’’გმირი ფინეთი’’

…………………………………………………………………..

უინსტონ ჩერჩილი

      საღერღელაშლილი საბჭოეთი ითხოვდა: კარელიის ყელზე ფინეთის საზღვრის კარგა მანძილით გადაწევას,რათა ლენინგრადი მტრის არტილერიის სამიზნედ არ დარჩენილიყო;ფინეთის სრუტეში განლაგებული ზოგიერთი ფინური კუნძლის დათმობას; მეთევზეთა ნახევარკუნძულის იჯარით გაცემას ფინეთის ერთადერთი გაუყინვადი პეტსამოს ნავსადგურით  ჩრდილოეთის ზღვაში;და რაც მთავარია,ამ ყველაფერს აგვირგვინებდა საბჭოეთის მოთხოვნა ფინეთის სრუტის მისადგომებთან ხანკოს პორტის იჯარით გაცემისა იმ მიდამოებში რუსული სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების გასამართავად. ფინელები მზად იყვნენ ყველაფერი დაეთმოთ,ოღონდ ამ ბოლო პუნქტს ვერ დათმობდნენ.მათ მიაჩნდატ,რომ იმ წუთიდან,როგორც კი ფინეთის სრუტის გასაღები რუსებს ჩაუვარდებოდათ ხელთ,ფინეთის სტრატეგიულ და ეროვნულ უსაფრთხოებას წერტილი დაესმეოდა.

13 ნოემბერს მოლაპარაკებები ჩაიშალა და ფინეთის მთავრობა შეუდგა კარელიის ზღვაზე თავისი ჯარების მობილიზებასა და გაძლიერებას.28 ნოემბერს მოლოტოვმა  მოახდინა დენონსაცია ფინეთსა და რუსეთს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტისა.ორი დღის შემდეგ რუსებმა იერიში მიიტანეს ათას მილზე გადაჭიმულ ფინეთის ფრონტზე განლაგებულ რვა პუნქტზე.იმავ დილით წითელმა სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი.

რუსები პირველ რიგში კარელიის ზღვაზე განლაგებულ ფინელ მესაზღვრეთა გამაგრებებს შეესივნენ.ისინი მოიცავდნენ გამაგრებულ ზონას,რომლის სიღრმე ოც მილს აღწევდა და თოვლის სქელი საბურველით დაფარულ ტყიან ფართობზე გადაჭიმულიყო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.ეს გამაგრებები ’’მანერჰაიმის ხაზადაა’’ სახელწოდებული,იმ ცნობილი ფინელი მთავარსარდლის პატივსაცემად,1917 წელს ფინეთი ბოლშევიკთა ბატონობისგან რომ იხსნა. მცირერიცხოვან,შეუპოვარი სულისკვეთების მქონე და დიდად ცივილიზებულ ერზე ვეებერთელა საბჭოთა სახელმწიფოს თავდასხმით გამოწვეული აღშფოთება ინგლისში,საფრანგეთში და კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით,ამერკის შეერთებულმა შტატებში,მალე გაოცებითა და ნუგეშიანი განწყობილებით შეიცვალა. ბრძოლის პირველ კვირებს წარმატება არ მოუტანია საბჭოთა ჯარებისთვის,რომლებიც თავდაპირველად თითქმის მთლიანად ლენინგრადის გარნიზონით იყვნენ დაკომპლექტებული.ფინეთის არმიამ,რომლის სრული საბრძოლო შემადგენლობა 200000-მდე კაცს თუ მიითვლიდა,თავი ისახელა.რუსული ტანკები მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ,-მათ დაუშინეს ახალი ტიპის ხელყუმბარები,რომლებსაც მალე ’’მოლოტოვის კოქტეილი’’ შეარქვეს.

შესაძლოა,საბჭოთა მთავრობა სამხედრო მსვლელობაზე ამყარებდა იმედს.არცთუ მაინცდამაინც ძლიერი საჰაერო იერიშები,ჰელსინკსა და სხვა უბნებზე რომ განახორციელეს თავდაპირველად,შიშის დასათესავად იყო გამიზნული.თავიდან საბჭოთა ჯარები რიცხობრივად ბევრად სჭარბობდნენ მოქიშპეს,მაგრამ ბრძოლისუნარიანობით და მომზადებით ჩამორჩებოდნენ. საჰაერო თავდასხმებმა და მათ მიწა-წყალზე შემოჭრამ ბრძოლის ჟინი გაუღვივა ფინელებს.ერთ მუშტად შეიკვრნენ აგრესორის წინააღმდეგ და უაღრესად შემართულებმა,დიდოსტატური ბრძოლა გააჩაღეს. მართალია,პეტსამოსკენ დაძრულ რუსულ დივიზიას მაინცდამაინც არ გაუჭირდებოდა ამ რაიონის დამცველი  700 ფინელის უკუქცევა,მაგრამ ფინეთის ’’წელის იერიში’’ დამღუპველი აღმოჩნდა მომხვდურთატვის. ეს ადგილი ალაგ-ალაგ შეფერდებული,თითქმის მთლიანად ფიჭვნარია, იმხანად კი თოვლის მკვრივი საფარველით დაფარულიყო. სუსხი ძვალ-რბილში ატანდა.ფინელებს თხილამურებისა და თბილი ფორმის ტანსაცმლის დიდი მარაგი ჰქონდათ,უსებს კი არც ერთი ჰქონდათ და არც მეორე. უფრო მეტიც,ფინელები აღმოჩნდნენ შეუპოვარი მებრძოლები და შესანიშნავი მზვერავები-მშვენივრად მომზადებულნი ტყეში საბრძოლველად.რუსები ამაოდ ამყარებდნენ იმედს რიცხობრივ უპირატესობასა და უფრო მძიმე შეიარაღებაზე.მთელ ამ ფრონტზე ფინელ მესაზღვრეთა ნაწილები ნელ-ნელა იხევდნენ უკან,რუსთა კოლონების მიერ დევნილნი,მაგრამ როგორც კი რუსები 30 მილის სიღრმეზე შეიჭრებოდნენ,ყოველი მხრიდან თავს ესხმოდნენ ფინელები. ეს კოლონები ტყეებში ფინურ თავდაცვით ნაგებობებს აწყდებოდნენ და დღითა თუ ღამით უმოწყალო იერიშების ობიექტები ხდებოდნენ. გადაიკეტა მათი კომუნიკაციები ზურგში.მათი კოლონები წყდებოდა,ან კიდევ,ბედი თუ გაუღიმებდათ,მძიმე დანაკლისით ბრუნდებოდნენ შინ.დეკემბრის ბოლოსთვის ჩაიფუშა რუსების მთელი ეს გეგმა ’’წელის იერიშისა’’.

იმავდროულად არც ’’მანერჰაიმის ხაზის’’ იერიშის საქმე მიდიოდა უკეთ კარელიის ყელზე.ლადოგის ტბის ჩრდილოეთით ორიოდე საბჭოთა დივიზიის მიერ წამოწყებული გარშემოვლითი მსვლელობა ისევე დასრულდა,როგორც ოპერაცია შორეულ ჩრდილოეთში. ’’მანერჰაიმის ხაზის’’ წინააღმდეგ თორმეტამდე დივიზია ახორციელებდა მრავალგზის მასირებულ იერიშს,დეკემბრის ბოლოს რომ დაიწყო და მთელ თვეს გასტანა. საარტილერიო დაბომბვა საკმარისი არ აღმოჩნდა.რუსებს ,ძირითადად მსუბუქი ტანკები ჰყავდათ და მათი არაერთგზისი ფრონტალური იერიშები მოიგერიეს.რუსებმა მძიმე დანაკლისი განიცადეს,წარმატებას კი ვერა და ვერ მიაღწიეს.წარუმატებლობამ მთელს ფრონტზე,წლის ბოლოს დაარწმუნა საბჭოთა მთავრობა,რომ მას საქმე ჰქონდა ისეთ მეტოქესთან,როგორსაც სულ არ ელოდა.ამიტომაც გადაწყვიტა,მეტი ძალისხმევით შესდგომოდა საქმეს. იგი მიხვდა,რომ ჩრდილოეთში,მთიან ადგილებში,ისინი მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობით ვერ  დაჯაბნიდნენ უკეთ გაწვრთნილ და ტაქტიკურად უფრო მოქნილ ფინელებს. ჰოდა,მოისაზრა,თავი მოეყარა თავისი ძალებისთვის და ’’მანერჰაიმის ხაზი’’ საალყო ბრძოლის მეთოდით გაერღვია,რაც მასირებული არტილერიის და მძიმე ტანკების სიმძლავრის სრულად გამოყენების საშუალებას მისცემდა.ეს გვარიან მომზადებას საჭიროებდა,ამიტომ წლის ბოლოს ფინეთის მთელ ფრონტზე შეწყდა საბრძოლო მოქმედებანი და ფინელებმა გვარიანად დაჯაბნეს თავიანთი ძლევამოსილი მეტოქე.

ამ საკვირველმა ამბავმა შვება მოჰგვარა მთელს მსოფლიოს-როგორც მებრძოლ,ისე ნეიტრალურ ქვეყნებს.წითელ არმიას ამ მარცხმა გვარიანად გაუტეხა სახელი.ინგლისის გარკვეულ წრეებში ბევრი მიიჩნევდა,რომ მოსალოცად გვქონდა საქმე,ვინაიდან არცთუ დიდად გავრჯილვართ საბჭოეთის ჩვენს მხარეზე მოსაქცევად.ჰოდა საკუათარი შორსმჭვრეტველობა გვეამაყებოდა.ხალხმა მყის დაასკვნა,რომ წმენდამ დაღუპა რუსეთის არმია და რომ ეს ყველაფერი ადასტურებდა რუსთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის ორგანულ დამყაყებასა და რღვევას. ამ თვალსაზრისს არა მარტო ინგლისში იზიარებდნენ.უეჭველია ჰიტლერიც,მთელი მისი გენერალიტეტით,მწარედ ჩააფიქრა ფინეთის გაკვეთილმა,რომელმაც დიდი როლი შეასრულა მის განზრახვათა ჩამოყალიბებაში.

Advertisements

Posted on April 6, 2010, in პოლიტიკა. Bookmark the permalink. Comments Off on ’’გმირი ფინეთი’’.

Comments are closed.

%d bloggers like this: