ენერგეტიკა,ახალი ’’იარაღი’’ რუსეთის ხელში

ნანა ბერუაშვილი

 ევროკავშირის  ამბიციები დღეს რეალურად სცდება ერთი რეგიონის ინტერესებს,მისი სამოქმედო არეალი და ინტერესის სფერო გაცილებით ფართოა,ვიდრე მხოლოდ ევროპის კონტინენტი.ეს ბუნებრივიცაა რა თქმა უნდა.იგი არ არის როგორც მორავჩიკი ამბობს მხოლოდ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მთავარი სავაჭრო ფორუმი.’’ევროკავშირი მეტია ვიდრე ორგანიზაცია და ნაკლებია,ვიდრე სახელმწიფო’’.

სტატია შეეხება სწორედ იმ სირთულეების წარმოჩენას,რის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი,როგორც ერთიანი აქტორი.აქცენტი გაკეთდება ევროკავშირ-რუსეთის ენერგეტიკულ ურთიერთობებზე.

ევროკავშირისთვის საკმაოდ სახიფათოა ერთ ენერგომომწოდებელზე დიდწილად დამოკიდებულება,რაც ამ ენერგომომხმარებლის მხრიდან არ გამორიცხავს ენერგორესურსების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას,ევროპის წინააღმდეგ.

დღეს რუსეთის ფედერაცია ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორია.იგი ევროპას საჭირო გაზის რაოდენობის დაახლოებით 30 % ს აწვდის. ბუნებრივია რუსეთის გაზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებისთვის,ისევე როგორც რუსეთისთვისაა მნიშვნელოვანი თავისი გაზი გაყიდოს ევროპის ბაზარზე.

აღსანიშნავია,რომ რუსეთი ბუნებრივ აირს ევროპას ორი მთავარი და რამდენიმე განშტოებული მილსადენის მეშვეობით აწვდის. პირველი არის ’’იამალო-ევროპა’’.იგი იამალო ნენეციის ოლქის საბადოებიდან მოდის,გაივლის ბელორუსიას,გერმანიას და პოლონეთს.მილსადენის ერთი განშტოება ბალტიის რესპუბლიკებში შედის.მისი გამტარუნარიანობა 45 მლრდ.კუბ.მ-ია წელიწადში.

მეორე მილსადენია ’’ურენგოი-უჟგოროდი’’,რომელიც უკრაინის გავლით აწვდის გაზს ევროპის ქვეყნებს.მისი გამტარუნარიანობა დაახლოებით 45 მლრდ.კუბ.მ-ია წელიწადში.’’ურენგოი-უჟგოროდი’’ს ხაზზეა მიერთებული თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან წამოსული მილსადენი,რომლის მეშვეობითაც ევროპაში თურქმენული გაზი იყიდება. ’’ეს მილსადენები საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოქმედებს.’’ურენგოი-უჟგოროდი’’ს ერთ-ერთი განშტოება ე.წ ’’ცისფერი ნაკადი’’ ნოვოროსიისკიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთში შედის.მილსადენი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ამოქმედდა,მას წელიწადში 30 მლრდ.კუბ.მეტრი გაზის გატარება შეუძლია.

რუსეთ-ევროკავშირის პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში თან ახლავს რისკებიც,რაც დაკავშირებულია რუსეთის,როგორც მზარდი ამბიციების მქონე გაზის მონოპოლისტის მისწრაფებებთან.ასევე,აქვე აღსანიშნავია,რომ,ის კანონები,რომელიც ერთიანი ევროპის ლიბერალური ეკონომიკისთვის ნორმადაა ქცეული,რუსეთის ფედერაციისთვის უცხო და შეუთავსებელია.

ოცდამეერთე საუკუნეში ბუნებრივი აირი რუსეთის ხელისუფლების ხელში მძლავრი პოლიტიკური იარაღი გახდა.ამას მოწმობს განსაკუთრებით 2003 წლის პუტინის რუსეთის დროს მიღებული რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგია,სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რუსეთის,როგორც ენერგომონოპოლისტის ამბიციები.

ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი განცხადებაც მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას,რომ ენერგიის სფეროში წამყვანი პოზიციების დაკავებას და შენარჩუნებას რუსეთის ინტერესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

’’ჩვენი კეთილდღეობა დღეს და მომავალში დამოკიდებული იქნება იმაზე,თუ რა ადგილს დავიმკვიდრებთ ენერგიის სფეროში კონკურენციაში’’ვ.პუტინი

დიდი გამოწვევაა ევროპისთვის რუსეთის ’’დაყავი და იბატონეს’’ ტიპის პოლიტიკა,რაც აისახება იმაში,რომ რუსეთი უპირატესობას ანიჭებს არა ერთიან ევროკავშირთან,არამედ მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ თანამშრომლობას,მეორეს მხრივ გამოწვევაა ევროკავშირისთვის,როგორც ერთიანი აქტორისთვის ის გარემოება,რომ მისი ცალკეული წევრი ქვეყნები თავისი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარი ეროვნული ინტერესების გადმოსახედიდან ცდილობენ.

ამის ნათელი მაგალითია ის,რომ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ახლადგანხორციელებული,თუ სამომავლო პროექტები არა მთელი ევროპის,არამედ ქვეყნების ცალკეული ჯგუფების  ინტერესებში შედის.ამიტომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დღეს სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.რუსეთის ენერგორესურსებზე მაქსიმალური დამოკიდებულება საჭიროებს მოწოდების სრულ,თუ არა ნაწილობრივ დივერსიფიკაციას მაინც. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სულ უფრო მატულობს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე და ეს ყოველივე განაპირობებს არსებული მომწოდებლის გარდა კიდევ ახალი,ალტერნატიული პარტნიორების პოვნის გზების ძიებას.ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია ევროკავშირის ქვეყნების ერთიანი ხედვა,საერთო სტრატეგია,ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ამ ყოველივეს სიძნელე კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდება,როდესაც რუსეთის ენერგეტიკული პროექტების განხილვაზე გადავალ.

დღეს ცალსახა ფაქტია ის,რომ შეთანხმებული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის,რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს იგი,ევროკავშირს მართებს მაქსიმალური ძალისხმევის მობილიზება ამ საკითხისკენ.

რუსულ-ევროპულმა ენერგოდამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი პრობლემური ასპექტები წარმოაჩინა მაშინ,როდესაც 2006 წლის იანვარში უკრაინის გაზის კრიზისი წარმოიშვა.შემდეგ ასევე რუსეთ-უკრაინას შორის მოხდა მორიგი უთანხმოება 2009 წლის იანვარში.ამ პერიოდში რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა,მის ტერიტორიაზე ტრანზიტის ჩათვლით,რამაც ავტომატურად გამოიწვია სამი კვირის მანძილზე გაზის გათიშვა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.

ამ მოვლენებმა ნათელი გახადა ის ფაქტი,რომ რუსეთს ძალა შესწევს გამოიყენოს ენერგობერკეტები,როგორც თავისი საგარეო პოლიტიკის შემადგენელი კომპონენტი. წარმოჩინდა ევროკავშირის სისუსტე და საფრთხე,რომლის წინაშეც დგას იგი. რუსეთ-უკრაინის ’’გაზის ომმა’’ კიდევ უფრო უტყუარი გახადა ის გარემოება,რომ ევროკავშრისთვის დიდი რისკის მატარებელია საერთო ხედვის,ერთიანი ევროპული სტრატეგიის გაუმართაობა ენერგეტიკის საკითხში.

ბევრი სირთულის და წინააღმდეგობის ფონზე,განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ’’გაზის ომი’’ს შემდეგ,რომლიდანაც ევროპა ალბათ ყველაზე მეტად დაზარალებული მხარე გამოვიდა,ევროკავშირში სულ უფრო აქტიურად  დაიწყეს ’’ნაბუკო’’ს გაზსადენის პროექტის ლობირება. ამ გაზსადენის მეშვეობით ევროკავშირი გეგმავს დაუკავშირდეს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს,ანუ იგი კასპიის ზღვას აზერბაიჯანის,ასევე საქართველოს,თურქეთის,ბულგარეთის,უნგრეთის,რუმინეთის და ავსტრიის გავლით ევროპასთან დააკავშირებს.გაზსადენი ძირითადად შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირით შეივსება,ასევე იგეგმება თურქმენული და ყაზახური გაზით შევსებაც.პროექტის ღირებულება დაახლოებით 7,9 მლრდ.ევროს შეადგენს.როგორც ევროპელები მიიჩნევენ,’’ნაბუკო’’ ევროპაში ’’გაზპრომის’’ ფაქტობრივი მონოპოლიის მოსპობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მცდელობაა.

გაზსადენი მისი რეალიზაციის შემთხვევაში ევროპის მოთხოვნილების საერთო მოცულობის 10 % ს დააკმაყოფილებს.დაახლოებით 31 მლრდ.კუბ მეტრი გამტარობის იქნება.სიგრძე დაახლოებით 3 000 კმ.მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ ’’ნაბუკო’’ ერთი მიმწოდებლის,ან სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არ იქნება.

ევროპა ’’ნაბუკო’’ში საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრეს ინსტრუმენტს ხედავს.თუმცა პროექტის განხორციელებას წინ მრავალი წინააღმდეგობა ეღობება. აღსანიშნავია,რომ თუნდაც ’’ნაბუკო’’ ს განხორციელების შემთხვევაში ’’გაზპრომი’’ მაინც გაზის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად დარჩება(განსაკუთრებით ჩრდილოეთის ნაკადის ამოქმედების შემდეგ,რომელსაც ამავე სტატიაში მიმოვიხილავ)

იმ ფონზე,როდესაც ევროპის ქვეყნები ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისკენ მიისწრაფიან,რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ამ პოლიტიკას საკუთარი ინდივიდუალური პროექტები დაუპირისპიროს.

რუსეთის უმნიშვნელოვანესი მცდელობა ამ კუთხით არის ’’სამხრეთის ნაკადი’’.ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ რუსეთის პროექტი ’’სამხრეთის ნაკადი’’ ’’ნაბუკო’’ს არ ეჯიბრება.თუმცა ’’სამხრეთის ნაკადს’’ დღეს სწორედ ’’ნაბუკოს’’ მთავარ კონკურენტად მოიაზრებენ.

’’სამხრეთის ნაკადი’’ არის რუსულ-იტალიური პროექტი და ითვალისწინებს ევროპისთვის  რუსული გაზის მიწოდებას შავი ზღვის გავლით.(შეთანხმება გაზპრომსა და იტალიურ ENI ს შორის) გაზსადენის ღირებულება დაახლოებით 10 მლრდ.ევრო ჯდება.მისი მეშვეობით რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებში შეინარჩუნებს და გაზრდის ენერგომომარაგების სფეროში დომინანტურ როლს.’’სამხრეთის ნაკადი’’ სულ მცირე ექვს ქვეყანაზე გაივლის.მილსადენის სიგრძე დაახლოებით 2000 კმ. იქნება,აქედან 900 კილომეტრი შავი ზღვის ფსკერზე 2 კილომეტრის სიღრმეზე გაივლის.მილსადენი რუსეთის ქალაქ ბერეგოვოიდან შავი ზღვის ბუგარულ პორტ ვერნაში ჩავა. ’’სამხრეთის ნაკადის’’ მილსადენი შემდეგ ორად გაიყოფა,სამხრეთ დასავლეთის განშტოება საბერძნეთში და შემდეგ იონის ზღვის გავლით იტალიაში წავა,ხოლო მეორე ნაწილი სერბეთისა და უნგრეთის გავლით ავსტრიაში ჩავა.( აღსანიშნავია,რომ ავსტრია ამ ეტაპზე ’’ნაბუკო’’ს ანიჭებს უპირატესობას,თუმცა რუსეთმა რაამდენიმე თვის წინ სლოვენიასთან მოაწერა წინასწარ შეთანხმებას ხელი,რამაც შესაძლოა ავსტრია გამორიცხოს პროექტიდან)

დღევანდელი სიტუაციის შეფასება შეიძლება შემდეგნაირად: ’’ნაბუკო’’სი,ისევე როგორც ’’სამხრეთის ნაკადის’’ განხორციელება,თუ განუხორციელებლობა დამოკიდებულია ერთის მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებულ თანამშრომლობაზე,ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის მცდელობაზე,მოახერხოს საკუთარი ’’დაყავი და იბატონე’’ ს პოლიტიკის მეშვეობით ერთიანი ევროპის რიგებში გაურკვევლობის,შეუთანხმებლობის და ამ ფონზე უპერსპექტივობის დანერგვა,რაც ავტომატურად წინ წამოსწევს რუსეთის ენერგორესურსების მეტ საჭიროებას,სარგებლიანობას და რაც მთავარია უპირატესობას.

ევროპის საკმაოდ ’’გაურკვეველი’’,არამოქნილი ენერგოპოლიტიკის ფონზე,თუ რუსეთის გაცილებით მყარ,მიზანმიმართულ,ამავდროულად აგრესიულ,თუმცა რაციონალურ ინტერესებზე მორგებულ ენერგოპოლიტიკას გავითვალისწინებთ,დიდი ალბათობით სავარაუდოა,რომ ამ ქვეყნის ენერგეტიკული როლი ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება ევროპაზე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტებიც.

  კიდევ ერთი დადასტურებაა ’’ჩრდილოეთის ნაკადი’’,პროექტი,რომლის ღირებულება7 მლრდ.ევროდაა შეფასებული.გაზსადენი გაივლის რუსეთის ქალაქ ვიბორგიდან გერმანულ ქალაქ ლუბმინამდე.პროექტის 51% ’’გაზპრომს’’ ეკუთვნის.რუსეთიდან გერმანიისკენ გაზსადენმა დაახლოებით 55 მლრდ.კუბ. მეტრი გაზი უნდა გაატაროს.’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ განხორციელება,რაც დღეს უკვე აბსოლიტურად  რეალისტურია,რუსეთის ენერგეტიკულ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.პროექტში ჩართვის შესახებ განაცხადა ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ.

პროექტში მონაწილეობისთვის მზადაა ვიქტორ იანუკოვიჩიც,მან ასევე მზაობა გამოთქვა ჩაერთოს ’’სამხრეთის ნაკადის’’ პროექტშიც.

’’ჩრდილოეთის ნაკადს’’ პოლიტიკურად ზურგს გერჰარდ შროდერი უმაგრებს,რომელიც მას შემდეგ რაც კანცლერობიდან წავიდა,გაზპრომის მიერ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნა.კანცლერობის პერიოდში შროდერმა გერმანიის მხრიდან ’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ მხარდაჭერა უზრუნველყო.გერმანია კი რუსულ გაზზე დამოკიდებული გახადა.ბუნებრივია ’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ გერმანიის,ასევე საფრანგეთის,ასევე ფინეთის და ა.შ რუსულ გაზზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პროექტ ’’თეთრ ნაკადს’’.

იგი ’’ნაბუკო’’სთან ერთად ერთმანეთის შემავსებელ,ერთობლივ ძალად განიხილება.’’თეთრი ნაკადის’’ იდეა უკრაინის ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს მიერ იქნა გახმოვანებული.აღნიშნული პროექტი კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირის რუმინეთსა და უკრაინაში ტრანსპორტირებას,ასევე სამომავლოდ ცენტრალური ევროპის მომარაგებასაც ითვალისწინებს.ბუნებრივი აირი სუფსამდე(შავ ზღვამდე) ბაქო-თბილისი-ერზრუმის მეშვეობით(სამხრეთ კავკასიური გაზსადენი)მივა,საიდანაც მისი   რუმინეთში ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით,წყალქვეშა მილის მეშვეობით მოხდება.ანუ,პროექტი გულისხმობს კასპიის რეგიონში არსებული ბუნებრივი გაზის სწრაფ და ეფექტურ ათვისებას. გაზსადენის მშენებლობა გეგმის მიხედვით 2015 უნდა დასრულდეს,მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 8 მლრდ.კუბ. მეტრი იქნება.მოგვიანებით ’’თეთრი ნაკადი’’ შესაძლოა ტრანსკასპიურ გაზსადენს დაუკავშირდეს.ამ შემთხვევაში გაზსადენის მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 24-32 მლრდ.კუბ.მეტრით გაიზრდება.

აღსანიშნავია ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება: იანუკოვიჩის უკრაინის პირობებში ’’თეთრი ნაკადის’’ პროექტის სამომავლო პერსპექტივები გადასახედია.

მთავარი დასკვნა,რომელიც მთელი თემის შიდა აზრში ტრიალებს,არის ის ,რომ ევროპამ უნდა მოახდინოს რაციონალური ენერგოპოლიტიკის წარმოება,რათა მისი ენერგეტიკული ბაზარი საბოლოოდ არ გადაიქცეს ’’გაზპრომის ტყვედ’’და არ გამართლდეს დღეს ერთი შეხედვით საკმაოდ ირონიული სიტყვები:  ’’ თუ ევროპამ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება არ შეამცირა 2016 წლისათვის, მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში მომუშავე რუსები, მთელს ევროპას მკაცრ განაჩენს გამოუტანენ.
“ცისფერ შუშიანი, პირამიდისებურად წაწვეტებული შენობა, გაზის გიგანტურ მონოპოლისტს, რუსულ “გაზპრომს” ეკუთვნის. სწორედ “გაზპრომის” თანამშრომლები 2016 წელს, ევროპის ჯალათები გახდებიან”, – აცხადებენ უცხოელი ექსპერტები.

 სტატია  აგებულია სხვადასხვა ინტერნეტ წყარების და სტატიების საფუძველზე.

P.S ევროკავშირის მაგივრად ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია ტერმინი- ევროპა,არა მთლიანი ევროპის გაგებით ბუნებრივია.

Advertisements

Posted on მარტი 11, 2010, in პოლიტიკა. Bookmark the permalink. Comments Off on ენერგეტიკა,ახალი ’’იარაღი’’ რუსეთის ხელში.

დისკუსია დახურულია.

%d bloggers like this: