებით ასეთი სულისკვეთებისაა აღნიშნული ღია წერილი…

ის გამორჩეული პრეზიდენტი იყო, ჰაველმა შექმნა მყარი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დღეს ევროპული ოჯახის თვალსაჩინო წევრია.
ზოგს მიაჩნია, რომ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში, ბევრი მას უკვე უწოდებს მითად ქცეულ პრეზიდენტს, ჩემი სუბიექტური აზრით, ერთიც და მეორე შეფასებაც კარგად მიესადაგება ადამიანს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ფურცელი დაწერა ჩეხი ხალხის და მთელი ევროპის ისტორიაში.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუ კი იგი ღირსეული და პრინციპული პიროვნებაა, საკუთარი იდეალებისადმი ერთგული, იყოს ღირსეული პოლიტიკაშიც, ეს არის ყველაზე მთავარი რამ, რაც ჩანს ვაცლავ ჰაველის, როგორც პიროვნების და როგორც პოლიტიკოსის განვლილი გზიდან.

Advertisements

Posted on აპრილი 24, 2010, in პოლიტიკა, პოლიტიკოსები. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

%d bloggers like this: